კვადრატი – თქვენ გიყვართ საზოგადოების შოკში ჩაგდება. მიღებული ნორმების, წესების წინააღმდეგ გალაშქრება. თავდაყირა აყენებთ ყველაფერს, რაც აქამდე სწორად მიიჩნეოდა. ექსცენტრიკული ტიპი ხართ და ვერ იტანთ, როცა ვინმე ცდილობს რაღაც გასწავლოთ, ან თავისი შეხედულება მოგახვიოთ თავს. განსხვავებულ აზრს, თავდასხმად აღიქვამთ, თქვენი თავისუფლების ხელყოფად. შეიძლება იმის კეთებაზეც კი თქვათ უარი, რის კეთებასაც აპირებდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გირჩიათ სწორედ ის, რასაც აპირებდით. ეს პროტესტის ფორმას იღებს. ხშირად მთავარი მხოლოდ ის ხდება, რომ საწინააღმდეგოდ მოიქცეთ.
ამის გამო პრობლემები გექმნებათ ხალხთან და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საერთოდ შეიძლება გამოეთიშოთ მათ. თქვენი ადგილი ვერ იპოვოთ საზოგადოებრივ ასპარეზზე. შეიძლება ბევრი სამსახური გამოიცვალოთ. ხშირად კარგავდეთ სამსახურს. ან ძალიან არასტანდარტულ საქმეს აკეთებდეთ. გქონდეთ პროფესია, სადაც წინამორბედთა რჩევები არაფერში გამოგადგებათ და მხოლოდ სიახლეებს ნერგავდეთ. გამომგონებელი იყოთ.
მოერიდეთ უპასუხისმგებლო საქციელებს. გააცნობიერეთ, რომ თუკი ადამიანი თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ცდება. ნუ მოიქცევით ჯინაზე. იყავით ის, რაც ხართ და აკეთეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ ამოსავალ წერტილად სხვების საწინააღმდეგო მხარეს ყოფნას ნუ მიიჩნევთ მაინც და მაინც.
ოპოზიცია – თქვენ ძალიან არასტანდარტულ გარემოში აღიზარდეთ. ტრადიციული ოჯახი არ გყავდათ. ადრეული ასაკიდანვე მიიღეთ ემოციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლების მაგალითი, რადგან ან ბევრი მოულოდნელობა, ცვლილებები ხდებოდა სახლში, ან კიდევ დედა მაქსიმალურად ცდილობდა, რაც შეიძლება ადრე მოეცილებინეთ კალთიდან. ასეა თუ ისე, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შინაგანად ძალიან თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. პირადი სივრცე, სადაც თქვენ გარდა არავის ესაქმება, სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენთვის. ვერ იტანთ შეზღუდვებს, ხალხს, რომელიც თქვენთვის საკუთარი აზრების მოხვევას ცდილობს, მასაში არასოდეს გაითქვიფებით. თუკი ურანი დაზიანებულია შეიძლება ემოციურ დონეზე ძალიან არაადეკვატური ადამიანიც იყოთ. თქვენთვის ოჯახი სისხლით ნათესავები კი არა, თანამოაზრეები არიან, სახლი და სამშობლო კი მშობლიური ადგილები კი არა, ადგილებია, სადაც თავისუფლად გრძნობთ თავს. წარმატებასაც სწორედ თავისუფლების ხარისხით ზომავთ. პასუხისმგებლობები, ვალდებულებები გტანჯავთ და თავადაც არ გსურთ ვინმე თქვენზე დამოკიდებული იყოს. ამიტომ თავისუფლებას აძლევთ მათ. ნამდვილი ინდივიდუალისტი ხართ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია