მარსი მედიუმ ქოელის უარყოფითი ასპექტები

    0
    2931

    კვადრატი – თქვენ იქამდე იმუშავებთ საკუთარი თავის წინააღმდეგ, ვიდრე არ მიხვდებით რეალურად ვინ ხართ და რას აკეთებთ. იმპულსური გადაწვეტილებები, წამიერი ახირებები ხელს გიშლით მიზნების განხორციელებაში. ეცადეთ, ცოტა უფრო შორს გაიხედოთ და ის ადამიანები, რომლებიც წინდახედულობისკენ მოგიწოდებენ და ნაბიჯებს გიწუნებენ, თქვენს მტრად არ ჩათვალოთ. გეჩვენებათ, რომ თქვენზე დომინირებას, თავიანთ ჭკუაზე ტარებას ცდილობენ, გიზღუდავენ თავისუფლებას და ვერ ხვდებით, რომ ეს მხოლოდ თქვენი აღქმებია. მუდმივად თავდაცვით პოზიციაში ხართ და პრინციპით ,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა“ ხშირად ქარის წისქვილებთან იბრძვით. ნუ დახარჯავთ ამაზე ენერგიას. გათავისუფლდით შიშებისგან და ვერც ვერავინ შეძლებს საკუთარი სურვილების წინააღმდეგ გატაროთ. უკეთესია თუ დაფიქრდებით საერთოდ რა არის თქვენი ნება? რა გინდათ? იქნებ ისიც აღმოაჩინოთ, რომ ხანდახან მხოლოდ სხვების ჯიბრზე, იმიტომ რომ ისე არ მოიქცეთ, როგორც გეუბნებიან, აკეთებთ თქვენი ნების და სურვილების საწინააღმდეგოდ რაღაცას. ასე იმიტომ ხდება, რომ თავდაჯერება გაკლიათ და გგონიათ თქვენს სისუსტეებს თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ყველა, ვინც თქვენ დახმარებას ცდილობს, მტრად მიიჩნევთ, რადგან ფიქრობთ, თუ გეხმარებათ მერე თავისი წესებით თამაშს მოგთხოვთ.  წარმოდგენაც კი გზარავთ იმის, რომ ვიღაცას თქვენ ცხოვრებაზე, თქვენ ქმედებებზე რაღაც უფლება გააჩნია. უნდა გააცნობიეროთ, რომ ამ ყველაფერს დამუშავება სჭირდება. გაერკვიეთ რა გინდათ და ეცადეთ უფრო ადეკვატური გზა მოძებნოთ წარმატების მისაღწევად.

    ოპოზიცია – სავარაუდოდ, არც ისე მშვიდი ბავშვობა გქონდათ. ოჯახში ბევრი კონფლიქტი იყო, აგრესია, ემოციური განვითარებისთვის მშვიდი გარემო არ შეგექმნათ  და შინაგანად სულ დაძაბული ხართ, სულ აფორიაქებული. ამის გამო იმპულსური გადაწყვეტილებები გჩვევიათ, წამიერი ახირებები, აფეთქებები და დამშვიდებები. თუკი შინაგან სამყაროს დაალაგებთ, ქვეცნობიერ დონეზე კარგად გაიაზრებთ საკუთარ თავს, გაარჩევთ ერთმანეთისგან დროებით ჟინსა და თქვენს რეალურ ნებას, თუკი საკუთარი თავის მიღებას ისწავლით ისეთს, როგორიც ხართ, მაშინ თქვენი ენერგია გაცილებით უფრო ადვილი სამართავი გახდება. ძალიან ძლიერი შინაგანი დრავის წყალობით, მთელი ძალით შეეცდებით მიაღწიოთ იმას, რაც ასე ძალიან გსურთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ, ჯერ კარგად ჩამოსაყალიბებელი გაქვთ რა გსურთ. თქვენი ენერგია ცხოვრების პირველ ეტაპზე სრულიად ქაოტურად და უმისამართოდ შეიძლება იხარჯებოდეს.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია