აქ ლილიტი ძალიან ამბიციურია: მატერიალური ან მორალური ამბიცია. მას ყველა სიტუაციის კონტროლი სურს, უნდა თავისი ძალა ხალხზე თუ ნებისმიერ საქმეში გამოსცადოს, მაგრამ არ შეუძლია. თხის რქა ლილიტი უწესრიგობის დემონიცაა. უკვირს რატომ უნდა დაალაგოს საკუთარი სახლიც კი, როცა ამაში არავინ არ უხდის – აი, მისი ლოგიკა და ვერაფრით გადაარწმუნებ. ვერ იტანს როცა წესრიგისკენ მოუწოდებენ და შეიძლება ამის გამო ძალიან გაწყენინოთ. ბოდიშის მოხდა მისთვის უცხოა. ყოველთვის მართალი ჰქონია თავი. ბრაზდება, როცა ნათესავები, მშობლებისგან თუ მეგობრებისგან ვერ იღებს იმას რაც სურს, ძირითად შემთხვევაში ეს მატერიალური მხარდაჭერაა, ან კიდევ იერარქიული კიბის პირდაპირ თავში შემოსკუპებაში დახმარება.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც კიბის პირველ საფეხურზე დგას და ბრაზდება რომ შემდეგ საფეხურზეა ასასვლელი, რადგან პირდაპირ თავში უნდა მოექცეს. ნუ ელოდებით მისგან მადლობას, მეტს გაუკეთებთ მეტს მოითხოვს და საყვედური თუ უთხარით, კარს გაგიჯახუნებთ და აქეთ დაგადანაშაულებთ. არ შეიძლება ასეთი სიმკაცრე, მოუქნელობა, არ შეიძლება ასე რთული იყოს მისი გულის მოგება, მისთვის სიამოვნების მინიჭება. უნდა მიიღოს ის, რასაც ცხოვრება სთავაზობს და არ გამწარდეს, თუ მისი სურვილები არ კმაყოფილდება.
ვერაფრით ეგუება იდეას რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს და ამ გზაზე ნებისმიერი შეფერხება პანიკაში აგდებს. მას ყველაფერი ახლავე უნდა და ჭკუიდან გადადის, როცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობს და ძალა აღარ ყოფნის. ასე მკვეთრად გამოხატული შავი მთვარის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, როცა ის მართლა ყველაფერს აკეთებს რაღაცის მისაღწევად (ყოველ შემთხვევაში მას ასე ჰგონია), კარიერა მაინც არ წყალობს. შესაძლოა იმიტომ რომ ხშირად ვერ იგებენ რა მათი ბრალია რომ საქმე ცუდად მიდის სამსახურში. ინოვატორობა აკლია, ურჩევნია პირდაპირ უთხრან რა უნდა გააკეთოს და ამაში მოუმატონ ხელფასი. ხშირად ვერ იტანს ხელმძღვანელებს, რადგან ზოგადად ვერ იტანს იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ, მასზე მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანებს. აკრიტიკებს მათ ყოველ გადაწყვეტილებას, რაც ხშირად ლანძღვაში გადადის. სამაგიეროდ უყვარს ლუზერები, სიამოვნებით ეხმარება მათ და მერე ასევე დიდი სიამოვნებით მოიოხებს გულს მათთან საუბრით, თუ როგორი ნაძირალაა ირგვლივ ყველა, როგორ უსამართლობაში უწევს ცხოვრება და როგორ ატყუებს ყველა მას. ვერ წარმოუდგენია რომ მათ ყველაფერი თავისი შრომით მიაღწიეს, რადგან საკუთარ პრობლემებში ყოველთვის შეუძლია ვინმე დაადანაშაულოს – მშობლები იქნება ეს, ახლობლები თუ ხელმძღვანელობა, საკუთარი თავის გარდა.
აგრესიულია მათ მიმართ ვინც ზრუნავს მათზე და პირიქით მუდმივად ხელს უმართავს მათ, ვინც იყენებს და სარგებლობს მისი კეთილგანწყობით. უყვარს ბომჟები, ბევრი მათგანი მიდრეკილია ლოთობისკენ. ლილიტს ოპტიმიზმი აკლია და როცა რთული პერიოდი დგება ადამიანი მხოლოდ ცხოვრების უარყოფით მხარეებს ხედავს. არ შეუძლია მიიღოს ის რაც ემოციურ სფეროში უნდა გადაიტანოს და ვერც იმ მარტოობის პერიოდებს ეგუება, გასავლელი რომ აქვს. შინაგანი იზოლაცია ხშირია, რადგან ადამიანი მიდრეკილია თავდასაცავად ჯავშნის შექმნისკენ (გაიხსენეთ სიმონი და გარფუნკელის ჰიტი- I m a rock ). ზოგიერთი მათგანი თვითონვე უგონებს საკუთარ თავს რაღაც მოვალეობებსა თუ ვალდებულებებს და იძულებულს ხდის ყოველგვარ სიამტკბილობაზე უარი თქვას ამის გამო.
მისი პოზიცია ხშირ შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთი სახეობაა სხვებთან დამოკიდებულებაში იქნება ეს თუ საკუთარ თავთან და შედეგად ნერვული სისტემის მოშლას ვიღებთ. ხშირად სხვებზე აღმატებულად გრძნობს თავს – ჰგონია რომ სხვებზე მეტი ძალა აქვს და სხვებზე მეტი შეუძლია, მაგრამ ამ ასპექტის გამოხატვა ვერ მოახერხონ, რადგან სოციალური წრე ან ოჯახი ამის საშუალებას არ აძლევდეს. შესაძლოა ადამიანმა საკუთარი თავი მთლიანად დედობას მიუძღვნას და მაინც ცუდ დედად თვლიდნენ.
ხანდახან ცდილობენ საკუთარი თავი შეაგუონ ფაქტს – რომ როგორც ელოდებიან, არასდროს არ ხდება ისე. ამბიცია კი იზრდება და რწმენას კარგავენ, აღარაფრის აღარ სჯერათ. ზოგიერთი თვითმკვლელობამდეც კი მიდის. იმ ასკეტიზმს ცხოვრება რომ უსჯის მათ ლამის სასიკვდილო განაჩენად აღიქვამენ, რადგან ყოველგვარ იმედს კარგავენ. ლილიტს სრულყოფილება სურს და თუ აბსოლუტურს ვერ აღწევს, თავადვე ანადგურებს ამ ჟინს და უბრალო მატერიალისტად რჩება. ამიტომ ადამიანმა ამ ყველაფერს თავი უნდა აარიდოს რომ ცოტა სხვანაირად დაინახოს ყველაფერი. მან უნდა ისწავლოს მოთმინება და ამტანობა, გამოძვრეს საკუთარი ნაჭუჭიდან და იყოს ის რაც არის. შავი მთვარე მუდმივად ამოწმებს ადამიანის შესაძლებლობას – თუ რამდენის ატანას შეძლებს, რის გამოც ხშირად კიდევ უფრო რთული და მოუქნელი ხდება ეს უკანასკნელი ურთიერთობებში, ამ ყველაფრით კი ისევ ლილიტს აძლიერებს და აქეზებს ახალ-ახალი ფათერაკების მოგონებისაკენ.
აუცილებელია იზრუნოთ თქვენში თხის რქის დადებითი თვისებების განვითარებასა თუ გამოვლენაზე. აუცილებელია რომ ნელნელა, ნაბიჯ- ნაბიჯ იაროთ მიზნისკენ, იერარქიული კიბის ყველა საფეხურის გავლით. ნუ ეცდებით არწმუნოთ სხვები იმაში, რომ უთქვენოდ არაფერი ეშველებათ, თქვენ კიდევ მათი დახმარების გარეშეც მოახერხებთ ყველაფერს. თუკი მატერიალური მხარდაჭერა გჭირდებათ და იღებთ ახლობლებისგან პატიოსნად აღიარეთ ეს.
თუკი თქვენგან წესრიგის დაცვას მოითხოვენ, ნუ ჩათვლით რომ ამის საფასურად რამე უნდა მიიღოთ ან რაიმე უნდა მოთხოვოთ სხვებს. პატივისცემით მოეპყარით სხვების გეგმებს, ნუ ჩაუშლით გეგმებს სხვებს დაგვიანებით, იყიდეთ კარგი საათი და მუდმივად დაიცავით დროის სიზუსტე. იმაზე ნერვიულობის მაგივრად რომ ვერ ახერხებთ თქვენი დიადი მიზნის მიღწევას, დაკავდით ყოველდღიური პრობლემებით. მაგალითად, თუ ახალ ბინას ვერ ყიდულობთ, რომელშიც ცხოვრობთ იმას მიხედეთ, მოაწესრიგეთ, შეარემონტეთ. თუ ახალი ფეხსაცმლის ფული არ გაქვთ, ძველი შეაკეთებინეთ. ნურასოდეს ეცდებით მიზნამდე მოკლე გზების ძიებას. გაიხსენეთ ნიცშე – ,,ოდეს ზე ავალ საფეხურებს გადავახტები- ამას არ მაპატიებს არცერთი საფეხური.“ ასევე მოიქეცით სამსახურშიც, კარიერაშიც, მწვერვალებზე ოცნების მაგივრად და ხელმძღვანელობის კრიტიკის ნაცვლად, თქვენ გააკეთეთ მაქსიმუმი, იფიქრეთ იმაზე, თუ დღეს რა შეგიძლიათ გააკეთოთ უკეთ.
,,ნელნელა იცოცე ლოკოკინავ ფუძიამას ფერდობზე – წინ მწვერვალისკენ”. თუკი ამ ყველაფერს მოახერხებთ, თხის რქის დადებითი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეძლებთ. გაიკეთებთ კარიერას და ისე მოექცევით იერარქიული კიბის ბოლოში, თავად ვერ შეამჩნევთ. გადახედეთ არნოლდ შვარცენეგერის ბიოგრაფიას – კულტურისტობიდან – კალიფორნიის გუბერნატორობამდე.
კირჩხიბი – თხის რქის ოპოზიცია მუდმივად მოითხოვს მისგან იმ გრძნობების გამოხატვას, სადღაც სიღრმეში რომ აქვს დამარხული. გრძნობებმა თავისი ჭეშმარიტი ადგილი უნდა იპოვონ და მაშინ ადამიანი უფრო ჰუმანური გზით შეძლებს თავისი ავტორიტეტის გამოყენებას და ზეგავლენის მოხდენას ხალხზე თუ სიტუაციებზე, მიიღებს იმას რაც ასე ძალიან სურს. კირჩხიბი – ეს წყლის ნიშანი – ასევე იმოქმედებს მის თხისრქისეულ ქვეცნობიერზე, აიძულებს მას გამოხატოს ემოციები და ამგვარად გაამარტივოს მათი კონტროლი.
სავარაუდოდ ის წინა ცხოვრებაში ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი, მაღალი წრის საზოგადოების წევრი გახლდათ, რომელიც ხალხზე ბატონობდა. შესაძლოა იყო მკაცრი, ავლენდა სისასტიკეს და ავიწროებდა ხალხს. ნერგავდა მკაცრ კანონებს ან უიმედობას ირგვლივ. იყო ხარბი, ან ძუნწი.
ამ ინკარნაციაში მას პრივილეგიები ერთმევა და ჩვეულებრივი ადამიანის, ჩვეულებრივი ქალის ან კაცის სახით ბრუნდება დედამიწაზე, რათა უკეთ გაუგოს მათ და მათ პრობლემებს. ეს გაკვეთილი მას დაეხმარება უკეთესი მმართველი გახდეს შემდგომ ცხოვრებაში.
თუკი ლილიტი თხის რქის დასაწყისშია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადამიანისთვის, რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდეს თავის იდეალს. შეიძლება წაერთვას ის, რაც სურს და მოუწიოს იმასთან შეგუება, რასაც ცხოვრება სთავაზობს.
თუკი ლილიტი თხის რქის ბოლოშია ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს, შექმნას და მზად იყოს ახალი სულიერი თუ მატერიალური ჰორიზონტებისთვის.
ამბიციები, ქედმაღლობა, მოუწესრიგებლობა, სკანდალები, სნობობა, დეპრესია, სიცივე, ურყევობა, ხანგრძლივი გამოცდები, იზოლაცია, მარტოობა, სადიზმი და მსგავსი სხვა უბედურებები თხის რქა ლილიტის საჩუქარია.
ქალის რუკაზე ის განსაკუთრებით ძლიერია და თუ ნაკლებად გონება გახსნილია ადამიანი, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლოს რთული ცხოვრება გველოდება, მაგრამ ნურასოდეს დაივიწყებთ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ფაზლია იმ მოზაიკის თქვენი რუკა რომ ქვია. გაიგეთ მეტი საკუთარ თავზე. გამოიყენეთ ლილიტის პოტენციალი მხოლოდ დადებითად, გაიცანით თქვენი ლილიტი უკეთ, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გამოიცნოთ მისი ხრიკები. ბევრმა ეს მოახერხა, ბევრმა ალბათ ვერ –
ცნობილი ადამიანები თხის რქა ლილიტით: მარტინ ლუთერ კინგი, ლეონარდო და ვინჩი, რონალდ რეიგანი, არტურ შოპენჰაუერი, ჩარლზ ბუკოვსკი, პაოლო კოელო, ანაის ნინი, გალა დალი, ევა ბრაუნი, პენელოპა კრუსი, ვიქტორია ბექჰემი, ქეით ბეკინსელი, ჯეიმს ბლანტი, მონიკა ლევინსკი, ჯო დასენი, ერიკ რობერთსი, კიანუ რივზი, არნოლდ შვარცენეგერი, აიშვარაია რაი და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია