ვენერა ურანის უარყოფითი ასპექტები

0
8835

,,როგორ ყველა გიჟი მე უნდა შემხვდეს?!“, ,,ყველაფერი უცნაური მე რატომ უნდა დამემართოს?“  იმიტომ, რომ რუკაში ვენერა ურანის უარყოფითი  ასპექტი გაქვთ.არ თქვათ რომ დაიღალეთ, ძალიანაც ერთობით!

უცნაური ტიპი ხართ, არაორდინალური საყვარელი. თავისუფლების დაუძლეველი წყურვილი გაიძულებთ ეძებოთ ალტერნატიული ცხოვრების და სიყვარულის სტილი, ატაროთ ექსპერიმენტები და ცხოვრობდეთ სპონტანურად. თუნდაც ცნობიერი გონებით გჯეროდეთ,  რომ სტაბილური და ნორმალური ურთიერთობები მოგწონთ, მიგიზიდავთ ცვალებადი და ყოველგვარი ჩარჩოებისგან თავისუფალი ადამიანები. თუნდაც არ აღიარებდეთ, მოგწონთ და თვითონ იზიდავთ არასტანდარტულ სიტუაციებს სასიყვარულო სფეროში.

გიჟდებით მოულოდნელობებზე, დაუგეგმავ რამეებზე… ,,სიყვარული მაშინ მოდის, როდესაც არ ელოდები“… რომანები მეტად არაადეკვატური გარემოებებით იწყება ხოლმე. ხშირია ერთი ნახვით სიყვარულიც. შეხედავთ ადამიანს და… თითქოს ელდა გეცათ, საოცარი ქიმიაა, თუმცა ძალიან ხანმოკლე. მაღალი ძაბვის ტოკივით – ცოტა ხანი უცნაურად იქცევით, მერე კი ყველაფერი ქრება. განშორებებიც უცაბედია და არაადეკვატური. საშინელი შეცდომები შეიძლება აპატიოთ ადამიანს, ისეთი ვინმე შეიძლება გიყვარდეთ, კაციშვილს რომ არ ესმის რატომ გიყვართ და უცებ სრულიად უმიზეზოდ მიატოვოთ.

შეინარჩუნოთ ცოცხალი, მოულოდნელობებით სავსე სიყვარული აი, ეს არის თქვენი ცხოვრებისეული გამოწვევა. ერთგულება სულს გიხუთავთ და ნაღმების დადებას იწყებთ, როგორც კი ურთიერთობა მყარი და საიმედო ხდება. შეიძლება გეშინოდეთ ქორწინებისაც…   სულ რაღაც ექსპერიმენტს ატარებთ. შესაძლოა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებიც გაინტერესებდეთ, ჯგუფური სექსი… თუმცა მარტო ამ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ… მკვეთრი ფერები გეყვარებათ, მკვეთრი მაკიაჟი. უცნაური ჩაცმულობა. სურვილი გაქვთ ,,ნაცრისფერ ბრბოს“ გამოეყოთ…  ურანი ხომ ნორმიდან გადახრებს მართავს – თქვენ კატეგორიულად არ გსურთ იყოთ ჩვეულებრივი.

ქორწინება თითქმის არ არის ქორწინება ტრადიციული გაგებით. შეიძლება დაქორწინდეთ, გაშორდეთ, მერე ისევ შერიგდეთ და საყვარლები იყოთ… ნამდვილი სიგიჟეა.

პირადი თავისუფლება და პარტნიორული ურთიერთობებიც კონფლიქტშია. მეუღლე შესაძლოა გზღუდავდეთ. არჩევანის გაკეთება შეიძლება გიწევდეთ პიროვნულ თავისუფლებასა და საყვარელ ადამიანს შორის. არჩევანის წინაშე შეიძლება დადგეთ მეგობრობასა და სიყვარულს შორისაც. შეიძლება მეგობრებს არ მოსწონდეთ თქვენი გულის სწორი, ან პირიქით, მას არ მოსწონდეს თქვენი მეგობრები. შეიძლება მათ ერთმანეთში კონფლიქტები ჰქონდეთ.

სავარაუდოდ ბევრი განშორების გადატანა მოგიწევთ. ინტიმური ურთიერთობების მოულოდნელი რღვევა, ან  საერთოდ ყოველგვარი ინტიმისგან ცარიელი პერიოდები: კარმას სურს რომ თავისუფლება ისწავლოთ, სასიყვარულო პარტნიორისგან დამოუკიდებლად არსებობა… ზომიერების დაცვა პარტნიორობასა და თავისუფლების შენარჩუნებას შორის.  ეცადეთ ამ ყველაფერმა ეგოისტ, უპასუხისმგებლო ადამიანად არ გაქციოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია