ვენერა ურანის შეერთება

0
4341

,,როგორ ყველა გიჟი მე უნდა შემხვდეს?!“, ,,ყველაფერი უცნაური მე რატომ უნდა დამემართოს?“  იმიტომ, რომ რუკაში ვენერა ურანის ასპექტი გაქვთ. არ თქვათ რომ დაიღალეთ, ძალიანაც ერთობით!

უცნაური ტიპი ხართ, არაორდინალური საყვარელი. თავისუფლების დაუძლეველი წყურვილი გაიძულებთ ეძებოთ ალტერნატიული ცხოვრების და სიყვარულის სტილი, ატაროთ ექსპერიმენტები და ცხოვრობდეთ სპონტანურად. თუნდაც ცნობიერი გონებით გჯეროდეთ,  რომ სტაბილური და ნორმალური ურთიერთობები მოგწონთ, მიგიზიდავთ ცვალებადი და ყოველგვარი ჩარჩოებისგან თავისუფალი ადამიანები. თუნდაც გარეგნულად არ გეტყობოდეთ, შინაგანად იმდენად ექსცენტრიკული ტიპაჟი ხართ, ამის პროექცირებას საკუთარ ცხოვრებაზე ახდენთ და სასიყვარულო სფეროში არასტანდარტულ სიტუაციებს პირდაპირ იწებებთ.

გიჟდებით მოულოდნელობებზე, დაუგეგმავ რამეებზე… ,,სიყვარული მაშინ მოდის, როდესაც არ ელოდებით“… რომანები მეტად არაადეკვატური გარემოებებით იწყება ხოლმე. ხშირია ერთი ნახვით სიყვარულიც. შეხედავთ ადამიანს და… თითქოს ელდა გეცათ. საოცარი ქიმიაა, თუმცა ძალიან ხანმოკლე. თითქოს დენმა დაგარტყათ – ცოტა ხანი უცნაურად იქცევით, მერე კი ყველაფერი ქრება. განშორებებიც უცაბედია და არაადეკვატური. საშინელი შეცდომები შეიძლება აპატიოთ ადამიანს, ისეთი ვინმე შეიძლება გიყვარდეთ, კაციშვილს რომ არ ესმის, რატომ გიყვართ და უცებ სრულიად უმიზეზოდ მიატოვოთ.

შეინარჩუნოთ ცოცხალი, მოულოდნელობებით სავსე სიყვარული – აი, ეს არის თქვენი ცხოვრებისეული გამოწვევა. ერთგულება სულს გიხუთავთ და ნაღმების დადებას იწყებთ, როგორც კი კავშირი მყარი და საიმედო ხდება. შეიძლება გეშინოდეთ ქორწინებისაც…

სულ რაღაც ექსპერიმენტს ატარებთ. არ არის გამორიცხული არატრადიციული ურთიერთობებისკენაც მიგიწევდეთ გული. ჯგუფური სექსი… თუმცა მარტო ამ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ…

სიყვარული და მეგობრობაც შეიძლება გერეოდეთ ერთმანეთში… ,,ნამდვილი სიყვარული მეგობრობით იწყება“. მეგობრებთან სექსიც შესაძლებელია…

მკვეთრი ფერები გეყვარებათ, მკვეთრი მაკიაჟი. უცნაური ჩაცმულობა. სურვილი გაქვთ ,,ნაცრისფერ ბრბოს“ გამოეყოთ… ურანი ხომ ნორმიდან გადახრებს მართავს – თქვენ კატეგორიულად არ გსურთ იყოთ ჩვეულებრივი.

ქორწინება თითქმის არასდროს არ არის ქორწინება ტრადიციული გაგებით (შეიძლება უკეთესიც იყოს, თუ ხელს არ მოაწერთ). შეიძლება დაქორწინდეთ, გაშორდეთ, მერე ისევ შერიგდეთ და საყვარლები იყოთ… ნამდვილი სიგიჟეა. არა, ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობების წინააღმდეგი კი არ ხართ, უბრალოდ რუტინას ვერ აიტანთ… ისეთი პარტნიორი უნდა შეგხვდეთ, რომელიც მუდმივად შესძლებს საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე იყოს.

სავარაუდოდ ბევრი განშორების გადატანა მოგიწევთ. ინტიმური ურთიერთობების მოულოდნელი რღვევა, ან  საერთოდ ყოველგვარი ინტიმისგან ცარიელი პერიოდები: სამყაროს სურს, რომ თავისუფლება ისწავლოთ, სასიყვარულო პარტნიორისგან დამოუკიდებლად არსებობა… ზომიერების დაცვა პარტნიორობასა და თავისუფლების შენარჩუნებას შორის.  ეცადეთ ამ ყველაფერმა ეგოისტ, უპასუხისმგებლო ადამიანად არ გაქციოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია