ვენერა პლუტონის შეერთება

    0
    866

    თქვენ ნახევრად შეყვარებული არასდროს ხართ – ან სიგიჟემდე გიყვართ, ან არაფერს გრძნობთ. ყველაფერი ან არაფერი. უსაშველო სიცივე, ან ვნებების ქარცეცხლი. ეს ექსტრემალური გრძნობებია. ვულკანური შეგრძნებები. უკიდურესობები. სიმძაფრე.

    გეშინიათ საყვარელი ადამიანების დაკარგვის და ეს შიში ურთიერთობების საწყის ეტაპზე მესაკუთრედ, ეჭვიანად, ხანდახან პარანოიკადაც გაქცევთ, თუმცა დროთა განმავლობაში, თუკი პარტნიორმა მოახერხა და თქვენი ნდობა მოიპოვა, სიყვარულიც ევოლუციას განიცდის, მიჯაჭვულობა უფრო მაღალ საფეხურზე ტრანსფორმირდება და ნდობის სრულიად ახალ სიმაღლეებს აღწევთ. ძალიან ერთგული ხართ და ამასვე ითხოვთ მისგანაც, თანაც ფორმალურ, მხოლოდ სხეულებრივ დონეზე კი არა, მისი სული გსურთ. თავადაც ასეთი ხართ თავს სრულიად უძღვნით. გიყვართ მთელი არსებით და სამარადჟამოდ.

    ნელ-თბილი ურთიერთობები ჭკუიდან გშლით, გინდათ რომ სულ განცდების მწვერვალზე იყოთ, ზღვარზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ დაიღალეთ, რომ აღარ შეგიძლიათ, რომ მშვიდი, წყნარი და კომფორტული ურთიერთობები გჭირდებათ, მძაფრი შეგრძნებების, ადრენალინის გარეშე ძალიან იწყენთ. კომფორტის ზონაში სულს ღაფავთ. გიყვართ რისკი, ექსტრიმი. სრული სიგიჟე.

    რომანტიკული გრძნობები ძალიან გცვლით. სასიყვარულო ურთიერთობები არის სფერო, რომელმაც სრულიად უნდა გარდაგქმნათ. ხანდახან ეს ძალიან მტკივნეული პროცესიც კია. შეიძლება დანაკარგებიც იყოს დიდი. მზად იყავით საკუთარ დემონებთან შესახვედრად. ის, რასაც სხვების მეშვეობით აღმოაჩენთ საკუთარ თავში, შეიძლება სულ არ მოგეწონოთ. გაფრთხილდით, რომ ამ დემონების პროექცირება პარტნიორზე არ მოახდინოთ, ანუ არ მოიზიდოთ ტიპაჟი, რომელიც ამ დემონებს გარეთ გამოსვლის საშუალებას მისცემს.

    უდიდესი ბედნიერება და შემზარავი ტკივილი, ღალატი, მძაფრი ვნებები, ლტოლვა, დაუძლეველი სურვილები – ამაზე გადის თქვენი ცხოვრებისეული გზა ამ ინკარნაციაში.

    ან თქვენ ტანჯავთ პარტნიორს, ან ის გტანჯავთ თქვენ. რომანები ძალაუფლებისთვის ბრძოლის საომარ ფრონტად იქცევა ხოლმე. სადო-მაზოხიზმი. შეურაცხყოფა, ძალადობა… სულის ყველაზე ბნელი და მტკივნეული წერტილებით მანიპულირება. ,,შემიყვარე, თუ გაბედავ“ – თქვენ ერთმანეთს შეიძლება ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენებაშიც ეჯიბრებოდეთ, ერთმანეთის გაწირვაში, სისაძაგლეები უკეთოთ ერთმანეთს, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი უპირატესობა, სიძლიერე დაამტკიცოთ. დაამტკიცოთ, რომ ნაკლებად გიყვართ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაკარგვის გეშინიათ. შეყვარებული ადამიანი ხომ სუსტია და თქვენ სისუსტეების ჩვენების გეშინიათ. ეს კარმული ტრავმებია.

    შეიძლება საკუთარ გარეგნობასაც, სექსუალობასაც  იყენებდეთ მანიპულირებისთვის, მართვისთვის. შეგიძლიათ მაშინ იყოთ ლამაზი, როდესაც გჭირდებათ. ეს ასპექტი შესანიშნავი ასპექტია პლასტიკური ქირურგებისთვისაც. ვენერა ხომ სილამაზეა და პლუტონი – ტრანსფორმაცია. არის გამდიდრების პოტენციალიც…საკუთარი სექსუალობის ხარჯზე.

    საჭიროა საკუთარ გრძნობებში, გულში, სიყვარულის უნარში ჩაღრმავება და ღირებულებების გადაფასება. დაუშვებელია სიყვარულის სხვა ადამიანების სამართავად გამოყენება, გრძნობებით მანიპულირება. ძალაუფლების სიყვარული სიყვარულის ძალის ნაცვლად, შესაძლოა თქვენს ჯოჯოხეთად იქცეს.

    საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ აღმოაჩინოთ სიყვარულის მკურნალი ძალა, განაახლოთ და აღადგინოთ თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრება. ,,მოკვდეთ, რომ ხელახლა დაიბადოთ“. ნუ გააღვიძებთ მძინარე ვულკანს. იგი წვავს. თავი შეიკავეთ ემოციების ამოფრქვევისგან. ისწავლეთ სილამაზით, სიმშვიდით ტკბობა და ისწრაფეთ ჰარმონიისკენ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...