მზე პლუტონის უარყოფითი ასპექტი

0
14416

ყველაფერი კარგად მიდის, თქვენ კი მაინც დაძაბული ხართ და გეშინიათ, რომ რაღაცა ცუდი მოხდება. ,,შეუძლებელი ყველაფერი ასე კარგად იყოს“…  – ეს შეგრძნება ცხოვრებას გიწამლავთ. ბედნიერებას ვერ ახერხებთ. მუდმივად განცდებში ხართ, სულ ცხოვრებისეული დარტყმების მოლოდინში.

როგორც წესი, ეს ყველაფერი ბავშვობის ტრავმებია, ბევრს ასეთი მაჩვენებლით ძალიან ადრე ჰყავს დაღუპული მამა, ან სერიოზული ფინანსური კრიზისი განიცადა ოჯახმა… მოკლედ, მისი უსაფრთხო გარემო დაირღვა, ფარის გარეშე დარჩა სრულიად შიშველი, უმწეო და დაუცველი. იმდენად მძაფრად განიცადა დანაკარგი, ახლა ცდილობს სულ მზად იყოს საფრთხისთვის.  არადა, ეს მზადყოფნა კიდევ უფრო მტანჯველია.

კონფლიქტია საკუთარ თავში ჩაკეტვას, დამალვას და თვითგამოხატვას შორის. გინდათ რომ ყველაფერი აკონტროლოთ. თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი. არ გაკმაყოფილებთ საკუთარი თავი. არ მოგწონთ თქვენი გაკეთებული არაფერი. განსაკუთრებით საკუთარი თვითგამოხატვით არასდროს ხართ კმაყოფილი. გამუდმებით აკეთებთ საკუთარი თავის ,,undo”  ,,redo“-ს.  შეიძლება წლები აშენოთ, აკეთოთ რამე, საათობით იმუშაოთ რამეზე და მერე უცებ ერთი ხელის მოსმით გაანადგუროთ მხოლოდ იმიტომ რომ ერთი პატარა დეტალი არ მოგივიდათ თვალში.

რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე ხართ. მაქსიმალისტი. ან ყველაფერი, ან არაფერი. ბზარი არ მრთელდება. სჯობს გაცამტვერდეს და მის ადგილზე ახლის შენება დაიწყოთ – აი, თქვენი ფილოსოფია. თანაც კეთების პროცესში არავინ უნდა გხედავდეთ. წერის დროს, მუშაობის დროს მაყურებლებს ვერ აიტანთ, იმიტომ რომ თუ საზოგადოების წინაშე წარსდგებით, საუკეთესოდ უნდა წარსდგეთ. სკოლაში დამაკმაყოფილებელს საერთოდ ნიშანი არ მიგეღოთ გერჩიათ, როცა გაკვეთილი არ იცოდით, გესიკვდილებოდათ წასვლა… ასე იყო, არა?

გამუდმებული შინაგანი კრიზისები გაქვთ. თვითიდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ეგო მუდმივ ევოლუციას განიცდის. პიროვნულ დონეზე იმხელა გარდაქმნები და თან იმხელა ნახტომებით ხდება, სხვებს წარმოდგენა არ ჰქონდეს შეიძლება. შიგნით არავის უშვებთ, თავად კი ისე დადიხართ სხვების ქვეცნობიერში, როგორც გაგეხარდებათ.

ხაზებს შორის კითხულობთ, თუმცა უფრო მეტად უარყოფითზე ხართ ორიენტირებული. ადამიანების ბნელ მხარეებს ხედავთ,  ყველაზე დიდ სიბინძურეს მათში. იცით, სადამდე შეიძლება დაცემა. თქვენში არსებულ ცხოველურ ინსტიქტებს ვერაფრით ეგუებით.

საშინელი ადამიანი გგონიათ საკუთარი თავიც. თავს ისჯით. ახრჩობთ, კლავთ, ხელახლა ბადებთ და ისევ ბადებთ. აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა ამ კუთხით. ეცადეთ მეტი პოზიტივი დაინახოთ ადამიანებში, ცხოვრებაში, საკუთარ თავში… ისწავლეთ პატიება, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის. აიმაღლეთ თვითშეფასება. გათავისუფლდით ეჭვებისგან, რომელიც ხშირად პარანოიად გექცევათ ხოლმე. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, თქვენი ბნელი თუ ნათელი მხარეებით. ეს წინსვლაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. ნგრევის გარეშეც მოახერხებთ ტრანსფორმაციას. თქვენ ხომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ უზარმაზარი ენერგიით. ეს ენერგია აუცილებლად შენებისკენ უნდა მიმართოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია