გზა თვითშემეცნებისკენ სულიერ ტანჯვებზე გადის. მძაფრი შეგრძნებები, ნგრევა და საკუთარი თავის ხელახლა შენება, მუდმივი თვიგანახლების, რეგენერაციის და ფსიქოლოგიური გარდაქმნების პროცესი თქვენი ცხოვრების გამუდმებული თანმდევია.
ვერ იტანთ ზედაპირულობას, ხაზებს შორის კითხულობთ. ადამიანებს გამჭოლ ხედავთ, შეგიძლიათ მათი ფარული მოტივაციების, ბნელი მხარეების დანახვა. ძლიერი ფსიქოლოგიური უნარები გაქვთ, მაგრამ ცუდი ის არის რომ უფრო მეტად უარყოფითზე შეიძლება იყოთ ფოკუსირებული. გამუდმებით რაღაცას თხრით, სიღრმეში იქექებით, ზედაპირზე ამოგაქვთ… ჭეშმარიტების ძიებით, სიმართლის გარკვევით ხართ შეპყრობილი და დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა უფრო იმის დამტკიცებაზე იყოთ ორიენტირებული, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუკი ცოტა არ მოეშვებით, ყველაფერი პარანოიად გექცევათ.
არსებობს თვითდესტრუქციის საფრთხე. თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი. იმდენად კარგად იცნობთ ადამიანის ბუნებას, მის ცხოველურ ინსტინქტებს, გეშინიათ რომ მოგატყუებენ, გაგცემენ, გიღალატებენ, გამოგიყენებენ. იმდენად არ ენდობით პირველ დასკვნებს, გამუდმებით გამოცდებს აწყობთ და სამწუხაროდ, ამ გამოცდებში ჩაჭრილები უფრო მეტად გამახსოვრდებიან.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ – ,,არ მინდა ვიცოდე“, თქვენ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებით. რაღაცის არ ცოდნა უფრო მეტ ტკივილს გაყენებთ, ვიდრე მტკივნეული სიმართლის ცოდნა. ეჭვი გჭამთ, განგრევთ… შეპყრობილი ხდებით. ,,მითხარი სიმართლე, ტკივილს მიჩვეული ვარ“ – თქვენი კასტის მოგონილია ალბათ. თანაც რატომღაც, როდესაც ყველაფერი კარგადაა, მაშინაც ვერ ისვენებთ. ,,ზედმეტად კარგი იმისთვის, რომ მართალი იყოს“ მოსვენებას არ გაძლევთ და გამუდმებით გადამოწმებას ცდილობთ.
აუცილებლად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ყველაფერში ნეგატიური მხარის დანახვას უნდა მოეშვათ, დადებითს მიაქციოთ უფრო მეტი ყურადღება. მოეშვით თვითგვემას. პატიება უნდა ისწავლოთ და რაღაც-რაღაცეების ,,გატარება“. კარგია, რომ ამ ყველაფერს კითხულობთ. თქვენ თვითანალიზისკენ ხართ მიდრეკილი და მართლაც შეგიძლიათ დიდი ფსიქოლოგიური ევოლუცია განიცადოთ, მთლიანად გარდაქმნათ საკუთარი თავი. თქვენ ხელახლა შეგიძლიათ დაიბადოთ.
გათავისუფლდით ეჭვებისგან. ნუ თხრით თქვენს დასაკლავ დანას, რადგან თქვენც მშვენივრად გესმით – ,,ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც“. ადამიანს რისიც ეშინია, სწორედ ის ემართება. კოშმარები, როგორც წესი, ცხადდება ხოლმე, რადგან ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება, ხორცს ისხამს. ნუ იზიდავთ მაინცდამაინც პრობლემებს. მტკივნეული გამოცდილების გარეშეც შეგიძლიათ ტრანსფორმირდეთ. გასაგებია, რომ ნელ-თბილი არ მოგწონთ, მაგრამ მაინცდამაინც მდუღარე არ არის საჭირო მძაფრი შეგრძნებების განსაცდელად. ეცადეთ პლუტონის ენერგია სხვა უფრო კრეატიული საქმიანობისთვის გამოიყენოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია