მზე ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი

0
13493

მეოცნებე ხართ, იდეალისტი. გინდათ რაღაც არაჩვეულებრივთან გქონდეთ შეხება. მნიშვნელოვანი ფიგურა იყოთ. ზედმეტად მინდობი, საკუთარი თავის მოტყუებისკენ მიდრეკილი და ორიენტირდაკარგული შეიძლება იყოთ.

ბავშვობაში მიმართულება არავის მოუცია. მოგონებებს შესაძლოა ამახინჯებდეთ.  მამის ფიგურა ბუნდოვანია, გაურკვეველი. ან ძალიან ნეგატიური, ან გაიდეალიზებული, საშუალო არ არსებობს. შესაძლოა იგი გაკლდათ – არ გყავდათ, სუსტი იყო, ავადმყოფი, ნარკომანი, ან ეგებ სულაც ისეთი ტიპი, რომელსაც მატერიალური საკითხები საერთოდ არ აღელვებდა და სადღაც ღრუბლებში დაფრინავდა. ახლა გზააბნეული ხართ. გიჭირთ საკუთარი თავის აღქმა, ვერ ხვდებით, ვინ ხართ. არასწორი წარმოდგენები გაქვთ საკუთარ თავზე.

ცხოვრებაშიც ასეთივე გაურკვეველ ტიპებს იზიდავთ. არასახარბიელო წრეში შეიძლება მოხვდეთ. შეიძლება გიყენებდნენ, თქვენი სიკეთით ბოროტად სარგებლობდნენ. განსაკუთრებით მამაკაცები.

საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვთ, თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი. კარგად ერკვევით ფსიქოლოგიაში. ეს შემოქმედებითი ადამიანისთვის, მუსიკოსისთვის, მწერლისთვის შესანიშნავი ასპექტია, შესანიშნავი ასპექტია სასულიერო პირისთვისაც. თევზები ქრისტეს სიმბოლოა, ნეპტუნი ქრისტესმიერი სიყვარულის განსხეულებაა – მესია, რომელსაც ზვარაკად მოაქვს თავი, მაგრამ ამ ენერგიას განვითარების სხვადასხვა დონეზე სულ სხვადასხვა ვიბრაცია აქვს.

ამბობენ, რომ ,,საიდუმლო სერობის“ ტილოზე ქრისტეც და იუდაც ერთი და იგივე ნატურაა. ანუ მხატვარმა ჯერ  ქრისტედ დახატა ერთი ადამიანი, შემდეგ კი იუდად. ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო. ეს პიროვნება რამდენიმე წელიწადში ისე შეცვალა ლოთობამ და არასწორი გზით სიარულმა, ვერც იცნეს. სახელოსნოში მიყვანის შემდეგ თავად გაიხსენა, რომ ადრეც იყო აქ ნამყოფი და ადრეც გამოსახეს ამ ტილოზე… მესიად.

ასტროლოგიაშიც ასეა, არსებობს პოტენციალი და როგორ გამოიყენებს ამას ესა თუ ის ინდივიდი, ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

შესაძლოა მიდრეკილება გქონდეთ ალკოჰოლიზმისკენ, ნარკოტიკების მოხმარებისკენ,  ან რეალობიდან გაქცევის სხვა საშუალებებისკენ. ექსტრემალურ გამოვლინებაში, არის საფრთხე, რომ ილუზიებში ისე ჩაეფლოთ, რეალობის შეგრძნება დაკარგოთ.

ეს შეიძლება ფიზიკურ დონეზე მხედველობის პრობლემების სახითაც გამოვლინდეს. ყველა ავადმყოფობა ხომ ჩვენი ქვეცნობიერიდან იღებს სათავეს? თქვენ ჯიუტად არ გსურთ რეალობის დანახვა და თავდაცვითი მექანიზმები ამ დროს თვალებს ,,ერჩის“. როცა იგრძნობთ, რომ სინამდვილისთვის თვალის გასწორება გიჭირთ, რამე გაწმინდეთ, სარკე, ფანჯრები, სათვალეები…  ეს სიმბოლური გამოხატულება, აღქმას გაგიადვილებთ.

უნდა ისწავლოთ თქვენი და სხვისი პრობლემების ერთმანეთისგან განსხვავება, შავის და თეთრის განცალკევება, იმის გარჩევა თუ ვის დაეხმაროთ და ვის არა. მესიაობას თავი დაანებეთ, თუ ეს დათვური სამსახურია მხოლოდ და სხვისი  ამოთრევის ნაცვლად თავად ეფლობით ჭაობში.

კარგი იქნება თუ თქვენს  საოცარ წარმოსახვას  ხელოვნებაში გამოიყენებთ. ხელოვნება თქვენი თვითგამოხატვის ყველაზე ადეკვატური საშუალება და გზაა. ხატეთ, წერეთ, იმღერეთ….რამე ქენით! ამხელა შემოქმედებით უნარებ ნეგატიურ გამოვლინებაზე ნუ დახარჯავთ. ხელოვნებასთან კავშირი არ დაკარგოთ!  მუსიკა თქვენთვის თერაპიაა.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია