მზე ნეპტუნის შეერთება

0
4958

თქვენ საკუთარი თავის აღქმა გიჭირთ. გაურკვეველია თქვენი ცხოვრებისეული მიზნები, გაურკვეველია თქვენი ნება.  მდიდარი წარმოსახვა გაქვთ, რომლის მეშვეობით რაღაც სხვა, ალტერნატიული რეალობის შექმნას ახერხებთ, სხვა განზომილებაში ცხოვრობთ, სადაც მატერია ძალიან უმნიშვნელო რამეა. ეს შემოქმედებითი ადამიანისთვის, მუსიკოსისთვის, მწერლისთვის შესანიშნავი ასპექტია, შესანიშნავი ასპექტია სასულიერო პირისთვისაც. თევზები ქრისტეს სიმბოლოა, ნეპტუნი ქრისტესმიერი სიყვარულის განსხეულებაა – მესია, რომელსაც ზვარაკად მოაქვს თავი, მაგრამ ამ ენერგიას განვითარების სხვადასხვა დონეზე სულ სხვადასხვა ვიბრაცია აქვს.

ამბობენ, რომ ,,საიდუმლო სერობის“ ტილოზე ქრისტეც და იუდაც ერთი და იგივე ნატურაა. ანუ მხატვარმა ჯერ  ქრისტედ დახატა ერთი ადამიანი, შემდეგ კი იუდად. ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო. ეს პიროვნება რამდენიმე წელიწადში ისე შეცვალა ლოთობამ და არასწორი გზით სიარულმა, ვერც იცნეს. სახელოსნოში მიყვანის შემდეგ თავად გაიხსენა, რომ ადრეც იყო აქ ნამყოფი და ადრეც გამოსახეს ამ ტილოზე… მესიად.

ასტროლოგიაშიც ასეა, არსებობს პოტენციალი და როგორ გამოიყენებს ამას ესა თუ ის ინდივიდი, ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. თქვენ მგრძნობიარე ხართ, მეოცნებე.. რაღაც უფრო მეტი გინდათ, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრება, ვიდრე მატერიალური სამყარო…  სწორედ ამის გამო სასტიკი რეალობისთვის თვალის გასწორება ხშირად არ გსურთ. თქვენ რეალობის მიღება არ გინდათ და ეს ყველაზე ცუდ ვარიანტში ლოთობაში, ნარკომანობაში, ან კიდევ ფსიქიურ დაავადებებში შეიძლება გამოიხატოს. თავდაცვითი მექანიზმები ალტერნატიულ რეალობას ქმნის, რადგან ადამიანი ტკივილს ვერ უძლებს.

მიდრეკილი ხართ ტყუილებისკენ და ხშირად თქვენი ტყუილები თავადაც გჯერათ. თავს შეიძლება იტყუებდეთ. ეს შეიძლება ფიზიკურ დონეზე მხედველობის პრობლემების სახით გამოვლინდეს. ყველა ავადმყოფობა ხომ ჩვენი ქვეცნობიერიდან იღებს სათავეს? თქვენ ჯიუტად არ გსურთ რეალობის დანახვა და თავდაცვითი მექანიზმები ამ დროს თვალებს ,,ერჩის“. როცა იგრძნობთ, რომ სინამდვილისთვის თვალის გასწორება გიჭირთ, რამე გაწმინდეთ, სარკე, ფანჯრები, სათვალეები…  ეს სიმბოლური გამოხატულება, აღქმას გაგიადვილებთ.

იმ ქალების ცხოვრებაში, რომელთაც ეს ასპექტი აქვთ, მუდმივად ისეთი კაცები ჩნდებიან, რომლებსაც ვერ დაეყრდნობიან. თუმცა საჭიროა სინთეზიც – შეიძლება სულაც არ იყოს ასე ცუდად საქმე და  უბრალოდ ხელოვანი ადამიანები აღმოჩნდნენ – მუსიკოსები, მაგალითად… თუმცა არც ხელოვანი ხალხი არ არის მთლად კარგი დასაყრდენი ხშირ შემთხვევაში… ვინ იცის.

უნდა ისწავლოთ თქვენი და სხვისი პრობლემების ერთმანეთისგან განსხვავება, შავის და თეთრის განცალკევება, იმის გარჩევა თუ ვის დაეხმაროთ და ვის არა. მესიაობას თავი დაანებეთ, თუ ეს დათვური სამსახურია მხოლოდ და სხვისი  ამოთრევის ნაცვლად თავად ეფლობით ჭაობში.

კარგი იქნება თუ თქვენს ძალიან მდიდარ ფანტაზიას ხელოვნებაში გამოიყენებთ. ხელოვნება თქვენი თვითგამოხატვის ყველაზე ადეკვატური საშუალება და გზაა. ხატეთ, წერეთ, იმღერეთ….რამე ქენით! ამხელა შემოქმედებით უნარებს ნეგატიურ გამოვლინებაში ნუ დახარჯავთ. ხელოვნებასთან კავშირი არ დაკარგოთ!  მუსიკა თქვენთვის თერაპიაა.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია