,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, ,,მე ვარ ის, რასაც ვფიქრობ! მე ჩემი აზრები ვარ“ – ასე აღიქვამენ მერკური მზის შეერთების მქონე ინდივიდები საკუთარ თავს. თქვენთვის ყველაზე მთავარი გონებრივი შესაძლებლობებია – ამასთან აიგივებთ საკუთარ პიროვნებას.
ამაყობთ თქვენი ინტელექტით, თქვენი მოსაზრებებით და უმეტესწილად თქვენი შეხედულებების გადმოცემა უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის, ვიდრე მოსმენა. ლაპარაკის პროცესში გამუდმებით იმაზე ფიქრობთ, რა თქვათ ამის შემდეგ და შესაბამისად ვერ იტანთ როცა გაწყვეტინებენ, ან ყურადღებას არ აქცევენ იმას, რას ამბობთ. თქვენი აზრების კრიტიკას პირად შეურაცხყოფად იღებთ, რაც ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ არის.
,,მე ასე ვფიქრობ“, ,,ეს ჩემი აზრია“, ,,ჩემი აზრით“ – მე, მე მე… ეგებ გარშემომყოფებს არც აინტერესებდეთ, როგორ ფიქრობთ თქვენ, პირადად… როგორ მოიქცეოდით ამა თუ იმ შემთხვევაში, მაგრამ სხვანაირად არ ძალგიძთ -საკუთარი აზრების მეშვეობით თქვენი თავი უნდა გამოხატოთ. ფიქრობთ, რომ ყველაზე კარგად იცით, ყველაზე უკეთ ხედავთ და იგებთ.
აზროვნების პროცესში ძალიან დამოუკიდებელი და შეიძლება ითქვას სუბიექტურიც ხართ. ცდილობთ ყველაფერი ახსნათ, ყველაფერს დეფინიცია მოუძებნოთ. საკუთარ თავსაც კი ლოგიკის ჩარჩოებში აქცევთ.
კომუნიკაციის პროცესში მუდამ აქტიურ როლში გსურთ ყოფნა. სემინარები მოსაწყენად გეჩვენებათ. უშუალო კონტაქტში უფრო კარგად აღიქვამთ ინფორმაციას. აზრების გაცვლა-გამოცვლის პროცესში უკეთესად სწავლობთ. მარტოობის დროსაც კი გონებაში აზრებს ასე ალაგებთ – თანამოსაუბრეს წარმოიდგენთ და დიდი დებატებს მართავთ.
ეს ასპექტი ინფორმაციის ცხოველი წყურვილის მანიშნებელიცაა. მუდამ რაღაცას კითხულობთ, ისმენთ, წიგნებს პირდაპირ ,,ჭამთ“ და ერთი სული გაქვთ როდის გაუზიარებთ სხვებს იმას, რაც ამ წუთას გაიგეთ. საინტერესოდ წერთ, საინტერესოდ ლაპარაკობთ.
გიჭირთ მედიტაცია, რადგან აზროვნების შეჩერებას ვერ ახერხებთ. ბუდიზმში ამგვარ გონებას ,,გონება – მაიმუნს“ ეძახიან. აზრები მეტეორებივით დაქრიან თქვენს ტვინში. ერთი საკითხიდან მეორე საკითხზე ხტებით. იმდენად მნიშვნელოვანია ფიქრის პროცესი, სულერთია რაზე იფიქრებთ. მთავარია – ფიქრობთ. მთავარია გონება დაკავებულია.
როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ძალიან განათლებული მამები ჰყავთ, შეიძლება ის იყოს მერკურის პროფესიებით დაკავებული ადამიანი, ან უბრალოდ ძალიან უყვარდეს კითხვა. მკვეთრად გამოხატული ხასიათის ტიპაჟები იქნებიან და-ძმებიც (თუ ისინი გყავთ).
ქალის რუკაში ეს მაჩვენებელი მეუღლესაც ახასიათებს. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის პროცესი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია