ეს ორი მამრობითი სქესის პლანეტის დაპირისპირებაა. მარსი ერთადერთი პლანეტაა, რომელიც მზესთან ასპექტში კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. რომელი სქესის წარმომადგენელიც არ უნდა ბრძანდებოდეთ ძალიან მძლავრი მამაკაცური საწყისი იქნება თქვენში.
აქტიური ხართ, ენერგიული, კონფრონტაციისთვის მუდმივ მზადყოფნაში. მიზნისკენ შემოვლითი გზებით სიარული არ გჩვევიათ. პირდაპირი ხართ და ყველაფერი უცებ გინდათ… ახლავე! აკეთებთ იმას, რაც გსურთ და არავის ებოდიშებით, თავს არავის წინაშე გრძნობთ ვალდებულად. თვითგამოხატვის ფორმა აგრესიულია. შეიძლება ითქვას – უხეშიც. ყველაზე წინ თქვენი საკუთარი ინტერესები დგას… ,,მე! მე!“ ყველაფერი თქვენს ხელთაა. ვერაფრით წარმოგიდგენიათ უბრალოდ ისხდეთ და ელოდეთ, როდის მოხდება თავისით რამე.
ამ მაჩვენებლის მქონე ბავშვები შფოთისთავები არიან ხოლმე, სულ ხიფათებში ეხვევიან. უამრავი ენერგიის პატრონი ხართ, რომელიც ცხოვრების პირველ ეტაპზე ყოველთვის უმართავია, მეორე ეტაპზე კი – უკვე ინდივიდზეა დამოკიდებული – შეგიძლიათ ძალიან პროდუქტიულადაც გამოიყენოთ.
ტემპერამენტიანი ხართ, იმპულსური. ბევრი კონფლიქტებით სავსე, თუმცა კონფლიქტებს შეჩვეული. შესაძლოა ადეკვატური ფორმით თვითგამოხატვა გიჭირდეთ, რადგან მშობლები ძალიან ცდილობდნენ თქვენი აგრესიის ჩახშობას, თქვენ ,,დაჭერას“ მაშინ, როცა თვითგამოხატვის სწავლის პროცესში იყავით ჯერაც. თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები – პატარაობიდანვე მიეჩვიეთ წინააღმდეგობის გაწევას და ახლა არავითარი წინაღობა არ გაშინებთ. ბევრი ლაპარაკი არ გიყვართ, პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ გირჩევნიათ. ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე ყველაზე მოკლე მარშრუტს ირჩევთ. დაბრკოლებებს პირდაპირ რქებით აწვებით.
ხანდახან შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ აგრესიულ გარემოში გიწევთ ცხოვრება, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს აგრესია თქვენი ენერგიის ნაწილია, თქვენგან მოდის და მისი გაკონტროლება და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა უნდა ისწავლოთ.
კაცები ამ ასპექტით სიყვარულში მონადირეები არიან, გიჟდებიან დაბრკოლებების გადალახვაზე. რაც უფრო მეტს გააწამებენ, მით უფრო უმძლავრდებათ მოპოვების სურვილი.
რაც შეეხება ქალებს, მისალოცად ნამდვილად არ აქვთ საქმე. ეს ასპექტი ურთიერთობებში ცოტა პრობლემებს უქმნით მათ, რადგან მათ წარმოსახვაში არსებული ქმრის, მისი შვილების მამის და საყვარელი კაცის ხატი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ანუ შეიძლება სჭირდებოდეს ერთი (მზის ნიშნის მახასიათებლების მქონე) და სექსუალურად იზიდავდეს მეორე (მარსის მახასიათებლების მქონე). ერთი უყვარდეს და ცოლად მეორეს მიყვებოდეს. შეიძლება გყავდეთ მამა ან ქმარი, რომელიც სულ ფათერაკებში ეხვევა და პერიოდულად სისხლში ამოსვრილი ბრუნდება სახლში, ეგებ სპორტსმენი იყოს, მოკრივე, შეიძლება ეს მენტალური აგრესიაც იყოს… გააჩნია ნიშნებს და სახლს. ფაქტი ერთია – უხეში ენერგია გამოსავალს პოულობს პარტნიორზე პროექციის სახით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია