მერკური პლუტონის უარყოფითი ასპექტი

0
5532

,,ოპტიმიზმი ინფორმაციის ნაკლებობაა“ , ,,ინფორმაცია ძალაუფლებაა“ – ეს ცხოვრებისეული ფილოსოფია თქვენი ყველაზე დიდი მტერია. უარყოფითზე ხართ ფოკუსირებული და ეს ჯანსაღი კომუნიკაციის უნარში გიშლით ხელს, რეალური სიტუაციის დანახვას ვერ ახერხებთ, რადგან მხოლოდ ერთი რაკურსით დანახული რეალობა, თუნდაც მისი ყველა დეტალი გაშიფრული გქონდეთ, სრულყოფილ სურათს ვერ მოგცემთ. სიღრმეში ზედმეტმა ქექვამ და რადიკალიზმმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ და გზა აგიბნიოთ.

ყველაფერში ქვეტექსტებს ეძებთ. ქცევებს მიღმა მოტივაციებს. ვიზუალურ მხარეს არ ენდობით. ზედაპირულ დასკვნებში ეჭვი შეგაქვთ. სიმბოლური ლოგიკა გაქვთ. დეტექტივის გონება.  ყველაფერი რაღაცა სხვას ნიშნავს. ყველას რაღაც საიდუმლო აქვს, რადგან თავადაც ბევრს მალავთ. ასე შეიძლება პარანოია დაიმართოთ.

ურთიერთობაშიც პრობლემები გექმნებათ ამის გამო. ვის სიამოვნებს ყველა მის საქციელს რაღაც ქვეცნობიერ ახსნებს რომ უძებნით, რომ არ ენდობით, ეჭვი რომ შეგაქვთ, სულში ხელებს რომ უფათურებთ? ,,ხანდახან სიგარაც უბრალოდ სიგარაა“ (ფროიდი) – ცოტა მოდუნდით.

ადამიანის ტვინის ხვეულებში თვალდახუჭული იგნებთ გზას. სიბნელეში კატასავით ხედავთ. ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად ჩაფლული სიბინძურის დანახვა შეგიძლიათ და ამით შეიძლება ბოროტად სარგებლობდეთ. ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში – ვერბალური შურისძიებისთვის შეიძლება იყენებდეთ. მართალია, ეს გულიდან წამოსული არ იქნება, თქვენთვის ინტელექტუალური პაექრობა, მხოლოდ ვარჯიშია – საკუთარ ძალებში რწმუნდებით, თუმცა ხანდახან ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იძენს – იმის გამო, რომ ყველას და განსაკუთრებით საკუთარ თავს დაუმტკიცოთ უძლეველი ფსიქიკა მაქვს და დებატებში დაუმარცხებელი ვარო, ზომიერების გრძნობა შეიძლება დაკარგოთ და დესტრუქციული გახდეთ. დაიცავით ზღვარი. ისწავლეთ გაჩერება.

ამ ასპექტის მქონე ინდივიდები, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე ვერ დგანან, გულღრძო და ბოღმიანი ტიპაჟების რეპუტაციით სარგებლობენ. უმეტესწილად ნეგატივზე კონცენტრირდებიან. სულ უარყოფით მხარეებზე აკეთებენ აქცენტს. ისე ლაპარაკობენ, ყველაფრის ხალისს დაკარგავ ხანდახან ადამიანი.  ცუდად ხუმრობაც არ ღირს მათთან, რადგან უზარმაზარი ენერგია აქვთ მენტალური აქტივობისთვის და თუ რამე ეწყინათ, საპასუხოდ იმხელა ნეგატივის გამოშვება შეუძლიათ, ძალიან გაწონასწორებული ადამიანის სულიერი სიმშვიდის დარღვევასაც მოახერხებენ. თუნდაც გააზრებული არ ჰქონდეთ, ზუსტად გრძნობენ თანამოსაუბრის აქილევსის ქუსლს და ყველაზე მტკივნეულ წერტილში ურტყამენ.

ძალიან მძაფრი და მკვეთრი მენტალური რეაქციები გაქვთ, თანაც ძალიან კარგად გააზრებული. თითქოს ბევრი გიფიქრიათ. პასუხობთ არა ადამიანებს, არამედ მათ ნათქვამს, კონკრეტულ ფაქტებს, მოვლენებს, თუმცა შეიძლება ვიღაცამ ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვას. მახვილი… არა უფრო ბასრი ენა გაქვთ, ქირურგიული სკალპელის მსგავსი, სადაც საჭიროა ზუსტად იქ ჭრით და იქ კერავთ.

სარკაზმის უკიდურესი ფორმების გამოყენება შეგიძლიათ. შავი იუმორი გახასიათებთ. პლუტონი მიწისქვეშა სამყაროს მეფეა, ყველაფერს აბნელებს.

განვითარების უმაღლეს ეტაპზე,  კომუნიკაციის მართვის ძლიერი უნარებიც გექნებათ. თქვენს სიტყვებს ადამიანის ქვეცნობიერში შეღწევის და განწმენდის, განკურნების, რეგენერაციის უნარი. იმდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ ვერბალურ დონეზე, ფსიქიკის, მენტალიტეტის სრული ტრანსფორმაციის მოხდენა შეგიძლიათ თქვენი ნათქვამით, დაწერილით. მუსიკოსები და მწერლები ამ მაჩვენებლით ისეთ ტექსტებს ქმნიან, რომლებიც არასოდეს ავიწყდებათ.

პერიოდულად გონების სრული გადატვირთვა გექნებათ. ,,ადამიანები არ იცვლებიან, მჟღავნდებიან!“ – ყველაფერი სხვანაირად შეიძლება აღიქვათ. უმნიშვნელო დეტალებში, რომელსაც აქამდე არ აქცევდით ყურადღებას, ყველა კითხვაზე პასუხი ნახოთ – თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა.

თქვენი გაკვეთილი: ეცადეთ მეტად ფოკუსირდეთ პოზიტივზე, ნეგატივს ისედაც ხედავთ და გრძნობთ. წყენა და ბრაზი ისე ნუ დაგაბრმავებთ ნათელი მხარის დანახვა ვეღარ შეძლოთ. ნაკლთან ერთად აუცილებელია ღირსებებსაც ამჩნევდეთ. მოერიდეთ აგრესიას, სარკაზმს, უკიდურესობებს, რადიკალიზმს. არ არის საჭირო ერთი პატარა დეფექტის გამო ყველაფრის მიწასთან გასწორება. ხანდახან გაბზარულიც მრთელდება. ნუ ლეწავთ.  დაიცავით ზომიერება. მოერიდეთ დესტრუქციას. მენტალურ და ვერბალურ თვითგვემას. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენეთ უფრო სასარგებლო საქმისთვის.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია