მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
როცა ადამიანის რუკაში ჩრდილოეთის კვანძი თევზებში ხვდება, ადამიანი ზედმეტი რაციონალიზმისკენ მიდრეკილი ხდება. ძალიან პრაქტიკულია, წესრიგის მოყვარული. ვერ იტანს როცა რაღაც მისი გეგმის მიხედვით არ ხდება. იგი პერფექციონისტია, სულ შფოთავს, სულ დაძაბულია, სულ ჰგონია, რომ რაღაც ისე არ გააკეთა, ან საკმარისი არ გააკეთა, რომ მეტი შეეძლო, რომ რაღაც შეეშალა. ეს ყველაფერი ნევროზის საფუძველი ხდება. ერთადერთი საშველი კოსმიურ ოკეანეში შეცურვაა.
შეწყვიტეთ ფიქრი და ეცადეთ იგრძნოთ. ასე იწყება თქვენი განკურნება. ,,ამან როგორ უნდა მიშველოს?“ იკითხავთ თქვენ და სწორედ ეს არის თქვენი პრობლემაც. საშინლად კრიტიკული ხართ, არამარტო საკუთარი თავის, სხვების მიმართაც. საკუთარი აზრების, ფიქრების, ლოგიკის ციხეში გამომწყვდეული. ყველაფერში ეჭვი გეპარებათ და გამუდმებით არგუმენტებს ითხოვთ. მოითხოვთ, რომ დაგაჯერონ, რადგან რწმენა არ შეგიძლიათ.
შესაძლოა გქონდეთ სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. შესაძლოა სექსი სიბინძურედ მიგაჩნდეთ. სექსისგან თავშეკავების პერიოდებიც აქტუალურია. გაქვთ ვორკაჰოლიკობის პოტენციალიც. საკუთარ შეგრძნებებს საქმეში გაურბიხართ, საქმეში გაურბიხართ აწეწილ-დაწეწილ ურთიერთობებსაც. შესაძლოა მომწამვლელ ურთიერთობაში დარჩეთ, რადგან მარტოობის შიში გქონდეთ, ან ჩათვალოთ რომ მაინც არაფერია სრულყოფილი და ბარემ რაც არის, არის.
კარმული ასტროლოგიით, ეს წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი თვისებებია, თუმცა თუ წინა ცხოვრების არ გჯერათ, მაშინ ბავშვობის ტრავმებად შეგიძლიათ მიიჩნიოთ. ადრეულ ასაკში ძალიან გაგიმძაფრეს სირცხვილის შეგრძნება. დანაშაულის გრძნობა ჩაგინერგეს. თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ. არადა ნებისმიერი სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. გაიგეთ, არავინ ვართ სრულყოფილი და გახდით მიმტევებელი როგორც საკუთარი ისე სხვების ნაკლოვანებების მიმართ. ნუ იქნებით მეწვრილმანე. ნუ აიკვიატებთ წესებს. განივითარეთ წარმოსახვა და თანაგრძნობის უნარი. ,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, რადგან ცოდნა ლიმიტირებულია“ © აინშტაინი (თევზები).
ეცადეთ გაუგოთ საკუთარ თავს და ადამიანებს. მოეშვით. არ არის საჭირო ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდეს. არ არის საჭირო ყველაფერში ჩაერიოთ. აცადეთ მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარდნენ. ,,ხანდახან დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოს“. მიენდეთ დინებას. ისწავლეთ მშვიდი ცურვა. ისწავლეთ მოდუნება ტალღებს მინდობილმა.
იგრძენით! ირწმუნეთ! უსმინეთ გულის კარნახს! მიენდეთ ინსტინქტებს. გათავისუფლდით შიშებისგან! თქვენი გზა რწმენის გზაა, გრძნობების გზაა. სულიერების გზა. თქვენ სამყაროს ერთიანობის გასააზრებლად ხართ მოსული ამქვეყნად. სხვებთან ემოციური კავშირის შესაგრძნობად. ქაოსში წესრიგის დასანახად. ამაზე გადის თქვენი სულიერი გასხივოსნების გზა. მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნილება მიაღწიოთ სრულყოფილებას, როცა მიხვდებით რომ ეს სამყარო ემორჩილება მხოლოდ ერთ უზენაეს ღვთაებრივ წესრიგს – ქაოსს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია