ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში

0
12387

მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

როცა ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში ხვდება, არის ტენდენცია, რომ ადამიანის ეგო ზედმეტად იყოს განვითარებული. იგი მთლიანად საკუთარი თავითაა მოცული, საკუთარი პერსონით. სურს რომ პატივს სცემდნენ, მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ და ამის მოსაპოვებლად ყველაფერზეა წამსვლელი. მუდამ როლშია, ყურადღებას და აპლოდისმენტებს დაწაფებული. ძალიან ღელავს საკუთარ გარეგნულ მხარეზე, იმიჯზე, ჩაცმულობაზე…. ცხოვრობს საკუთარი ახირებებით, ჟინის დაკმაყოფილებით.

პირველ რიგში,  სურვილების მონობისგან უნდა გათავისუფლდეთ და კიდევ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მანიისგან. ნუ იქცევით მარიონეტად და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები აღაფრთოვანოთ საკუთარ ინდივიდუალურობასა და უნიკალურობაზე უარს ნუ იტყვით. არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ ადამიანებს ,,სცენიდან“, ზემოდან. გაითავისეთ, რომ შეიძლება თანასწორად მიიჩნევდეთ მათ და მაინც განსაკუთრებული იყოთ. ნუ გაბრაზდებით, თუ ყველაფერი თქვენი დაწერილი სცენარის მიხედვით არ მოხდა. ნურასოდეს წამოაყენებთ მოთხოვნებს. გახსოვდეთ, ვალდებული არავინ არის. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ითხოვოთ.

ეძებეთ ჭეშმარიტი მეგობრები. თქვენით აღტაცებული ადამიანები კი არა და თაყვანისმცემლები, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ზუსტად ისეთს შეგიყვარებენ, როგორიც სინამდვილეში ხართ. სიყვარულისკენ მიმავალი გზაც, ყოველ შემთხვევაში თქვენი სიყვარულისკენ მიმავალი გზა, რომ მეგობრობაზე გადის, ესეც გაისიგრძეგანეთ. თავის მოსაწონებლად ნიღბის მორგება, იმიჯების შექმნა, კატეგორიულად გეკრძალებათ. ადამიანები, რომლებიც თქვენთან იმის გამო არიან, რომ თქვენ წარმატებული და პოპულარული ხართ, თქვენ გიყენებენ. გათავისუფლდით მათ აზრზე დამოკიდებულებისაგან. თანამოაზრეები ნახეთ და იყავით ისეთივე უბრალო, უშუალო და ერთ-ერთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.  ნუ ეჯიბრებით სხვებს. ნუ ეცდებით იყოთ საუკეთესო. თქვენ მოგეთხოვებათ იყოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თავი. სხვების თანასწორი და მაინც გამორჩეული.

გამოხატეთ  მადლიერება და დააფასეთ სხვები, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით დაფასების ფასი. დაეყრდენით ჯგუფურობის პრინციპს, ჩადეგით კაცობრიობის სამსახურში, ხელი შეუწყვეთ მის პროგრესს და ზოგადად თითოეულ ადამიანს, რომ მიაღწიოს, მის მაქსიმუმს. თქვენ სხვის დამფასებლად ხართ დაბადებული ამ ინკარნაციაში და როცა ამას მოახერხებთ, თავადაც დაფასდებით. სცადეთ, თქვენ ამის პოტენციალი გაქვთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია