მთვარე ურანის შეერთება

    0
    935

    ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი მთვარესთან წინაინკარნაციულ ან ბავშვობაში გადატანილ ტრავმებზე მიუთითებს. ურანთან მისი უარყოფითი ასპექტაციისას (შეერთებაც უარყოფითია ამ შემთხვევაში) სავარაუდოა, რომ ოდესღაც მოხდა თქვენი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დამოკიდებულებების რღვევა და ოჯახის, სიყვარულის ცნებები თქვენს წარმოდგენაში რადიკალურად შეიცვალა. მთვარე თავის ბუნებაზე უარს ამბობს ურანთან კავშირით… ბავშვი ჭიპლარს იჭრის და დედისგან დამოუკიდებლად არსებობას იწყებს.

    თქვენი დედიკო მთლად ჩვეულებრივი ქალი არ იქნებოდა, ვერ იქნებოდა სტანდარტული, მზრუნველი დედა, ან საერთოდ არ იქნებოდა თქვენ გვერდით. შესაძლოა ადრეულ ასაკში მიგატოვათ (მშობლები გაშორდნენ), არეული ცხოვრება ჰქონდა და ემოციურად სტაბილური გარემო ვერ შეგიქმნათ… ან ეგებ სულაც ძალიან კარგი დედა იყო, მაგრამ ემოციურ დონეზე ცოტა დისტანციური, გაუცხოებული… ან უცნაური ცხოვრებისეული ფილოსოფიით ცხოვრობდა და თქვენც არასტანდარტულ გარემოში გაიზარდეთ… ასეა თუ ისე, თქვენს ოჯახში ბავშვის ემოციური ინტელექტის ნორმალურად განვითარებისთვის სათანადო გარემო არ იყო, ამიტომ თქვენც ვერ ახერხებთ იყოთ ჩვეულებრივი.

    დამოუკიდებლობა ძალიან ადრეულ ასაკში ისწავლეთ. როცა ვიღაც გჭირდებოდათ, არ გყავდათ და გადაწყვიტეთ, რომ არც არავინ გჭირდებათ. როცა სველ საფენებში თქვენი საწოლის კიდესთან იდექით და გულამოსკვნილი ამაოდ ითხოვდით დედას,  ისე გეტკინათ, საკუთარ თავს ,,შეჰპირდით“, რომ ვინმეზე ემოციურად დამოკიდებული აღარასოდეს იქნებოდით. თავდაცვის მექანიზმებმა მიტოვების ფობია, მიჯაჭვულობებისადმი შიშად გარდაქმნეს, დამოუკიდებლობის დაკარგვისადმი შიშად – თქვენ თავად გახდით ასეთივე არასტაბილური, გარბიხართ მაშინვე, როგორც კი ემოციები ჩნდება და მანამ სანამ ჯერ კიდევ მიტოვება შეგიძლიათ… ,,ჭკვიანი ქალი ტოვებს, სანამ მიატოვებენ“ – ეს მერლინ მონროს ფრაზაა. მერლინს მთვარე მერწყულში ჰყავდა და თანაც დაზიანებული მთვარე – ესეც დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელია.

    კაცებს მიუწვდომელი ქალები მოსწონთ, ქალებს შეუძლებელი კავშირები. არამდგრადები არიან, ცვალებადები, რაც ახლობლების გარემოცვაში უფრო ცხადია. ყველაფერი უნდათ ახლავე, ხიბლავთ ყოველივე ახალი, გულს შეგიწუხებენ ყურადღებით, მაგრამ როცა უკვე რუტინად იქცევა რამე, გეგმებს ცვლიან და გარბიან.  შეერთება უფრო მძიმე ასპექტია ამ კუთხით ვიდრე სხვა დაძაბული ასპექტები.  კვადრატისა და ოპოზიციის დროს ორივე თავისკენ ექაჩება ადამიანს – მუდმივად არჩევანის გაკეთება უწევს დამოკიდებულების მოთხოვნილებასა და თავისუფლებას შორის. შესაძლოა არაკომფორტულად გრძნობდეთ თავს ემოციებში, გარბოდეთ, მარტოდ რჩებოდეთ და მერე სიახლოვე და სიყვარული გენატრებოდეთ.

    საოცრად არაადეკვატური რეაქციები გაქვთ ყველაფერზე. რაღაც მომენტებში შეიძლება ითიშებოდეთ, ფიზიკურად აქ იყოთ, მენტალურად, ემოციურ დონეზე სხვაგან. გრძნობების აღწერის ნაცვლად, უგრძნობლობაზე საუბრობთ… გენატრებათ და საკუთარ თავს არწმუნებთ (ეგებ გარშემომყოფებს) – ვერაფერს ვგრძნობო….. შეყვარებულის ღალატს, სრულიად გულგრილად შეიძლება შეხვდეთ – ,,არაუშავს, ხდება ხოლმე“… ,,კარგი, გასაგებია, დავიშალეთ“…. ამ მშვიდი დიალოგის უკან კი მოგონება დგას – როგორ იმედიანად, ღიმილით  გააცილეთ დედა, ან მამა ახალფეხადგმულმა… იმ იმედით, რომ როცა დაგჭრდებოდათ, თქვენთან გაჩნდებოდა… მაგრამ ასე არ მოხდა.

    ექსპერიმენტული ხართ კვების საკითხებშიც. უცნაურ კომბინაციებს აკეთებთ. ძეხვიან ბუტერბროდს შეიძლება მურაბა მოასხათ, ან უცებ ბრახ და გადაწყვიტოთ რომ საერთოდ არ ჭამოთ… ერთი კვირის განმავლობაში. არასტანდარტული ურთიერთობა გაქვთ შვილებთანაც. თუკი ქალბატონი ხართ, ორსულობის დროს სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ… ნუ მოეკიდებით ისე აგდებულად ამ საკითხს, როგორც გჩვევიათ ხოლმე.

    ეცადეთ გათავისუფლდეთ შიშებისგან, საკუთარ თავს და პარტნიორს სიყვარულის, მზრუნველობის უფლება მისცეთ. ერთმანეთზე ზრუნვა ბორკილები არ არის და რადგან ერთხელ მიგატოვეს, არ არის სავალდებულო, რომ ყოველთვის მიგატოვონ. თუ ფიქრობთ რომ მაინც არაფერი გამოვა, თქვენი რა მიდის, სცადეთ… ეგებ ერთხელაც გამოვიდეს.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...