ჰიპერსენსიტიური ხართ, იმდენად მგრძნობიარე, რომ შესაძლოა რეალობიდან თავის დაღწევის მცდელობა გქონდეთ.
თქვენი დედიკო ძალიან დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენდა თქვენზე. იგი ან მსხვერპლი იყო, რასაც თქვენ ძალიან განიცდიდით, ან კიდევ ავადმყოფი, სუსტი, რაღაცნაირად უბედური და ცხოვრებაარეული… ეგებ ალკოჰოლიკიც. შესაძლოა მამა გყავდათ ასეთი და დედა გეცოდებოდათ მის გვერდით… დედის ხატი რაღაცნაირად ჯვარცმულია, გაიდეალიზებული… თუმცა ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესობებია, გასათვალისწინებელია ამ ასპექტში მონაწილე პლანეტების ნიშნები, სახლები და სხვა ასპექტებიც.
ასეა, თუ ისე, ფაქტი ერთია – სახლში მთლად ჯანსაღი სიტუაცია არ გქონდათ… საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს გრძნობდით. გინდოდათ დახმარებოდით, გვერდში დადგომოდით, მაგრამ ძალიან პატარა იყავით ამისთვის. ჰოდა, რაღა დაგრჩენოდათ, პატარა მუშტებს ჰკრავდით, გული გეფლითებოდათ და ვერაფერს აკეთებდით. თავგზა აგებნათ, სულიერი ორიენტირი დაკარგეთ. ახლა შეიძლება უპასუხისმგებლო იყოთ, პრობლემებს გაურბოდეთ, მუდამ სხვების დახმარებას საჭიროებდეთ, ან კიდევ თავად ცდილობდეთ ვიღაცის გადარჩენას, თანაც სრულიად უშედეგოდ.
მესიანიზმის სინდრომი ცხოვრების პირველ ნახევარში განსაკუთრებით მკვეთრად იჩენს თავს. მამაკაცები, ამ მაჩვენებლით, სუსტი, მგრძნობიარე, დაუცველი ქალებით იხიბლებიან. ისეთ პარტნიორებს ირჩევენ, რომლებიც, მათი აზრით, მის გარეშე დაიღუპებოდნენ და შედეგად თავად ხდებიან მსხვერპლნი. არსებობს ალკოჰოლიზმის, სუიციდისკენ მიდრეკილების, ნარკომანობის საფრთხე (ან ასეთი პარტნიორების მიზიდვის საფრთხეც), თუმცა სავალდებულო არ არის. ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ იმდენად მგრძნობიარე ხართ, სასტიკ რეალობასთან გამკლავება გიჭირთ და მისგან თავის დაღწევის მცდელობის გზები სხვადასხვა შეიძლება იყოს.
,,ცუდი ადამიანები არ არსებობენ, არსებობენ უბედური ადამიანები“ – იტყვით თქვენ. გინდათ რომ ადამიანებს იმ მხრიდან უყუროთ, საიდანაც ყველაზე კარგები არიან და ამის გამო რეალური სურათის აღქმა გიჭირთ, ილუზიების მსხვერპლი ხდებით. ასე განსაკუთრებით იმათთან გემართებათ, ვინც გიყვართ.
თქვენ მიერ შექმნილ ინდივიდუალურ მითში ცხოვრობთ – ვერაფრით ეგუებით აზრს, რომ ბოროტება არსებობს. ყველა თქვენსავით კეთილი გგონიათ. სულ ხავსს ეჭიდებით, პატარა სიკეთეს თუ დაინახავთ ადამიანში, ჭკუაზე არ ხართ სიხარულისგან. ზედმეტად უგებთ ყველას, ზედმეტად მიმტევებელი ხართ, ზედმეტად თანაუგრძნობთ… ვერ ხვდებით, რომ ამას ბევრი სიკეთეში კი არა სისულელეში გითვლით. ვერ იჯერებთ, რომ შეიძლება თქვენი ამ თვისებით ბევრმა ბოროტად ისარგებლოს.
რამდენჯერაც უნდა გაგიცრუვდეთ იმედი, მაინც არ გინდათ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ,,რადგან ერთი მომექცა ასე, არ ნიშნავს, რომ ყველა ასე მომექცევა“ – თქვენი ცხოვრების უმთავრესი არგუმენტია.
თქვენი სამყარო უანგარო გრძნობების სამყაროა, სიყვარულისთვის თავგანწირვის, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების სამეფო. აქ არ არსებობს თქვენი და სხვისი ტკივილი… ყველას ერთმანეთის ტკივა, ყველა ერთმანეთისას განიცდის… ,,მტკივა, რომ გატკინე“… ყველა კარგია, უბრალოდ… ,,მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას იქმან“…
ემოციების ღრუბელი ხართ, თქვენი რომ არ გქონდეთ სანერვიულო, გარშემომყოფების განცდებს შეისრუტავთ. ყველასი გესმით, ყველაფრის გაგება შეგიძლიათ. კარგი იქნება თუ ამ ფსიქოლოგიურ უნარებს მხოლოდ ცრემლებში არ დახარჯავთ. დეპრესიის, მელანქოლიის სიღრმე ხანდახან იმდენად აუტანელია, შეიძლება უფრო ღრმად დაყვინთოთ.
საკუთარი წარსულის შესახებ რაღაც მითს ქმნით და უტოპიურ მომავალზე ოცნებობთ. როდესაც გეუბნებიან რომ არასწორად იქცევით, საუბარს თავს არიდებთ… ,,მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ“, ,,სხვა თემაზე გადავიდეთ“…
საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში ხელოვნებაა. მდიდარი ფანტაზია, საოცარი თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი, უჩვეულო მუსიკალურობა – ეს ყველაფერი არტისტისთვის პირდაპირ მისწრებაა.
ხანდახან საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეთ, სადმე მშვიდ იდილიურ გარემოში წახვიდეთ, თუნდაც მონასტერში, ველურ ბუნებაში, წყალთან ახლოს.. და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ.
უნდა ისწავლოთ თქვენი და სხვისი პრობლემების ერთმანეთისგან გამოყოფა. იმის გარჩევა, ვისთვის ღირს დახმარების გაწევა და ვისთვის არა, ვინ იმსახურებს თქვენს თანაგრძნობას და ვინ არა. ამქვეყნად ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც საკუთარ პრობლემებს თავს არ გახვევთ, მაგრამ ძალიან სჭირდებით… თქვენ კი ხშირად შანტაჟისტი, მანიპულატორი და უნამუსო ადამიანების გამო ამბობთ მათზე უარს.
აუცილებლად გადასაფასებელია ღირებულებები. ჭაობში ჩავარდნილს ხელი მხოლოდ მაშინ უნდა გაუწოდოთ, როცა ამოსვლა მართლა უნდა და იცით, რომ მისი ამოთრევის ძალა გაქვთ, სხვა შემთხვევაში მცდელობაც კი დანაშაული იქნება. მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ცხოვრებას. სხვების გადარჩენის მცდელობაში, თავად გადასარჩენი ნუ გახდებით – ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია