სატურნი ყველაფერს ზღუდავს, ამცირებს, აკომპლექსებს… თქვენს შემთხვევაში კი ეს იქნება კომუნიკაცია. დიდი კომუნიკაბელურობით შეუძლებელია გამოირჩეოდეთ. არც სიტყვაუხვობით. სავარაუდოდ უსარგებლო ნაცნობობას და საუბრებს ყველანაირად ეცდებით თავი აარიდოთ. ცივი ხართ, დისტანციური, მშრალი… დანარჩენი რუკაც გასათვალისწინებელია, მერკურის სხვა ასპექტებიც… მაგრამ ეს მაინც გექნებათ – მხოლოდ იმიტომ, რომ უხერხული სიჩუმე დაარღვიოთ, საუბარს არ წამოიწყებთ (თუ რა თქმა უნდა საქმეს არ სჭირდება სხვანაირად). ამიტომ ასოციალურადაც შეიძლება მიგიჩნიოთ ვინმემ. სკოლაშიც, ბავშვობაში, სავარაუდოა, რომ ,,დიდივით“ იქცეოდით. ბეჯითი და მონდომებული იყავით. პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და პირნათლად ასრულებდით დავალებას.
ძალიან სერიოზული ხართ. ყურადღებას აქცევთ იმას, თუ ვის ესაუბრებით. საოცარი თვითცენზურით ხართ შეპყრობილი. აკონტროლებთ საკუთარ ჟესტიკულაციას, ინტონაციას… საჯარო გამოსვლების შიში გაქვთ. გეშინიათ საუბარში რამე სისულელე არ თქვათ, შეცდომა არ დაუშვათ. ,,არ იდარდო, რას იტყვიან სხვები“ – ვიძლევით ხოლმე რჩევებს… მაგრამ თქვენთვის ამ რჩევის მოცემას აზრი არ აქვს, მაინც იდარდებთ. თქვენ რეპუტაციას უფრთხილდებით. გინდათ რომ ჭკვიანი ადამიანის ავტორიტეტი გქონდეთ და ამიტომ სანამ რამეს იტყოდეთ, ჯერ ფიქრობთ, სიტყვებს არჩევთ, გეგმავთ რა თქვათ და როგორ თქვათ და მერე ამბობთ. პასუხს აგვიანებთ და ნელა საუბრობთ. მეტიც, ხან უკვე ჩავლილ ,,სფიჩს“ უბრუნდებით და შეცდომებს განიცდით.
კომპლიმენტებზე რომ რეაგირებთ არ იმჩნევთ, ამიტომ შეიძლება აღარც გეუბნებოდნენ… არადა ძალიან გჭირდებათ… ერთადერთი რასაც თქვენი კომპლექსებისგან გათავისუფლება შეუძლია სხვების დადებითი შეფასებაა.
ლოგიკური აზროვნება გაქვთ, მათემატიკური გონება – ღრმა და ძალიან მშრალი, ფაქტების დონეზე… ამიტომ ეს უფრო ინჟინრების, მშენებლების, დამპროექტებლებისთვის, ხელსაყრელი ასპექტი უფროა, ვიდრე ხელოვანი ადამიანებისთვის. თუმცა მხოლოდ ამ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ. შეიძლება მწერალიც იყოთ, მაგრამ მაშინ ძალიან მშრალად დაწერთ, ყველა ლიტერატურული ნორმის და გრამატიკული წესების დაცვით.
ხანდახან სარკასტული და ირონიულიც შეიძლება იყოთ. გიყვართ სხვებისთვის ვარდისფერი სათვალეების მსხვრევა. ,,აუ, ძირს დაეშვი რა… ნუ დაფრინავ ღრუბლებში“… არგუმენტებს ითხოვთ, გარანტიებს… ზუსტ და კონკრეტულ გეგმებს. ნამდვილი ურწმუნო თომა ხართ! ფაქტები! ფაქტები!
კომპლიმენტებში ძუნწობთ და უწი-პუწი ალერსიანი მენტალური კონტაქტი თქვენს ძალებს აღემატება. სიტყვა ,,გთხოვ“ წარმოთქმაც კი გიჭირთ. შეიძლება ტელეფონზე საუბარს ვერ იტანდეთ. მხოლოდ საქმეზე და ძალიან მშრალად ისაუბრებთ. შეტყობინებებზე სულ ორი სამი სიმბოლოთი შეიძლება პასუხობდეთ.
ყველაზე ცუდ გამოვლინებაში, ბავშვებს ამ ასპექტით სწავლის პრობლემა აქვთ, ინფორმაციის ათვისება უჭირთ, აკლიათ თავდაჯერება, თვითშეფასებაა აქვთ დაბალი, შეცდომების აღიარება უჭირთ და დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება, შეიძლება კონტაქტში შემოსვლაც უჭირდეთ, სოციალიზაციის პრობლემაც ჰქონდეთ. მეტყველების პრობლემებიც შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე უკიდურესობებია. ალბერტ აინშტაინსაც ჰქონდა ეს ასპექტი. ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა მაინც – იგი ცუდი მოსწავლე იყო, ცუდად სწავლობდა, საშინელი ნიშნები ჰყავდა. ფიზიკაშიც კი – 3. მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ დიდი ვერაფერი დადგებოდა მისგან… ,,ნუ დარდობთ მათემატიკაში თქვენს პრობლემებზე, ჩემი პრობლემები უფრო დიდია“ – წერდა ის… ალბათ ხვდებით, რომ სინთეზში ყველა ასპექტი სხვანაირად ვლინდება.
საუკეთესო ვარიანტში სწავლას, ინფორმაციის ათვისებას, იმაზე მეტ ხანს მოანდომებთ, ვიდრე სხვები ანდომებენ, მაგრამ სამაგიეროდ საფუძვლიანად ისწავლით და მერე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. მარტო უკეთესად იმუშავებთ, დამოუკიდებლად, ვიდრე გუნდთან ერთად.
ნახეთ მერკური რომელ სახლს მართავს რუკაში (ანუ რომელი სახლი იწყება ტყუპებით, ან ქალწულით). ამ სახლის სფეროებში ცოტა გაგიჭიანურდებათ საქმეები, რაღაც დანაკლისი გექნებათ. მაგალითად, თუკი მეშვიდე სახლი იწყება ქალწულით, შესაძლოა გვიან გათხოვდეთ, ან პრობლემები გქონდეთ ქორწინებაში.
არსებობს კიდურების მოტეხვის საფრთხე, ხელის მოტეხვის, თითების, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ ასპექტს უარყოფით ასპექტი აქვს მარსის, ან კიდევ მეექვსე სახლთანაა დაკავშირებული.
პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა კარგია, მაგრამ ცოტა მოდუნების საშუალებაც უნდა მისცეთ საკუთარ თავს. მენტალური კომუნიკაციით სიამოვნების მიღების უფლება. შეცდომების დაშვების უფლება. ცოტა გათავისუფლდით, თქვენ იმაზე უკეთ საუბრობთ, ვიდრე გგონიათ. ადამიანები ძირითადად ვერ ამჩნევენ იმ პატარა დეფექტებს, რის გამოც თქვენ ასე ნერვიულობთ. ყველა უშვებს შეცდომებს და წვრილმანები ყველას ეპატიება. ნუ ფიქრობთ ამდენს. გაცილებით მეტი იცით ვიდრე წარმოგიდგენიათ. გათავისუფლდით კომპლექსებისგან, გახსენით კრიჭა და ეცადეთ ცოტა უფრო ლაღი გახდეთ კომუნიკაციის პროცესში. ყოველთვის ,,დიდებივით“ მოქცევა დამღლელია… მერე რა თუ ვერ იქნებით ყოველთვის სანიმუშო… ერთი-ორჯერ ,,შატალოზე“ წასვლით ქების სიგელს არავინ ჩამოგართმევთ… ხანდახან მაინც ,,დაიკიდეთ“ ავტორიტეტების აზრი… ეცადეთ მაინც…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია