ეს ფსიქოლოგების ასპექტია. ნლპ – უკიდურესად პლუტონისეულია. მენტალურ პროცესში საოცარი სიღრმეებისთვის მიღწევა შეგიძლიათ – პრობლემის სათავის პოვნა, ამოქექვა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება. როცა რაღაც გაინტერესებთ, როცა რამეში გარკვევა გინდათ, სანამ ფსკერზე არ ჩახვალთ და არ გამოიკვლევთ, სანამ არ ,,ამოთხრით“ შეპყრობილივით ხართ, ვერ ისვენებთ.
ფსიქიატრია, ასტროლოგია, ოკულტიზმი, მისტიკა, ეზოთერიკული სწავლებები – აი, რა გიტაცებთ. ყველაფერი, რაც თვალისთვის უხილავია, დამალულია, ზედაპირს მიღმაა. ხსნის და აშიშვლებს. თქვენთვის ცოდნა – ძალაუფლებაა, იარაღია. ურთიერთბები კი ომი.
ადამიანის ტვინის ხვეულებში თვალდახუჭული იგნებთ გზას. სიბნელეში კატასავით ხედავთ. ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად ჩაფლული სიბინძურის დანახვა შეგიძლიათ და ამით შეიძლება ბოროტად სარგებლობდეთ. ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში – ვერბალური შურისძიებისთვის შეიძლება იყენებდეთ. თუმცა ეს გულიდან წამოსული არ იქნება. თქვენთვის ინტელექტუალური პაექრობა, მხოლოდ ვარჯიშია. საკუთარ ძალებში რწმუნდებით.
ამ ასპექტის მქონე ინდივიდები, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე ვერ დგანან, გულღრძო და ბოღმიანი ტიპაჟების რეპუტაციით სარგებლობენ. უმეტესწილად ნეგატივზე კონცენტრირდებიან. სულ უარყოფით მხარეებზე აკეთებენ აქცენტს.
,,ოპტიმიზმი ინფორმაციის დეფიციტია“ – თავს რეალისტებად მიიჩნევენ და ვერ ხვდებიან რომ რეალობა, მხოლოდ ერთი რაკურსით, თუნდაც სრული ჭეშმარიტება იყოს, სრულყოფილი სახე არ იქნება რეალობის. ისე ლაპარაკობენ, ყველაფრის ხალისს დაკარგავ ხანდახან ადამიანი.
ცუდად ხუმრობაც არ ღირს მათთან, რადგან უზარმაზარი ენერგია აქვთ მენტალური აქტივობისთვის და თუ რამე ეწყინათ, საპასუხოდ იმხელა ნეგატივის გამოშვება შეუძლიათ, ძალიან გაწონასწორებული ადამიანის სულიერი სიმშვიდის დარღვევასაც მოახერხებენ. თუნდაც გააზრებული არ ჰქონდეთ, ზუსტად გრძნობენ თანამოსაუბრის აქილევსის ქუსლს და ყველაზე მტკივნეულ წერტილში ურტყამენ.
ძალიან მძაფრი და მკვეთრი მენტალური რეაქციები გაქვთ, თანაც ძალიან კარგად გააზრებული. თითქოს ბევრი გიფიქრიათ. პასუხობთ არა ადამიანებს, არამედ მათ ნათქვამს, თუმცა შეიძლება ვიღაცამ ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვას. მახვილი… არა უფრო ბასრი ენა გაქვთ, ქირურგიული სკალპელის მსგავსი, სადაც საჭიროა ზუსტად იქ ჭრით და იქ კერავთ.
სარკაზმის უკიდურესი ფორმების გამოყენება შეგიძლიათ. შავი იუმორი გახასიათებთ. პლუტონი მიწისქვეშა სამყაროს მეფეა, ყველაფერს აბნელებს.
ყველაფერში ქვეტექსტებს ეძებთ. ქცევებს მიღმა მოტივაციებს. ვიზუალურ მხარეს არ ენდობით. ზედაპირულ დასკვნებში ეჭვი შეგაქვთ. სიმბოლური ლოგიკა გაქვთ. ყველაფერი რაღაცა სხვას ნიშნავს.
ეს გამომძიებლის, დეტექტივის გონებაა. სხვებზე ყველაფერი იცით და თავად უამრავი საიდუმლოება გაქვთ. თუ ინფორმაციას გასცემთ, ესეც ტაქტიკა იქნება, სანაცვლოდ ორმაგს მიიღებთ.
სულში ხელების ფათური, თქვენთვის დაწყებითი სკოლის სავარჯიშოა. განვითარების უმაღლეს ეტაპზე, კომუნიკაციის მართვის ძლიერი უნარებიც გექნებათ. თქვენს სიტყვებს ადამიანის ქვეცნობიერში შეღწევის და განწმენდის, განკურნების, რეგენერაციის უნარი. იმდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ ვერბალურ დონეზე, ფსიქიკის, მენტალიტეტის სრული ტრანსფორმაციის მოხდენა შეგიძლიათ თქვენი ნათქვამით, დაწერილით. მუსიკოსები ადა მწერლები ამ მაჩვენებლით ისეთ ტექსტებს ქმნიან, რომლებიც არასოდეს ავიწყდებათ. მაგალითად, ლენონს ჰქონდა ეს ასპექტი, რუზველტს, სტენლი კუბრიკს…
პერიოდულად გონების სრული გადატვირთვა გახასიათებთ. ,,ადამიანები არ იცვლებიან, მჟღავნდებიან!“ – ყველაფერი სხვანაირად შეიძლება აღიქვათ. უმნიშვნელო დეტალებში, რომელსაც აქამდე არ აქცევდით ყურადღებას, ყველა კითხვაზე პასუხი ნახოთ.
თქვენი გაკვეთილი: ეცადეთ მეტად ფოკუსირდეთ პოზიტივზე, ნეგატივს ისედაც ხედავთ და გრძნობთ. წყენა და ბრაზი ისე ნუ დაგაბრმავებთ ნათელი მხარის დანახვა ვეღარ შეძლოთ. ნაკლთან ერთად აუცილებელია ღირსებებსაც ამჩნევდეთ. მოერიდეთ აგრესიას, სარკაზმს, უკიდურესობებს, რადიკალიზმს. არ არის საჭირო ერთი პატარა დეფექტის გამო ყველაფრის მიწასთან გასწორება. ხანდახან გაბზარულიც მრთელდება. ნუ ლეწავთ. დაიცავით ზომიერება. მოერიდეთ დესტრუქციას. მენტალურ და ვერბალურ თვითგვემას. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენეთ უფრო სასარგებლო საქმისთვის.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია