კონფლიქტია თქვენს ქმედებებსა და ლოგიკას შორის. ერთს ფიქრობთ და იმის საწინააღმდეგოს აკეთებთ, იმპულსურად, ყოვლად გაუაზრებლად. გონება ხელს გიშლით იმის კეთებაში, რაც გინდათ და თქვენი საქციელი ვერავითარ ლოგიკაში ვერ ჯდება. ნება და აზრი ვერ თანხმდება. უნდა მოახერხოთ და როგორმე შეძლოთ ორივეს გამოყენება ისე, რომ არცერთ დაზარალდეს.
მენტალური ომების მეფე ხართ. გიჟდებით კამათზე, ცხარე დებატებზე. აქტიური ჟესტიკულაცია გაქვთ, ცოტა უხეში კომუნიკაციის მანერა, აგრესიული, ან/ და ძალიან სწრაფი საუბარი. პირდაპირ, ნათლად და გასაგებად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე ლაპარაკობთ.
ბასრი ენა გაქვთ და წვეტიანი აზრები. ჯერ ამბობთ, მერე ფიქრობთ… თუმცა შეიძლება მერეც ვერ დაფიქრდეთ რა თქვით, თქვენი ტვინი უკან მისაბრუნებლად ვერ იცლის, ძალიან სწრაფად ტრიალებს.
აზრებს შეიძლება პირად შეურაცხყოფად იღებდეთ და გაბრაზებული თავად მართლაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდეთ. სიმართლის გაგება და დამტკიცება კი არა, დებატებში გამარჯვებაა თქვენი უმთავრესი მოტივაცია. მთავარია, დაამტკიცოთ რომ სხვები ცდებიან და თქვენ მართალი ხართ. კონსტრუქციული დიალოგი თქვენთან თითქმის შეუძლებელია.
პრობლემებს კი არ აანალიზებთ, თავს ესხმით. სწრაფად ფიქრობთ. იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებთ. მოძრაობაში ხართ. თქვენი გონება ვერასოდეს ისვენებს. ძალიან აქტიური ხართ და ენერგიული, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად.
სიარულითაც სწრაფად ივლით სავარაუდოდ, ფეხით, თუ ტრანსპორტით (ავარიებისკენ მიდრეკილებაც გაქვთ), თუმცა ეს ასცედენტის მდებარეობაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, ამომავალი ნიშანი კუროში ცოტა აზანტებს ადამიანს.
შეიძლება კიდურებს გამუდმებით ურტყამდეთ რაღაცას, ხელს იჭრიდეთ ქაღალდზე. ხელებზე, თითებზე შრამები გექნებათ, რომელთა უმრავლესობაც შესაძლოა სულაც არ გახსოვდეთ საიდან გაჩნდა. მოკლედ, ხელებს თავისი ცხოვრება აქვთ.
ათჯერ თქმა არ გჭირდებათ, ყურმოკრულ ინფორმაციას ელვის სისწრაფით ისრუტავთ. რამე იდეა თუ გაგკრავთ, მაშინვე მის პრაქტიკაში განხორციელებას იწყებთ, თუმცა მიიყვანთ თუ არა ამ დაწყებულ საქმეებს ბოლომდე, პლანეტების ნიშნებსა და მათ სხვა ასპექტებზეა მეტწილად დამოკიდებული.
მერკური და-ძმები, ნათესავებიც არის და კლასელებიც. შესაძლოა მათთან კონფლიქტები გქონდეთ. ხშირია თავის ტკივილები და ნევროზი.
აუცილებელია თვითდისციპლინა და ფოკუსირება, თორემ ენერგია შეიძლება სულ ტყუილად უაზრო შეხლა-შემოხლასა და გარჩევებში დაკარგოთ. ისწავლეთ ტაქტი და ჯანსაღი კამათი. ნუ ჩქარობთ და ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია