კომუნიკაციის პროცესში ძალიან სიტყვაუხვი ადამიანი ხართ. ზედმეტად. ვერც ხვდებით ისე გადადიხართ დიალოგის რეჟიმიდან მონოლოგის რეჟიმზე. რომელიმე იდეაზე მსჯელობისას დემაგოგად შეიძლება იქცეთ. ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი, ყველაფერი იცით. გურუ ხართ. ფილოსოფოსი. გინდათ თქვენი საუბრით შთაბეჭდილება მოახდინოთ.
უარყოფით გამოვლინებაში შეიძლება იმდენად გჩვეოდეთ გაზვიადება, ტრაბახი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ და ადამიანები არ გიჯერებდნენ. შეიძლება იყოთ კიდეც მატყუარა, ოღონდ რამე გამორჩენის მიზნით კი არა, უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მაგალითად, ხელფასის ორმაგი რაოდენობა შეიძლება დაასახელოთ, ვიდრე გაქვთ; თქვათ, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი თქვენი ახლო მეგობარია, როცა შეიძლება ერთხელ გყავდეთ ნანახი…. დაპირებებშიც ზედმეტი მოგდით, ამიტომ ხშირად მათი შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. არ გჭირდებათ ეს! არავის სჯერა! თქვენი პოტენციალის დადებითად გამოყენების შემთხვევაში – კარგი ორატორული უნარები გექნებათ და კარგი ავტორიტეტი, შეიძლება ისეთი დიდი პატივისცემა დაიმსახუროთ, მართლაც ბრმად გენდობოდნენ.
ენთუზიასტი ხართ, მენტალურ დონეზე ძალიან ენერგიული და პროდუქტიული. სულ გრანდიოზული გეგმები გაქვთ და მასშტაბური იდეები. განზოგადებისკენ ხართ მიდრეკილი. უზარმაზარი სანაცნობო წრე გყავთ. შეიძლება გავლენიანი ნაცნობებიც. არხეინი დამოკიდებულებები გაქვთ, დიდი ამბიციები…. უსაშველოდ პოზიტიური დამოკიდებულებები. ,,ოჰ, რა უნდა მაგას“… ,,გადასარევად ვარ“… ძალიან ოპტიმისტურად ,,ჟღერთ“ – როგორი პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ, გარშემომყოფები შეიძლება ვერ მიხვდნენ.
გამუდმებით რაღაცას სწავლობთ. იმხელა რაოდენობის ინფორმაცია შემოედინება და გაედინება თქვენში, ჩვეულებრივი ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებდა. ბევრს დადიხართ, მოგზაურობა გიყვართ, ახალი ადამიანების გაცნობა. ფილოსოფიური წიგნების კითხვა. რელიგიებიც გაინტერესებთ და სხვადასხვა სულიერი სწავლებებიც. მოტივირებული ხართ უმაღლესი განათლების მიღებასა და ხარისხების დაგროვებაში. შეიძლება იმდენი სასწავლებელი გამოიცვალოთ ძალიან ბევრი წელი მოანდომოთ სწავლას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია