თქვენს სახლში საოცარი დისციპლინა სუფევდა. მშობლები თქვენი მაგალითი იყვნენ. გექცეოდნენ როგორც დიდს. ადრეულ ასაკშივე დიდი პასუხისმგებლობა დაგაკისრეს და სჯეროდათ რომ ყველაფერს სწორად გააკეთებდით. არსებობდა მიუღებელი საქციელების გრძელი სია და არასწორად მოქცევა დაუშვებელი იყო. მშობლებს პატივს სცემდით, მაგრამ ძალიან პატარა იყავით ამხელა პასუხისმგებლობისთვის. შეგეშინდათ, რომ იმედებს გაუცრუებდით მათ. ძალიან ცდილობდით ის მოლოდინი, რომელიც მათ ჰქონდათ, გაგემართლებინათ და სულ დამნაშავედ გრძნობდით თავს. ყველა ოჯახურ კონფლიქტში საკუთარ თავს ადანაშაულებდით და თქვენს თავში იკეტებოდით. ცდილობდით მოქცეულიყავით დიდივით, არ შეგემჩნიათ ემოციები, გრძნობები.
საკუთარი ოჯახის წევრებისგან გაუცხოვდით. სიმკაცრემ და დისციპლინამ დისტანცია შობა. დედა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თქვენთვის, თუმცა თქვენს ემოციურ საჭიროებებთან შესაბამისობაში ვერაფრით მოდიოდა. შესაძლოა თქვენი მშობელი ბევრს მუშაობდა და თქვენთვის არ ეცალა. ასეა თუ ისე მზრუნველობა მოგაკლდათ. საშინლად მარტოსულად იგრძენით თავი. თქვენგან ითხოვდნენ თავად მიგეხედათ საკუთარი თავისთვის და ემოციურ დონეზე საკუთარი თავის გამოხატვის ყველანაირ მცდელობა ჩაგიხშვეს. ამან თქვენს სოციალურ იმიჯზე იმოქმედა – საოცრად მორცხვი გახდით და საოცრად მოწყვლადი საზოგადოების აზრის მიმართ. გტკენთ და გწყინთ სხვების შეხედულებები.
თქვენ ახლა წართმეული ბავშვობის ანაზღაურებას ცდილობთ. ყველასი გესმით, ყველასი გადარდებთ, ყველაზე ზრუნავთ, ყველას მხარში უდგახართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ცდილობთ დაეხმაროთ. საშუალებას აძლევთ მათ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, როგორებიც სურთ რომ იყვნენ. უპირობოდ გიყვართ. მთავარი ის კი არ არის თუ რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, არამედ რას გრძნობენ, როგორები არიან შინაგანად. თქვენ ისწავლეთ თქვენი სენსიტიური მხარის გამოვლინება, თანაგრძნობა. ცდილობთ თქვენი განწყობილებები სააშკარაოზე გამოიტანოთ, მაგრამ შინაგან დონეზე მაინც მარტოსული რჩებით. იმისთვის, რომ გაიხსნათ უსაფრთხო გარემო გჭირდებათ. ადვილად ფრთხებით. ბედნიერი ხართ მაშინ, როცა ადამიანებს ნანატრი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია