თქვენ ,,კარგ ოჯახში“ გაიზარდეთ. მშობლები მუდამ სამაგალითო ქცევას მოითხოვდნენ თქვენგან, მოითხოვდნენ ყოფილიყავით სხვებზე უკეთესი, რადგან ,,სხვანაირ ოჯახში“ გაიზარდეთ. სოციალური, თუ კლასობრივი განსხვავების საკითხები აქტუალური იყო. მათ დიდი მოლოდინები ჰქონდათ და ნელ-ნელა მთელს სხეულში გაგიჯდათ აზრი, რომ სირცხვილია, თუ რამე არ იცით. თქვენ გეშინიათ, რომ რაღაცას სულელურად იტყვით და ყველაფერს სწავლობთ, რისი სწავლაც შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. გსურთ მცოდნე ადამიანად წარდგეთ პუბლიკის წინაშე, რომელიც დიდად აღარ გიყვართ, იმ ბავშვისგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით ,,სცენაზე“ იდგა და სპექტაკლებს დგამდა. უსაზღვროდ კრეატიული ხართ, თუმცა შემოქმედებითი უნარების აფიშირების ბავშვობის ტრავმების გამო, ერიდებით. იქნებ იმიტომ, რომ შემოქმედებითი უნარების გამოვლინებაზე მეტად თქვენი მშობლები ცოდნის გამოვლინებისას გაქებდნენ, დადგმულ სპექტაკლებზე უფრო კარგ ნიშნებს გიფასებდნენ.
თქვენ ბავშვი ხართ, მარადიული ბავშვი, რომელმაც თავდაცვითი მექანიზმების წყალობით ზრდასრულის იმიჯი მოირგო. ადრეულ ასაკში მხურვალე სიყვარულს და ბევრ ყურადღებას ითხოვდით ოჯახის წევრებისგან, მაგრამ იმდენს ვერ იღებდით, რამდენიც გჭირდებოდათ. გული რომ არ გტკენოდათ, გადაწყვიტეთ რომ ამ ,,ცეცხლის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებდით არსებობას. ცოტა ცივი, რაციონალური და ძალიან დამოუკიდებელი გახდით. თანამოაზრეების ძებნა დაიწყეთ და ჯგუფური მუშაობისას უკეთ გრძნობთ თავს, ვიდრე მარტოხელა მგლის ამპლუაში. თქვენ გუნდის წევრობა გსურთ.
მეგობრული ხართ, მაგრამ დამოკიდებული არა. თქვენი პირადი ინტერესები გაქვთ და მეგობრებსა და თანამშომლებს შორის განსხვავებას გრძნობთ. თუკი იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც საქმეს აკეთებთ, სჭირდებით, მხარში ამოუდგებით, მაგრამ როგორც კი თქვენს საქმეს გააკეთებთ, ისევ უცხოვდებით. საკუთარ თავზე ლაპარაკს, მოსმენას არჩევთ და სხვა ადამიანების დადებით მხარეებზე საუბარს. ცდილობთ მათ ცხოვრება გაუფერადოთ, თავდაჯერება შემატოთ, წაახალისოთ.. და ამ როლში ყველაზე ბედნიერი ხართ. ,,მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ“ – აი, თქვენი ცხოვრებისეული კრედო. მათ სრულ თავისუფლებას აძლევთ, აძლევთ უფლებას იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. თქვენ გიყვართ ადამიანები, მუდამ ცდილობთ საუკეთესო მხრიდან დაინახოთ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს პატივს სცემთ, მაინც ყველა თანასწორად მიგაჩნიათ, დედოფალს მის მოახლეზე რაიმეთი აღმატებულად არ მიიჩნევთ, არ იყურებით ზევიდან, თქვენ ხალხში ხართ, ხალხის წევრი, მაგრამ მაინც განცალკევებით მდგომი. დამოკიდებულებების გეშინიათ, ერთფეროვნების. ამიტომ შესაძლოა პროფესიაც ძალიან არაორდინარული აირჩიოთ, ან ბევრჯერ შეიცვალოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია