თქვენ ჰარმონიულ ოჯახში გაიზარდეთ და მშვიდობიან გარემოს ისე მიეჩვიეთ, მის შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყავით წამსვლელი. ჰარმონია თქვენთვის აუცილებელი უსაფრთხო გარემო გახლდათ. წიაღი, რომელშიც დაიბადეთ. თმობდით, რათა კონფლიქტური სიტუაციები აგერიდებინათ თავიდან, პასიურობდით და უფრო სხვებს უბამდით მხარს, ვიდრე ვინმეს იყოლიებდით. თქვენ კარგად აღგზარდეს. თავაზიანობა გასწავლეს, კარგი მანერები. ამან თქვენს სოციალურ თვითგამოხატვაზე ძალიან იმოქმედა – ცდილობდით ურთიერთობებში მშვიდობა ნებისმიერი კომპრომისის ფასად შეგენარჩუნებინათ, ხერხი გეხმარათ ღონის მაგივრად, სხვებს მორგებოდით.
თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ გარემოდან მომავალ აგრესიას მუდმივად ვერ გაექცეოდით, სხვებზე მორგებით საკუთარ თავს კარგავდით, ყველას მაინც არ მოსწონდით და დათმობა თქვენი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება სულაც არ იყო. ისიც დაინახეთ ამ სამყაროს თავის ჭკუაზე მხოლოდ თავხედი და გაბედული ადამიანები ატრიალებდნენ. ამიტომ გამოეყავით სოციუმს, გადაწყვიტეთ დამოუკიდებლობა გესწავლათ და გამხდარიყავით თქვენი თავი.
ასე გადავარდით მეორე მეორე უკიდურესობაში – ცდილობთ ყველაფერი თქვენს ჭკუაზე აკეთოთ, თავდაჯერებისთვის ძალა საკუთარ თავში იპოვოთ. ახლა უკვე თავად ხართ თქვენი თავის ბოსი. ლიდერობისკენ ისწრაფვით. სხვებს კი არ ყვებით, აქეთ იყოლიებთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის იმიჯი შეიქმენით,პირდაპირი, ალალი და ოპტიმისტის. აქტიური, მხიარული და ენერგიული ხდებით ხალხში. ნოვატორი და ინიციატორი ხართ. აღარ მერყეობთ, აღარ ფიქრობთ, იმპულსებს ემორჩილებით და ნებისმიერ სიახლეს დაუფიქრებლად კიდებთ ხელს. ეს ცუდი სულაც არ არის, თუმცა ზომიერების დაცვა არ გაწყენდათ. მთლად ბაყბაყდევადაც ნუ წარმოიდგენთ თავს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია