მარსი ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი

0
6813

ეს ნაცარქექიას ასპექტია –  მთელი ცხოვრება ოცნებაში გადის, სანამ ერთ დღეს სამყარო ქეჩოში  არ დაგავლებთ ხელს და გარეთ არ გაგისვრით თქვენი ოცნებების რეალობაში განსახორციელებლად. ხერხებსაც ხშირად იყენებთ ღონის მაგივრად. ტყუილებიც არ არის უცხო. საკუთარი მნიშვნელობის, ძალის გაბუქება… ბლეფზე თამაში. ბედის სასწორზე შეგდება და ბოლოს, ფინალი  – მიტევება და სახლში მიღება იმ ხალხის, რომლებმაც ოდესღაც სახლიდან გაგაგდეს.. მერე ისევ ოცნება. ჭირი იქა, ლხინი აქა.

თქვენ იმდენად მდიდარი წარმოსახვა გაქვთ, ფანტაზიებმა შეიძლება იმდენად გაგიტაცოთ, ინსტიქტები დაგიბრმავდეთ და საკუთარ ქმედებებზე, სიტუაციებზე  კონტროლი დაკარგოთ.

არ გაქვთ რამე კონკრეტული მიზანი, უფრო სწორად მიზანი ნისლშია. თავადაც ვერ ახერხებთ გაიაზროთ, რა გსურთ, რისკენ ისწრაფვით… ამიტომ დანიშნულების პუნქტზე მნიშვნელოვანი თავად გზის პროცესი ხდება. გზააბნეული და  არარეალურ იდეალებს გამოკიდებული მთელს რესურსს სხვისი პრობლემების მოგვარებაში ხარჯავთ და მერე თქვენი პრობლემები სხვისი მოსაგვარებელი ხდება.

მოქმედებთ ინტუიციურად, ყოველგვარი გეგმების გარეშე. მიმართულებას ხშირად იცვლით, დინებას მიჰყვებით. ,,დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოს“… ხანდახან წარმოდგენა არ გაქვთ რას აკეთებთ და შედეგებზეც პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ.. ,,რაც გიწერია, ის არ აგცდება“ – აი, თქვენი დრაივი.  უკეთესი იქნება თუ ღრუბლებიდან თავს ჩამოყოფთ და ხანდახან მაინც დაიხედავთ ცხვირწინ – რაზე დგამთ ფეხს. რა თქმა უნდა, ინტუიცია კარგია, ეგებ ასე ალალბედზეც ,,გიმართლებდეთ“, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ცოტა ლოგიკასაც თუ ჩართავთ შინაგან ხმასთან დიალოგის დროს, შეცდომების დაშვების შანსი შედარებით ნაკლები იქნება.

არსებობს ალკოჰოლით, ნარკოტიკული  ნივთიერებებით და ზოგადად მოწამვლის საფრთხე და  მათი ზემოქმედების ქვეშ აგრესიული, განუსჯელი, კრიმინალური ქმედებების ჩადენისკენ მიდრეკილება. არაფხიზელ მდგომარეობაში სრულიად კარგავთ კონტროლს საკუთარ საქციელზე.  ჩვეულებრივ, სამკურნალო დანიშნულებით მიღებულ წამლებსაც კი უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს თქვენ შემთხვევაში. სჯობს მოერიდოთ.  სექსშიც აუცილებლად დაიცავით თავი.

მდიდარი სექსუალური ფანტაზიები გაქვთ, მთავარი თქვენთვის ,,სცენარია“. გამუდმებით ახალ და ახალ სცენარს დაეძებთ. ამან სექსუალური გარყვნილების ჭაობში შეიძლება ჩაგითრიოთ, ონანიზმითაც შეიძლება იყოთ გატაცებული და  მერე საოცარი დანაშაულის შეგრძნება გიჩნდებოდეთ. გული გერეოდეთ საკუთარ თავზე ამ ,,სიბინძურის“ გამო. უკეთესი იქნება თუ სექსის სულიერი ფორმებით გატაცებაში მოახდენთ თქვენი სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას – ტაო, ტანტრა…

ქალები, ასეთი ასპექტით, უპასუხისმგებლო კაცებს იზიდავენ, რომლებსაც შეუძლებელია დაეყრდნო, ლოთებს, ნარკომანებს, ცოტა ფსიქიკური პრობლემების მქონე ტიპებს, სუიციდისკენ მიდრეკილ ტიპებს ან საუკეთესო შემთხვევაში ხელოვან ხალხს, მუსიკოსებს,  შემოქმედებით ტიპაჟებს… მთლიანი რუკაა სანახავი, თუმცა როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია – ვერაფრით რჩებით გულგრილი იმ კაცის მიმართ, ვისაც შეუძლია თანაგრძნობა აღძრას თქვენში (შეიძლება ისე არაამქვეყნიურად უყვარდეთ, გეგონოთ, თქვენ გარეშე არაფერი ეშველება), სიბრალული და სიყვარული ხშირად გეშლებათ.

ზოგადად, გარშემომყოფები არასაიმედო ადამიანად მიგიჩნევენ. თქვენ ეს გაგიკვირდებათ, რადგან ყველა შეუსრულებელი საქმისთვის საპატიო მიზეზები გაქვთ, მაგრამ სამყაროს ეს არ აინტერესებს.  ნუ ეძებთ დამნაშავეს, გასამართლებელ საბუთებს. აუცილებელია გაიაზროთ, რომ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. საკუთარი თავის ნდობა უნდა ისწავლოთ, უნდა ისწავლოთ საკუთარი ნების გამომჟღავნება, ორგანიზებული უნდა გახდეთ და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ საქციელზე, ქმედებაზე.

გათავისუფლდით მესიანიზმის სინდრომისგან. სხვისი პრობლემების გამო თავად ნუ შეიქმნით პრობლემებს. დათვური სამსახურის გაწევა სიკეთე არ არის. თქვენს ცხოვრებას მიხედეთ. შეიგნეთ, რომ თუკი რაღაცა არ გამოდის, ამაში თქვენ ხართ დამნაშავე. ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებთ და უნდა მიხვდეთ, რას!

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია