მარსი ნეპტუნის შეერთება

    0
    2989

    თქვენი დრაივი შემოქმედებითი დრაივია. პასიური აგრესია, რომელიც ხელოვნებაში გენიალურ ფორმებს იძენს, პრაქტიკულ ცხოვრებაში კი სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ.

    ცხოვრების პირველ ეტაპზე შესაძლოა საკუთარ თავს იმ იმიჯთან აიგივებდეთ, რომელიც თქვენმა გარშემომყოფებმა თქვენგან შექმნეს – კარგი გოგო/ბიჭი. ძალიან მოქნილი ხართ, რბილი, ნაზიც შეიძლება ითქვას.

    მოქმედებთ ინტუიციურად, ყოველგვარი გეგმების გარეშე. ხანდახან წარმოდგენა არ გაქვთ, რას აკეთებთ და შედეგებზეც პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ. თითქოს ყველაფერი განგებას გაქვთ მინდობილი. ,,რაც გიწერია, ის არ აგცდება“ –  აი, თქვენი დრაივი, თუნდაც ვერ აცნობიერებდეთ.  უკეთესი იქნება თუ ღრუბლებიდან თავს ჩამოყოფთ და ხანდახან მაინც დაიხედავთ ცხვირწინ – რაზე დგამთ ფეხს. რა თქმა უნდა, ინტუიცია კარგია, მაგრამ თუ კარგი ინტუიცია გაქვთ. ყველაფერი სინთეზში უნდა ინახოს, ეგებ ასე ალალბედზეც ,,გიმართლებდეთ“, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ცოტა ლოგიკასაც თუ ჩართავთ შინაგან ხმასთან დიალოგის დროს, შეცდომების დაშვების შანსი შედარებით ნაკლები იქნება.

    არ გაქვთ რამე კონკრეტული მიზანი, უფრო სწორად მიზანი ნისლშია. თავადაც ვერ ხვდებით, რა გსურთ, რისკენ ისწრაფვით… ამიტომ დანიშნულების პუნქტზე მნიშვნელოვანი თავად გზის პროცესი ხდება. სიტუაციებზე კონტროლს ხშირად კარგავთ,  მიმართულებას ხშირად იცვლით, დინებას მიჰყვებით. ,,დინებამ უკეთ იცის, საით წაგიღოს“…

    არსებობს ალკოჰოლით, ნარკოტიკული  ნივთიერებებით და ზოგადად მოწამვლის საფრთხე და  მათი ზემოქმედების ქვეშ აგრესიული, განუსჯელი, კრიმინალური ქმედებების ჩადენისკენ მიდრეკილება. არაფხიზელ მდგომარეობაში სრულიად კარგავთ კონტროლს საკუთარ საქციელზე.  ჩვეულებრივ, სამკურნალო დანიშნულებით მიღებულ წამლებსაც კი უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს თქვენ შემთხვევაში. სჯობს მოერიდოთ.  სექსშიც აუცილებლად დაიცავით თავი.

    ქალები, ასეთი ასპექტით, უპასუხისმგებლო კაცებს იზიდავენ, რომლებსაც შეუძლებელია დაეყრდნო, ლოთებს, ნარკომანებს, ცოტა ფსიქიკური პრობლემების მქონე ტიპებს, სუიციდისკენ მიდრეკილ ტიპებს ან საუკეთესო შემთხვევაში ხელოვან ხალხს, მუსიკოსებს.. შემოქმედებით ტიპაჟებს… მთლიანი რუკაა სანახავი, თუმცა როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია – ვერაფრით რჩებით გულგრილი იმ კაცის მიმართ, ვისაც შეუძლია თანაგრძნობა აღძრას თქვენში (შეიძლება ისე არაამქვეყნიურად უყვარდეთ, ან სურდეთ, გეგონოთ თქვენ გარეშე არ ეშველება).

    ზოგადად, ორივე სქესის წარმომადგენლებს,  გარშემომყოფები ხშირად  არასაიმედო ადამიანებად მიგიჩნევენ. თქვენ ეს გაგიკვირდებათ, რადგან ყველა შეუსრულებელი საქმისთვის საპატიო მიზეზები გაქვთ. ნუ ეძებთ დამნაშავეს, გასამართლებელ საბუთებს. აუცილებელია გაიაზროთ, რომ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. საკუთარი თავის ნდობა უნდა ისწავლოთ, უნდა ისწავლოთ საკუთარი ნების გამომჟღავნება, ორგანიზებული უნდა გახდეთ და რაც მთავარია პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ საქციელზე, ქმედებაზე. შეიგნეთ, რომ თუკი რაღაცა არ გამოდის, ამაში თქვენ ხართ დამნაშავე, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებთ და უნდა მიხვდეთ – რას!

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია