მარსი იუპიტერის უარყოფითი ასპექტი

0
6780

ძალიან პოზიტიურად განწყობილი ადამიანი ხართ, ოპტიმისტი და ენთუზიასტი. არაფერს ისე არ გამოჰყავხართ წყობიდან, როგორც ამორალურ ადამიანებთან შეხვედრას. თქვენი იდეალები გაქვთ და მზად ხართ ამ იდეალებისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოთ. უსამართლობის სულ მცირე გამოვლინებაზეც კი მარსი ხელყუმბარას იღებს და მზად არის ნახევარი სამყარო გადაბუგოს, ოღონდ ჩაგრულთა უფლებები დაიცვას.

ხშირია ეს ასპექტი იურისტების, მოსამართლეების, პოლიტიკოსების რუკაში.  შეიძლება გქონდეთ კონფლიქტები უფროსებთან, მასწავლებლებთან, ლექტორებთან, უცხოელებთან, სასულიერო პირებთან, ჩინოვნიკებთან…. მოკლედ, კონფლიქტები შეხედულებების გამო, ცხოვრებისეული ფილოსოფიის გამო, მორალის გამო. ერთი ეს არის, რომ ძალიან დაუდევარი ხართ, იმპულსური, საკუთარი ძალა შეიძლება ვერ მოზომოთ და ამიტომ ბევრ შეცდომას უშვებთ, თორემ თუკი თანმიმდევრულობას და თვითკონტროლს გამოიმუშავებთ, რა რთულ საქმესაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ.

არსებობს ფანატიკოსობის საფრთხეც – გამოვლინება კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მარსი იუპიტერის დაძაბული ასპექტით შეიძლება დაიბადოს მორწმუნე, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით ეცდება საკუთარი რწმენის და შეხედულებების სხვებისთვის თავს მოხვევას,  ან კიდევ ათეისტი, რომელიც აგრესიულად იქნება განწყობილი მორწმუნეების მიმართ (ყველაფერი დანარჩენ რუკაზეა დამოკიდებული). მერე ორი ასეთი ერთმანეთს შეხვდება და….იწყება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი… არაფრის გამო.

მოეშვით კინკლაობას ასეთ საკითხებზე. მიეცით ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ საკუთარი აზრი. ნუ იღებთ მათ ფილოსოფიას პირად შეურაცხყოფად. ნუ გაღიზიანდებით სხვა ადამიანების წარმატებაზე, აღიარებაზე. რადგან თქვენ მათგან განსხვავებულად ხედავთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი ბრმები არიან, თქვენ მათი მხრიდან დანახვაც უნდა ისწავლოთ და მათი ხედვის პატივისცემაც.  დიდი პოტენციალი გაქვთ, ენერგიის უზარმაზარი მარაგი და ნუ დახარჯავთ მას აგრესიაზე. იმოგზაურეთ, გაეცანით სხვადასხვა კულტურებს, ხალხებს, სულიერ სწავლებებს,  შეისწავლეთ რელიგიები, გაიფართოვეთ თვალსაწიერი, გონებრივი ჰორიზონტი და ეცადეთ ზოგადად სიკეთის სამსახურში ჩადგეთ, იბრძოლოთ უკეთესი სამყაროსთვის, ოღონდ ნაკლებად აგრესიული მეთოდებით.

სისწრაფე, დაუფიქრებლობა, მოუთმენლობა, ეგოცენტრულობა და აგრესიულობა – აი, თვისებები, რომლებიც წარმატებაში ხელს გიშლით.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია