ეს ნიშნავს, რომ ასცედენტი ლომში გაქვთ. ლომის ასცედენტებს, როგორც წესი, თაყვანისმცემლები არ აკლიათ, მაგრამ რა არჩევანს აკეთებენ, ამაზე უკვე მათი დესცედენტი მეტყველებს.
თქვენი რჩეული რაღაცით განსაკუთრებული ადამიანი გახდება, იდეებითა და იუმორით სავსე ადამიანი, მრავალმხრივად განვითარებული, გახსნილი, ყოველგვარი დოგმებისა და კომპლექსებისგან თავისუფალი, არაშაბლონურად მოაზროვნე, ექსპერიმენტატორი, ურანული ტიპაჟი -ანუ ცოტათი გარეკილი, არაგონივრულ ნაბიჯებს რომ გადადგამს და სიგიჟეებს რომ ჩაიდენს თქვენი გულისთვის. მოკლედ, ის მასისგან გამორჩეული უნდა გახლდეთ და ყოველთვის არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებდეს.
თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობაში სექსზე და რომანტიკაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი სულაც არ იქნება ურთიერთგაგება და მეგობრობა. ამიტომ შესაძლოა სწორედ მეგობრობიდან იწყებოდეს თქვენთვის ჭეშმარიტი სიყვარული და თქვენ რჩეულიც თქვენი სამეგობრო წრიდან იყოს, ან საერთო ორგანიზაციის წევრები ბრძანდებოდეთ.
როგორ გაიცნობთ? მოულოდნელად, რაღაცნაირად არასტანდარტულ და ექსცენტრიკულ სიტუაციაში. თუ მორიელის შემთხვევაში ეს მიწისქვეშ შეიძლება ყოფილიყო, მერწყულის შემთხვევაში ეს ჰაერი იქნება, მაგალითად, თვითმფრინავში.. მოკლედ, უჩვეულო გარემოში.
(ყურადღება მიაქციეთ ურანის და ვენერას სახლსა და ნიშანს, ასევე მეშვიდე სახლში პლანეტების მდებარეობას. ესეც გაცნობის ადგილის მაჩვენებლებია)
ის შეიძლება იყოს ფიზიკოსი, ავტომობილისტი, ელექტრიკი, პროგრამისტი, კომპიუტერშიკი, ჰაკერი, ტელევიზიის თანამშრომელი, კოსმონავტი თუ ასტროლოგი… ისეთი პროფესია უნდა ჰქონდეს, რითიც ერთობა, ისეთ სფეროში მოღვაწეობდეს, ინტერესის გამო რომ არის – მეცნიერების სფერო იქნება ეს, ტექნოლოგიების თუ სასწაულმოქმედების. ის მომავლის ადამიანია, ცოცხალი და სიცოცხლით სავსე.
მიუხედავად იმისა რომ ლომი, როგორც ფიქსირებული ნიშანი მდგრადი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის, როცა ურანია ურთიერთობის მმართველი, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. შესაძლოა ეს არ გამოვლინდეს მაინცდამაინც რამდენიმე ქორწინების სახით, მაგრამ მშვიდი რომ არ იქნება კავშირი რამდენადაც არაპროგნოზირებადი უნდა იყოს თქვენი ურთიერთობები და პარტნიორები, ამის პროგნოზირება შეიძლება.
ხან ისეც ხდება, ქორწინდებიან, შემდეგ შორდებიან, მერე ისევ ქორწინდებიან, ან აღარ ქორწინდებიან, მაგრამ ერთად ცხოვრობენ მაინც. შესაძლოა თავისუფალი ქორწინების სახით გამოვლინდეს. პრობლემები პარტნიორის ან ზოგადად ურთიერთობის გაიდეალებასთანაა დაკავშირებული, იდეალური კი ამქვეყნად არაფერია.
არასტაბილურობა, გეგმების გარეშე ცხოვრება, როცა მომავალი ბუნდოვანია საინტერესო კია, მაგრამ ძალიან რთული. თქვენ შეიძლება დაიღალოთ თქვენი მეორე ნახევრის ახირებულობით, უცნაურობებით და ხანდახან არც ისე სასიამოვნო სიურპრიზებით. მოკლედ, დესცედენტი მერწყულში – ეს ურთიერთობის უცნაური ფორმა არის, უცნაურ პარტნიორთან ერთად.
შეუძლებელი ქორწინების თარიღის პროგნოზირებაც. როგორც წესი ეს დაუგეგმავი ქორწინებაა. ის ასევე უცებ და მოულოდნელად ხდება. ასე რომ თუ თქვენი შვილები ასეთი მონაცემებით არიან დაბადებულნი, ყველაფრისთვის მზად იყავით. მოულოდნელია პრობლემებიც ურთიერთობაში, განქორწინებაც. ამას ხან ისიც განაპირობებს, რომ ლომი ამაყია, მალავს შიგნით რაც ხდება.. მეტი საქმე არ აქვს თავის პრობლემებს საქვეყნოდ გამოიტანს! ის გეტყვით, რომ ხდება ხოლმე, თუ არ გამოვა, კიდევ ერთხელ ცდის, რა მოხდა მერე, ეს ხომ არც ისე მნიშვნელოვანია… არ დაუჯეროთ! სინამდვილეში მასაც მყარი და სტაბილური ქორწინება სურს და აწეწილ ცხოვრებას სხვებზე მეტადაც განიცდის, როგორც არ უნდა ეცადოს, რომ უდარდელი მოგეჩვენოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია