ვენერა მშვილდოსანში

    0
    23952

    ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას  განსაზღვრავს.

    როცა იგი რომელიმე ინდივიდის რუკაზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში ხვდება, სიყვარული ამ ინდივიდისთვის სულიერი ზრდის და განვითარების წყაროდ იქცევა ხოლმე. იგი მისი მასწავლებელია.

    ურთიერთობით თქვენ ახალ-ახალ რამეებს სწავლობთ,  გამოცდილებას იღებთ. საწინააღმდეგო სქესის წამომადგენლებს უსაშველო პოზიტივით ხიბლავთ- ღიმილით, კარგი იუმორით, გულღიაობით და ოპტიმიზმით. მეორე ნახევრის შერჩევის საკითხში ნახევრად იდეალისტი, ნახევრად რაციონალური ხართ – ერთნაირად აქცევთ ყურადღებას როგორც მის სულიერი განვითარებას, ასევე სოციალურ სტატუსსაც.

    ფიზიკურ ლტოლვას ავტორიტეტული ადამიანების მიმართ განიცდით. მოგწონთ ცხოვრებაზე შეყვარებული ხალხი.  ქორწინება როგორც წესი საკმაოდ მომგებიანია.  არის შანსი, რომ დაქორწინდეთ ადამიანზე, ვინც გმფარველობთ – სულიერ, ან  პროფესიულ ზრდაში გეხმარებათ. შეიძლება მოგწონდეთ თქვენი მასწავლებლები, ლექტორები, უფროსები… უცხოელებიც გხიბლავენ. სოციუმის აზრი დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს არჩევანზე – როგორც მეორე ნახევრის, ასევე ჰობის შერჩევის კუთხითაც.

    აქტიური ხართ, პირდაპირი, გულწრფელი, კარგი მოლაპარაკე. გიზიდავთ მხიარული კომპანიები, მოგზაურობა,   თავგადასავლები. მოხეტიალეები და მაძიებლები ხართ და თქვენი პიროვნული სივრცის შეზღუდვა საშინლად გთრგუნავთ.

    სხვა ნიშნის ვენერებს შორის ყველაზე მარტივად ახერხებთ ბედნიერებას, სიყვარულით ტკბობას. არ გახრჩობთ და არ გაწუხებთ საკუთარი გრძნობები. სასიყვარულო იმედგაცრუების გამო დეპრესიაში არ ვარდებით, მალე ახერხებთ სულიერი მხნეობის აღდგენას.

    ფული თქვენთვის თავისუფლებაა. გირჩევნიათ თავგადასავლებში დახარჯოთ, ვიდრე ნივთებში.

    ქალები, ვენერას ასეთი მდებარეობით, ძალიან თამამები არიან, თავისუფლები. იცვამენ ექსტრავაგანტულად. ინიციატივის გამოჩენა არ უჭირთ. ტოლს არ უდებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს და ვინმე რომ შეუყვარდეთ, ჯერ პატივს უნდა სცემდნენ.

    რაც შეეხება მამაკაცებს, მათ განათლებული ქალები მოსწონთ, ჭკვიანი, ვისთან ერთადაც მსოფლიო მასშტაბის საკითხებს განიხილავენ. სასურველია თუ დაინტერესებული იქნება ფილოსოფიით, რელიგიით, თეოლოგიით, სხვადასხვა კულტურებით… სჭირდება ოპტიმისტი და თავისუფლებისმოყვარე ინდივიდი, ვისაც საკუთარი ინტერესებიც ექნება და მას სულს არ შეუხუთავს, საკმარის სივრცეს მისცემს…

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია