ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას განსაზღვრავს.
მორიელში იგი თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს, ფრთაფარფატა ქალბატონი ჰადესის სამეფოში ტყვეობაში ვარდება. თქვენ რადიკალიზმი გახასიათებთ, ექსტრემალური გრძნობები, სიყვარული, ან სიძულვილი. გჭირდებათ მძაფრი შეგრძნებები და ნელ-თბილი ემოციებით ვერ კმაყოფილდებით. ,,მე მინდა შენი სული…სხეული“…
უკიდურესად ვნებიანი ხართ, მესაკუთრე და აქედან გამომდინარე ეჭვიანიც. ეჭვიანობა შეგიძლიათ არამარტო მეტოქეებზე, არამედ საყვარელი ადამიანის საქმეებზე, ჰობზე, ოჯახის წევრებზე… ნივთებზეც კი. მეორე ნახევრისთვის თქვენ ყველაფერი უნდა იყოთ. მთლიანად უნდა მოგიძღვნათ თავი. მისი ნებისმიერი სხვა გატაცება, თუნდაც გარეგნულად გულგრილობას ინარჩუნებდეთ და არ იმჩნევდეთ, ტკივილს გაყენებთ.
,,რატომ ვარ ასეთი უბედური? რატომ არასოდეს მიმართლებს სიყვარულში? რატომ არ არის ის ისეთი, როგორიც მინდა იყოს? რატომ ვიტანჯები? რატომ?“ – გილოცავთ, თუ ამ კითხვებს უკვე აღარ სვამთ… მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება. პერიოდულად ალბათ ისევ უბრუნდებით.
უამრავი კომპლექსი გაქვთ. გეშინიათ, რომ საკმარისად არ შეგიყვარებენ. გრძნობთ საშინელ მიჯაჭვულობას და ამის გამო ბრაზობთ საყვარელ ადამიანზეც და საკუთარ თავზეც. გეჩვენებათ რომ თქვენ უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე მას შეუძლია რომ უყვარდეთ. რამდენსაც არ უნდა აკეთებდეს, უფრო მეტს ითხოვთ. შესაძლოა საშინლად ექცეოდეთ მხოლოდ იმის გამო რომ დარწმუნდეთ – მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ. მიდრეკილი ხართ სადიზმისა და მაზოხიზმისკენ. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის და საკუთარი თავის ტანჯვის მავნე ჩვევისაგან, თორემ ან მიგატოვებენ, ან თუ გულგრილი ადამიანი შეგხვდათ და ყურადღება არ მოგაქციათ, ჭკუიდან შეიშლებით.
მოგწონთ რისკი, ინტრიგები, დაძაბულობა, სახიფათო თამაშები. ადრენალინით იკვებებით. გჭირდებათ მუდმივი ემოციური აღმაფრენა. ექსტრემალურ პირობებში საოცარი ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. ეძებთ ისეთ სიტუაციებს სადაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იდგებით.
თქვენში გამუდმებით ქაოსია. შიგნით ცხელი ლავა დუღს და ერთიანად გფუფქავთ, თუმცა გარეგნულად შესაძლოა საერთოდ არაფერი გეტყობოდეთ. თუკი შედარებით განვითარებული ტიპაჟი ბრძანდებით და აცნობიერებთ, რომ რაც თქვენში ხდება მხოლოდ თქვენი პრობლემაა და სხვისი არავის, არ არის გამორიცხული, ცდილობდეთ, რომ პარტნიორს მოარიდოთ საკუთარი ბასრი გრძნობები და საკუთარ თავთან მარტომ დაიწყოთ ომი.
ინტენსიური სექსუალური ცხოვრება თქვენთვის აუცილებლობაა, რომელიც ექიმის რეკომენდაციასავით უნდა გაითვალისწინოთ. ამდენ ვნებას და გრძნობებს გამოსავალი სჭირდება. მშვენიერი იქნება თუ ექსტრემალური სპორტით დაკავდებით. ამგვარად უსაფრთხოების ზომების დაცვით მაინც მოახერხებთ იმის კეთებას, რასაც სრულიად გაუცნობიერებელი საფრთხის ქვეშ აკეთებთ.
გჭირდებათ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მუშაობა და ყველაფრის დაძლევას მოახერხებთ, რადგან ყველა პრობლემასთან გამკლავების, ზრდის და ტრანსფორმაციის საოცარ უნარსაც ფლობთ. ნუ ეძებთ ტრაგედიებს იქ, სადაც არ არის. უფრო მეტად იფიქრეთ იმაზე, რასაც იღებთ, ვიდრე იმაზე, რასაც ვერ იღებთ. ეცადეთ დაინახოთ ნათელი მხარეები. თუკი თქვენი ბნელი გრძნობების დადებით ენერგიად გარდაქმნას შესძლებთ შესანიშნავ პარტნიორად იქცევით – ღრმა, საინტერესო, ვნებიან, ერთგულ და ძლიერ დასაყრდენად.
ქალი, ვენერას ასეთი მდებარეობით, საბედისწერო ქალების ტიპაჟია (femme fatale). იგი ჯადოქარია, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს თითქოს აჰიპნოზებს. საყვარელ კაცს მუდმივად გამოცდებს უტარებს. ცდილობს პარტნიორი მუდამ მისი ზეგავლენის ქვეშ იყოს და ამიტომ გამუდმებით უფათურებს სულში ხელებს, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლას ცდილობს. თუკი გაუმართლა და ნახა ძლიერი მამაკაცი, რომელიც სიგიჟემდე შეიყვარებს და მოარჯულებს, ყველა იარას მოიშუშებს და წარმოუდგენელი ბედნიერების განცდას შესძლებს.
რაც შეეხება მამაკაცებს, მათ რთული ურთიერთობები ხიბლავთ. მოსწონთ ქალები, რომლებიც აწამებენ, მუდმივად ინტრიგაში ტოვებენ, აგიჟებენ. მათთვის სიყვარული ტანჯვაა… რაც უფრო მეტად იტანჯებიან ვინმეს გამო, ფიქრობენ, რომ მით უფრო მეტად უყვართ ეს ვინმე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია