ვენერა სასწორში

    0
    26041

    ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას  განსაზღვრავს.

    ვენერა სასწორში ერთ-ერთ საუკეთესო მდებარეობად ითვლება. თქვენ ძალიან სასიამოვნო ადამიანი ხართ, რბილი, თბილი, ადვილად საურთიერთობო და კეთილმოსურნე.. სიყვარულის გამოხატვის იმდენად დახვეწილი მანერები გაქვთ, ზოგს ეს ხელოვნურად შეიძლება მოეჩვენოს. ვერ იტანთ უხეშობას, კონფლიქტებს. გაფრთხობთ თავხედობა, უტაქტობა, უზრდელობა. საწინააღმდეგო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენას სინაზით, სიკეთით, სამართლიანობით და ობიექტურობით ცდილობთ.

    ეს მაჩვენებელი ფიზიკურ სილამაზესაც იძლევა, შარმს, მომხიბვლელობას, ამიტომ თუ სერიოზული დაზიანებები არ არის, საწინააღმდეგო სქესში პოპულარობით უნდა სარგებლობდეთ. შესაძლოა რამდენიმე პარტნიორიც გყავდეთ ერთდროულად, რადგან არჩევანს ვერ აკეთებდეთ. თანაც ამ ყველაფერს ისე მოხერხებულად გააკეთებთ, თუ თავად არ მოისურვეთ, კარგა ხანს ვერცერთი ვერაფერს გაიგებს.

    ხართ ესთეტი, გაქვთ კარგი გემოვნება. გიყვართ ხელოვნება, განსაკუთრებით მხატვრობა. შესაძლოა მშვენივრად ხატავდეთ კიდეც. თუკი რუკაში სხვა შესაბამისობებიც დგას, ამ მონაცემებს პროფესიული თვალსაზრისითაც შესაძლოა იყენებდეთ.

    ურთიერთობები თქვენთვის ცხოვრების საზრისია, ამით ცხოვრობთ. ხშირად მიდიხართ კომპრომისზე ჰარმონიის შესანარჩუნებლად და საშინელი სასოწარკვეთილება გეუფლებათ, როცა ვინმე ამით ბოროტად სარგებლობს და თქვენს ჩაგვრას, გამოყენებას ცდილობს.

    გიყვართ ყველაფრის პარტნიორთან გაზიარება, ვერბალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში. მარტივად შეგიძლიათ შეხვიდეთ ადამიანის მდგომარეობაში და თუ იმსახურებენ, ზუსტად ისე ექცევით, როგორც თქვენ გსურთ რომ გექცეოდეთ.

    ქალი, ასეთი ვენერათი, მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, ადვილად იხიბლებიან მისით. თაყვანისმცემლები არ აკლია, ყველასთან პოულობს საერთო ენას, თუმცა თავად მონათესავე სულს დაეძებს. იმდენად სჭირდება მეორე ნახევარი, მარტოდ თავს არასრულყოფილად გრძნობს. როცა იპოვის, მთელს სულს და გულს მას აძლევს, თუმცა პარტნიორს ეჭვიანობა მაინც მოუწევს, რადგან კვლავაც სასურველი რჩება სხვა მამაკაცებისთვის.

    მამაკაცს იზიდავს ნაზი, ლამაზი, დახვეწილი და ელეგანტური გოგონები. მოსწონს ბოჰემა, ღამის ცხოვრება, წვეულებები და ამ წვეულებებზე თავის მეორე ნახევართან ერთად სიარული. ზოგადად, პარტნიორი ყველგან დაჰყავს, თავს იწონებს მისით. უყვარს საზოგადოებაში ტრიალი და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში ძალიან პოპულარულია.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია