ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას განსაზღვრავს.
თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, გრძნობების გაანალიზებას ცდილობთ. სიყვარულში რაციონალური ბრძანდებით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში (როცა პლანეტა დაზიანებულია) ანგარიშიანი და სიყვარულის უუნარო შეიძლება აღმოჩნდეთ.
პარტნიორის შერჩევისას ძალიან ბევრი პრეტენზიები გაქვთ, ნაკლს ვერ პატიობთ. უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეიძლება წარმოდგენა დაკარგოთ ადამიანზე, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდით. ,,მთავარია დეტალები და არა მთავარი“ – ასე მიგაჩნიათ თქვენ, ან შეიძლება არც მიგაჩნიათ, მაგრამ ქვეცნობიერი ამ იდეოლოგიით გმართავთ.
თქვენთან ურთიერთობის ბედი მოუწესრიგებელმა ფრჩხილებმა, კოლგოტზე წასულმა თვალმა, პერანგზე ლაქამ თუ დაულაგებელმა სახლმა შეიძლება გადაწყვიტოს. სანამ გრძნობები გაგიჩნდებოდეთ, მანამდე გონებამ უნდა მოგცეთ ნებართვა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის შესაყვარებლად.
ამ წვრილმანების გარდა, ინტელექტუალურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევთ, სანამ შეყვარებას გადაწყვეტდეთ (ჰო, ზუსტად ასე… უნდა გადაწყვიტოთ) მომავალი მეორე ნახევრის გონებრივ შესაძლებლობებსაც ამოწმებთ, თუკი სასაუბრო თემა ვერ გამოძებნეთ, ან მასთან დიალოგით არ მოიხიბლეთ, ურთიერთობის გაგრძელების ყოველგვარ აზრს კარგავთ.
ამ მაჩვენებლით ხშირად იბადებიან ძალიან წუნია ადამიანები, რომლებიც ყველა თაყვანისმცემელში მხოლოდ ნაკლს ხედავენ – ყველა მახინჯია, უშნოა. ხშირად აუტანლად კრიტიკულები არიან: ,,საშინელი ყურები აქვს“, ,,მონგრეული ფეხები“, ,,რას ჰგავს?“, ,,ამაში რა მოგეწონა?“….
თქვენ სიყვარულს ერთგულებით, თავდადებით და საყვარელი ადამიანისთვის სამსახურის გაწევით გამოხატავთ. შთამბეჭდავი საჩუქრებით და გრანდიოზული დაპირებებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულის მოგებას არ ცდილობთ. პარტნიორის გულისკენ გზას ძალიან წყნარად და ზედმეტი აურზაურის გარეშე იკაფავთ. თავდაჭერილი, საქმიანი და სერიოზული ხართ.
დაკვირვებული და ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის ყველა ჩვევას, ხასიათის თავისებურებას სწავლობთ. არ გეპარებათ არცერთი დეტალი და შენიშვნებითა და კრიტიკითაც კი მზრუნველობას გამოხატავთ. ფიქრობთ, რომ ნაკლზე მითითებით ერთგვარ სამსახურს უწევთ მას. დახმარება გსურთ. გხიბლავთ არაფრით გამორჩეული, უინტერესო ადამიანები, რომლებსაც ხშირად ვერავინ ამჩნევს. გაფრთხობთ ეგზიბიციონისტი, ექსტროვერტი, პომპეზური ხალხი. ვერ იტანთ თვითრეკლამით, თვითპრეზენტაციით დაკავებულ ინდივიდებს.
ბედნიერი ხართ, როცა გიფასებენ იმას, რასაც აკეთებთ. რეალურად, მართლაც ბევრს აკეთებთ, თუმცა იმდენად უხმაუროდ, რომ შეიძლება ვერც შენიშნონ. ცოტა მორცხვობაც გახასიათებთ, პარტნიორმა არ უნდა გაიძულოთ მთელი თავისი სანათესაოს, მეგობრების ერთბაშად გაცნობა.
თქვენ ყველაფერში აზრს ეძებთ. სიყვარულსაც აზრი უნდა ჰქონდეს, რაღაცას უნდა ცვლიდეს, გჭირდებოდეთ, სჭირდებოდეთ. გიყვარდეს ნიშნავს ეხმარებოდე, გეხმარებოდეს – რაღაცაში ადგებოდეთ ერთმანეთს. ფულსაც ასე ხარჯავთ – მხოლოდ იმაში, რაც გჭირდებათ. პრაქტიკულ საგნებში, აუცილებლად რაც გამოგადგებათ.
ქალი, ვენერას ასეთი მდებარეობით, ძალიან მოწესრიგებულია, ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე, იკვებება სწორად, ვარჯიშობს, ჰიგიენის ყველა წესს იცავს და თუ ამას არ აკეთებს, ძალიან ცუდად ხდება. პერფექციონიზმისადმი მიდრეკილების გამო ხშირად ზედმეტიც შეიძლება მოუვიდეს და იმდენად ,,შეილამაზოს’ ყველაფერი, ინდივიდუალობა სულ დაკარგოს. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, ძირითადად, უჭირს. გრძნობები ჭკუიდან არასოდეს შლიან და სისულელის ჩადენას არასოდეს აიძულებენ.
რაც შეეხება მამაკაცებს, არც მათ ულხინთ. იდეალური ქალის ძიებაში, პარტნიორს პარტნიორზე იცვლიან, ათასობით ვარიანტს განიხილავენ, ყველასთან ფლირტაობენ, საშინლად პედანტები არიან და გამუდმებით იმედი უცრუვდებათ. მოსწონთ ჭკვიანი ქალები. ვიზუალზე მეტ ყურადღებას ინტელექტს აქცევენ და შესაძლოა შეუყვარდეთ ადამიანი, ვისთან ერთადაც მუშაობენ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია