ვენერა ლომში

    0
    30141

    ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას  განსაზღვრავს.

    ვენერის ამ პოზიციამ ფრიად მოკრძალებული მზის პატრონებიც კი ძალიან მომთხოვნ შეყვარებულებად შეიძლება აქციოს. ძალიან ამაყი, თავმომწონე და შეიძლება ითქვას ცოტა ტრაბახაც ხართ. ცალმხრივი სიყვარული უცხოა თქვენთვის.  ,,თუ არ ვჭირდები, არც მე მჭირდება!“ მოგწონთ როცა კომპლიმენტებს გეუბნებიან, თქვენით აღფრთოვანებულნი არიან, გინდათ რომ თავს განსაკუთრებულ ადამიანად გრძნობდეთ.

    ძალიან თბილი, კეთილშობილი და შთამბეჭდავი ადამიანი ხართ. სიყვარული თქვენი ცხოვრების აზრია და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დედამიწის ზურგზე ყველას მოხიბვლას ცდილობდეთ, ყველას ეპრანჭებოდეთ, პარტნიორის ერთგული რჩებით.

    გამუდმებით საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში მოქცევისკენ ისწრაფვით. ცდილობთ სულ ფორმაში იყოთ, კარგად გამოიყურებოდეთ, ლამაზად გეცვათ. მოდას ხართ აყოლილი. გიყვართ გართობა, მეგობრები, თამაში.  ხშირად იწონებთ თავს თაყვანისმცემლების ურიცხვი არმიით, შეიძლება მათ მიერ მოწერილ სასიყვარულო წერილებს ხმამაღლა კითხულობდეთ.  ხანდახან ასე შეყვარებულთანაც შეიძლება მოიქცეთ, რათა საკუთარი უპირატესობა აგრძნობინოთ. თავად თქვენ კი ასეთ რამეს მას არასოდეს აპატიებთ.

    სიყვარულში გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილებას გინდათ რომ ტოვებდეთ. გულგრილობის პატიება არ შეგიძლიათ. გირჩევნიათ სძულდეთ, ვიდრე საერთოდ არაფერს გრძნობდნენ. მოგწონთ დრამა, სიყვარულს თეატრალურად გამოხატავთ. არტისტული ხართ, ძალიან ემოციური.  თქვენი სიმპატიები და ანტიპატიები არავის ეპარება. არ გეშინიათ მთელს სამყაროს უთხრათ, დაანახოთ რომ გიყვართ, ან არ გიყვართ.

    ხშირად თამაშობთ ადამიანების გრძნობებზე. მეტოქეებს არ აღიარებთ, მაგრამ საშინლად ეჭვიანობთ. ამის გამო, შესაძლოა ისეთ ადამიანზე დაქორწინდეთ,  რომელიც რაღაცით თქვენზე ნაკლებად მიგაჩნიათ, რათა თაყვანისცემა ცხოვრების ბოლომდე გარანტირებული გქონდეთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინტუიცია გღალატობთ და ცდებით. ბავშვები ძალიან გიყვართ, ხშირად ეთამაშებით მათ, თუმცა ყოველთვის აგრძნობინებთ რომ უფროსი ხართ, გარკვეულ დისტანციას მაინც ინარჩუნებთ პატივისცემა რომ ჰქონდეთ თქვენი.

    ხალხს უყვარხართ. არის თქვენში რაღაც ქარიზმატული, მომხიბლავი. ძალიან ნიჭიერი ხართ, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული. ასეთი მაჩვენებლით ბევრი მსახიობია დაბადებული.

    ფინანსებს რაც შეეხება, მფლანგველი ხართ. ფულს, უმეტესწილად, გართობაში, ფუფუნების საგნებსა და საჩუქრებში ხარჯავთ. ძალიან სექსუალური ხართ. სიყვარული და სექსი განუყოფელია თქვენთვის. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა იმ პარტნიორთან გაქვთ, ვისთანაც სექსუალურ ლტოლვას გრძნობთ. ბობოქარი ვნებები გიტაცებთ. ყველაზე ეროტიკულ ოცნებებშიც კი შეყვარებული ხართ. გინდათ რომ თქვენით სუნთქავდნენ, გაღმერთებდნენ…

    ქალი ასეთი ვენერით, თავისივე სქესის ყველა წარმომადგენელს მეტოქედ აღიქვამს,  განსაკუთრებით კი მათ, ვინც თავიანთი გარეგნობით ყურადღებას იქცევენ. აქვს კარგი გემოვნება, მუშაობის დროსაც კი ახერხებს ფლირტს და ძალიან პოპულარულია. მასზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ თავად  ,,ამაზე მაღლა დგას“. სინამდვილეში ძალიანაც მოსწონს, მასზე რომ ლაპარაკობენ. ,,ცუდი პიარიც ხომ პიარია“. იცვამს გამომწვევად, ისე, რომ ყურადღება მიიქციოს. აწყობს სკანდალებს. გვერდით სჭირდება მამაკაცი, რომელიც ხელის გულზე ატარებს.

    რაც შეეხება მამაკაცებს, პოპულარული ქალებით იხიბლებიან, ლამაზზე მეტად მოვლილი და კარგად ჩაცმულ დახურული გოგონებით. მისი ყურადღების მიქცევა რომ შეძლოთ ამაყი, ჭკვიანი, თავდაჯერებული ქალი უნდა ბრძანდებოდეთ და საკუთარი თავის ფასი იცოდეთ. იგი დედოფალს ეძებს, პრინცესას მუხუდოს მარცვალზე, ასე რომ ცხვირი ასწიეთ და ეცადეთ ერთადერთი და განუმეორებელი იყოთ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია