ვენერა კირჩხიბში

0
25430

ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად განსაზღვრავს სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას.

თქვენ ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანი იქნებით, თუნდაც მზე რომელიმე გულგრილ და გონებით მართულ ნიშანში გქონდეთ. სიყვარულში ცოტა ეგოიზმიც შეიძლება  გახასიათებდეთ, მაგრამ სანაცვლოდაც ბევრს გასცემთ.

ძალიან ერთგული და ყურადღებიანი ხართ. გრძნობებს მზრუნველობით გამოხატავთ. მთავარი თქვენთვის ის კი არ არის, თუ რას გეუბნებიან, არამედ თუ რას გრძნობენ თქვენ მიმართ და თავად რას განიცდით. გახსოვთ პატარა პრინცის და მისი ყვავილის ურთიერთობა? შემთხვევითი არ არის რომ ამ ნაწარმოების ავტორი კირჩხიბია, თანაც ვენერით კირჩხიბში…  ,,თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს, იმიტომაა ის ასე ძვირფასი ჩემთვის“, ,,მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი“, ,,არ უნდა დამეგდო ყური მისი სიტყვებისათვის, მხოლოდ მისი სილამაზით უნდა დავმტკბარიყავი“, ,,ის ერთადერთია, რადგან ჩემია“, ,,ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე“ … მოკლედ, მთელი ვენერა კირჩხიბის სიყვარულის ფილოსოფიაა ამ  წიგნში. პატარა უფლისწული ყველაზე კირჩხიბული წიგნია, რაც კი ოდესმე დაწერილა.

გახასიათებთ სწრაფვა მყარი და მტკიცე ურთიერთობის შექმნისკენ, სადაც ორივე პარტნიორი დაცულად და მშვიდად იგრძნობს თავს. ადვილად გწყინთ და დიდი ხნით იბუტებით. როცა თქვენს გადაჭარბებულ ყურადღებასა და მზრუნველობაზე უარს ამბობენ, საკუთარ თავში იკეტებით და თქვენი ნაჭუჭიდან გამოთრევა ურთულესი ხდება.

გამუდმებით გჭირდებათ სიყვარულის მტკიცება, მოფერება, თორემ თავდაჯერებას კარგავთ. ხანდახან სრულიად უსაფუძვლოდ გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა გაცივდა. ამ დროს საშინლად ჭირვეულობთ, ყურადღებას ითხოვთ.  გაქვთ მოთხოვნილება რომ იყოთ საჭირო, სასურველი.  ცვალებადი და ემოციურად არასტაბილური ბრძანდებით. მომენტებში ინფანტილურობაც გახასიათებთ. თბილი და ალერსიანი ხართ. მარტივად ეჩვევით. გეშინიათ საყვარელი ადამიანების დაკარგვის. გახასიათებთ მიჯაჭვულობა.

გიყვართ თქვენი სახლი, ოჯახი, ადგილი, სადაც დაიბადეთ, პატივს სცემთ ფესვებს და მოგონებების კოლექციას აგროვებთ. სენტიმენტალური და ნოსტალგიური ბუნების ხართ. გეშინიათ განშორების და თუ ეს გარდაუვალია, საშინელ დეპრესიაში ვარდებით.

იმდენად ხართ წარსულით შეპყრობილი, აწმყოთი ტკბობა ცოტათი გიჭირთ. ვერ აცნობიერებთ,  რომ დღევანდელი დღეც მოგონებად იქცევა ოდესმე. ფინანსურ საკითხებს რაც შეეხება, შესაძლოა ცოტა ძუნწობისკენ იყოთ მიდრეკილი, რადგან შავი დღისთვის გადანახვა გჩვევიათ. ფულს არასოდეს ფლანგავთ, მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და ოჯახს, სახლს ახარჯავთ.

ქალებს, ასეთი ვენერათი, ინტრიგა და ფლირტი არ ხიბლავთ, მარტივი, თბილი და გულწრფელი ურთიერთობებისკენ მიუწევთ გული. სჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, რომელიც მტკიცე დასაყრდენი იქნება მისთვის. კაცი, რომელიც გულს არ ატკენს, არ დაიღლება მისთვის სიყვარულის მტკიცებით, მოუფრთხილდება და იზრუნებს მასზე. თავად თავის მხრივ კი სითბოს და ყურადღებას არ მოაკლებს.

რაც შეეხება მამაკაცებს, დედის ტიპის ქალებს ეძებენ, მეოჯახეს, მზრუნველს, ყურადღებიანს. ცოლს, რომელიც უმეტეს დროს სახლში, ბავშვებსა და მასზე ზრუნვაში გაატარებს. შესაძლოა ეს უბრალოდ დედის მსგავსი ქალის ძიებაშიც გამოიხატოს. თუ გაინტერესებთ როგორი იქნება ის ცოლთან ურთიერთობაში დედასთან მისი ურთიერთობა უნდა გამოიკვლიოთ. ზოგადად, ოჯახი, დედა მის არჩევანზე დიდ ზეგავლენას ახდენს. არის ეჭვიანი, ძალიან ემოციური და იმდენად კარგად ესმის საწინააღმდეგო სქესის, შეყვარებულის და მეუღლის სულიერი მესაიდუმლე და მეგობარი ხდება.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია