ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად განსაზღვრავს სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას.
თქვენი ვენერა ტყუპებშია, ეს ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლას თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, გონებამახვილობით, ენამახვილობით და იუმორით ცდილობთ. ახდენთ თქვენი ცოდნის და მრავალმხრივი ინტერესების დემონსტრირებას.
მოგწონთ ფლირტის პროცესი. შეიძლება ითქვას რომ კონკრეტულ ინდივიდებზე მეტად, მათთან ფლირტი გხიბლავთ. ეპრანჭებით იმათაც კი, ვისთანაც სერიოზულ ურთიერთობას არასოდეს დაიჭერთ. ბუნებით მოთამაშე ხართ. ვერ იტანთ ერთფეროვნებას და როცა ურთიერთობა კომფორტის ზონაში შედის, მაშინვე ახალ გასართობს ეძებთ. რაც არ უნდა სიტყვაძუნწ ნიშანში გყავდეთ მზე (კირჩხიბი, თხის რქა..) ურთიერთობაში ვერბალურ კომუნიკაციას ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ.
ამის გარეშე ემოციები სრულიად პარალიზებულია. პარტნიორთან სხვადასხვა საკითხების განხილვა თქვენი თანაცხოვრების ძალიან არსებითი ნაწილი იქნება. უსიტყვოდ გაგების ფენომენი თქვენთვის უცხოა. თქვენ ყურებით გიყვარდებათ. გრძნობებზე აუცილებლად უნდა საუბრობდეთ.
გემოვნება ხშირად გეცვლებათ, თქვენი პროგნოზირება შეუძლებელია. ვერავის ეცოდინება წინასწარ რას იგრძნობთ ხვალ… ან თუნდაც რამოდენიმე საათში. თქვენი გრძნობები არასტაბილურია, მსუბუქი და ცვალებადი. ერთფეროვნების სიძულვილი ხშირი და მოკლევადიანი ურთიერთობებისკენ გიბიძგებთ.
თქვენი შენარჩუნება რომ შეძლოს, პარტნიორი მრავალფეროვანი, საინტერესო და ძალიან ინტელექტუალური უნდა იყოს. უნდა შეეძლოს გესაუბროთ სხვადასხვა თემებზე. მის გვერდით არ უნდა იწყენდეთ და თანაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის დროს და სივრცეს უნდა გიტოვებდეთ. გარდა ამისა, აუცილებელია ხშირი კონტაქტიც, გრძნობები იმ ადამიანის მიმართ გიჩნდებათ, ვისთანაც ხართ. ამიტომ თქვენი შეყვარებულიც ხშირად უახლოესი გარემოცვიდან არის ხოლმე. შესაძლოა გახასიათებდეთ გაორებაც – რამდენიმე პარტნიორი გყავდეთ ერთდროულად.
ქალები, ვენერას ასეთი მდებარეობით, ნებისმიერ ასაკში ძალიან ახალგაზრდულები და მომხიბლავები არიან. უყვართ კითხვა, აქვთ უამრავი ჰობი და მარტივად შედიან კონტაქტში. კაცებს ძირითადად ინტელექტუალური შესაძლებლობებით ხიბლავენ. არ ეჭვიანობენ, არ აწყობენ ისტერიკებს და თუკი საკმარის თავისუფლებას მისცემთ და არ დაიღლებით მასთან ერთად სიახლეების ძიებით, არსად არ გაგექცევათ.
რაც შეეხება მამაკაცს, ეჭვიანი ქალებისთვის ნამდვილი სატანჯველია. მას უამრავი ნაცნობი ჰყავს, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა, მომხიბლავი ქალბატონია. უჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ხშირად რამდენიმე პარტნიორი ჰყავს ერთდროულად და ყველას ერთნაირი გალანტურობით უმტკიცებს, რომ ერთადერთია. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ასე იყოს, მხოლოდ ერთი მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ ინდივიდზე, სხვა ასპექტებიც გასათვალისწინებელია. ზოგადად, კი მამაკაცის რუკაზე ვენერა საყვარელი ქალის ტიპაჟს ახასიათებს. თქვენ გხიბლავთ ჭკვიანი, მხიარული, მრავალფეროვანი, საინტერესო, მსუბუქი და ლიბერალური შეხედულებების ახალგაზრდა გოგონები.
საერთო ჯამში, ძალიან სოციალური, მხიარული, საინტერესო და მრავალმხრივი ინტერესების მქონე ინდივიდი ხართ. თქვენთან ყოფნა ორივე სქესს ერთნაირად სიამოვნებს. ფულს ძირითადად წიგნებსა და თავგადასავლებში ხარჯავთ. პრაქტიკულობა და მატერიალური ქონების დაგროვებისკენ მიდრეკილება არ გახასიათებთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია