ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად განსაზღვრავს სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას.
ვენერა კუროს მმართველია. ამიტომ იგი თავს აქ კომფორტულად გრძნობს. თქვენ ხორციელ სიყვარულს, მიწიერ სიამოვნებებს, სილამაზეს და რომანტიკულ ურთიერთობებს მოწყურებული ადამიანი ბრძანებით. მოგწონთ მყარი, სტაბილური კავშირები. ხართ ერთგული, თბილი და ფიზიკურ სიახლოვეს მოწყურებული ადამიანი.
კარგი საყვარლები და პარტნიორები ხართ. მესაკუთრე, მზრუნველი და სენსუალური. ფიზიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ ყურადღებას აქცევთ ფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რჩეული ფიზიკურად ლამაზად გამოიყურებოდეს. არ გიყვართ ცვლილებები. ვერ იტანთ ხელოვნურობას. პარტნიორთან კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს და თავადაც მისთვის კომფორტის შექმნით გამოხატავთ სიყვარულს. სიმარტივე, სისადავე, სიმყუდროვე და ყველაფერი ნატურალური – აი, თქვენი კომფორტის ზონა.
ქალი, ასეთი ვენერათი, ზუსტად ის არის, ვისზეც მამაკაცები ოცნებობენ. მშვიდი, ბუნებრივი და ძალიან ფემინინური. ფლობს საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ყველა ქალურ ხრიკს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერია, არასოდეს იმჩნევს ამას, არასოდეს აგრძნობინებს მამაკაცს, რომ მასზე ჭკვიანია. იცის, როდის გაჩუმდეს და როდის ილაპარაკოს. არ თრგუნავს მათ მამაკაცურ თავმოყვარეობას, თუმცა სანაცვლოდ განებივრებასაც ითხოვს. ბედნიერი ჯიბეგაფხეკილი მამაკაცის გვერდით ვერ იქნება.
რაც შეეხება მამაკაცებს, ისინიც პოპულარობით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესში. მათ კარგად ესმით ქალების. რბილი, თბილი, რომანტიკული და მზრუნველები არიან. მოსწონთ მომრგვალებული ფორმების, ჯანმრთელი და ბუნებრივი, მშვიდი ხასიათის, დამთმობი და რაც მთავარია ლამაზი ქალები. მოკლედ, ნამდვილი მეოჯახე ქალები (თუმცა ეს მხოლოდ ერთი ასპექტია, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ვენერას ასპექტებიც, დესცედენტიც, მთვარეც და ა.შ.).
თქვენ ფულის ყადრი იცით. იცით როგორ იშოვოთ და როგორ დახარჯოთ.
საკუთარ ხასიათში სიძუნწის, სიზარმაცის, გარეგნული ფორმების მიხედვით შეფასების, სნობიზმის და ფუფუნებისკენ სწრაფვის დამარცხება თუ შეძელით, აღარაფერი გვეთქმის.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია