ვენერა თევზებში

0
25978

ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან  ურთიერთობას  განსაზღვრავს.

როდესაც იგი თევზების ზოდიაქოში ხვდება, მფლობელებს რბილ, დამყოლ, მეოცნებე ნატურებად აქცევს. რაღაც საოცრად მომხიბლავი ადამიანი ხართ, ნაზი, საყვარელი, მოთამაშე, ხან ძალიან მხიარული, ხან საოცრად სევდიანი და ძალიან ცვალებადი. მოგწონთ რომანტიკა, პოეზია. შეყვარებული ხართ სიყვარულზე და სრულიად კაცობრიობაზე.

რჩეული უპირობოდ გიყვარდებათ. არ გაინტერესებთ სტატუსი, მატერიალური მდგომარეობა, ადამიანებს იღებთ ისეთს, როგორებიც არიან. საოცრად მგრძნობიარე ხართ და თანაგრძნობით სავსე. ემოციურ დონეზე იმდენად ერწყმით თქვენს გულისწორს, მასთან სრულიად იგივდებით. ყოველგვარ ბარიერს, საზღვარს შლით. არ გეპარებათ მისი არცერთი ემოცია, განწყობილება. სულ მოფერება გჭირდებათ, სულიერი და ფიზიკური სიახლოვის განცდა. მზად ხართ საკუთარ გრძნობებს შეეწიროთ.

საოცრად იდეალისტი ხართ. გჭირდებათ რაღაც ისეთი, რასაც ვერ განმარტავ, რასაც ვერ ახსნი, რაც არავის ესმის…. ძალიან ბევრს გასცემთ და სანაცვლოდ თითქოს არაფერს ითხოვთ:

,,მე მეყვარები მიუხედავად ყველაფრისა… მეყვარები ისეთი, როგორიც ხარ… მეყვარები თუნდაც ტკივილს მაყენებდე, თუნდაც მთელი სამყარო ფიქრობდეს, რომ არ იმსახურებ ჩემს გრძნობებს… რადგან მხოლოდ მე ვიცი, როგორი ხარ სინამდვილეში…“ – ასეთია თქვენი დამოკიდებულება.

და მიუხედავად ამისა, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, იმდენად მიგაქვთ ყველაფერი გულთან, ისე ადვილად გწყინთ, ისე მარტივია თქვენთვის ტკივილის მოყენება… გამუდმებით ტანჯვებში ხართ.

თუკი ვენერა დაზიანებულია, უარყოფით გამოვლინებაში წამებულის როლის მორგებისკენ შეიძლება იყოთ მიდრეკილი. მხსნელი და მესიის ურთიერთობები გჩვევიათ, სადაც ან თქვენ შველით ვიღაცას, ან ვიღაცა ცდილობს გადაგარჩინოთ.

ფიქრობთ, რომ ურთიერთობაში მუდამ არის მინუსი და პლუსი, ვიღაცას ყოველთვის უფრო მეტად უყვარს – ერთი გასცემს, მეორე იღებს.  უარყოფითი ასპექტირებისას ილუზორულობაც სახეზე გვაქვს ხოლმე. შესაძლოა გიჭირდეთ პარტნიორის აღქმა – ვინც გიყვართ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდეს… ,,თურმე როგორი ყოფილა“… ,,მე სხვანაირი მეგონე..“

თქვენთვის სამყარო შავად და თეთრად არასოდეს იყოფა, იგი იმდენად ჭრელია ცუდის და კარგის გარჩევა გიჭირთ. ნებისმიერი რამის გაგება, პატიება შეგიძლიათ, თუმცა თქვენი იშვიათად ესმით (ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობთ).  გჯერათ, რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ, რომ ,,კაცნი ვართ“ და ყველა უშვებს შეცდომებს, რომ ყველა ადამიანში არის რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეთ.

ზოგს ჰგონია, რომ სუსტი ხართ, მაგრამ ცდებიან, ზოგი კიდევ ძლიერადაც მოგიაზრებთ, მაგრამ ისინიც ცდებიან. თქვენ ორივე ხართ. ბევრნაირი ხართ. პარადოქსებით სავსე და რეალობისთვის ცოტა არაბუნებრივი.

ყველაზე დიდი სასჯელი თქვენთვის იმის გააზრებაა, რომ ვიღაც თქვენ გამო იტანჯება. იმის შიშით, რომ ვიღაცას ტკივილი არ მიაყენოთ, შეიძლება სიმართლე არც თქვათ, ან ისე შეალამაზოთ, ტყუილი გამოგივიდეთ. არ შეიძლება ამდენი ,,სიკარგე“. თავზე არავინ უნდა დაისვათ. ეცადეთ ისწავლოთ განსხვავება ცუდსა და კარგს შორის. ნუ იტყუებთ თავს და ვერავინ მოგატყუებთ. თქვენ ხომ შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ. თქვენ ხომ ყველაფერი იცით, უბრალოდ სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი. ამის გამბედაობა უნდა გეყოთ.

ქალები, ვენერას ასეთი მდებარეობით, იდეალურ საყვარლებად, ცოლებად, დედებად მიიჩნევიან ტრადიციულ ასტროლოგიაში. შეუძლიათ პარტნიორს ნებისმიერი შეცდომა აპატიონ.  სიყვარული ხშირად გონებას ურევთ, ხელს უშლის პარტნიორის რეალური სახის დანახვაში. მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია იყვნენ შეყვარებულები, ისეთი მოწადინებულები არიან სასიყვარულო გრძნობების განცდას, რომანტიკას, სხვისი ისტორიების მოსმენისას, წიგნის კითხვისას, ან კიდევ მელოდრამების ყურებისას მოქმედი პირების განცდებში შედიან და შეუძლიათ ზუსტად იგრძნონ ის, რასაც სხვები გრძნობენ.

რაც შეეხება მამაკაცებს, ძალიან ფემინინური ქალები მოსწონთ, ცოტა მისტიკურიც. მის რჩეულს ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო უნდა ჰქონდეს, იყოს ძალიან კეთილი, ქველმოქმედი…  დაზიანების შემთხვევაში, ხშირად გვევლინება მესიის როლში. შესაძლოა სუსტი, ავადმყოფი გოგონებიც ხიბლავდეს, ან რაღაცნაირად უბედური. უყვარდება ის, ვისაც, მიიჩნევს, რომ მის გარეშე არაფერი ეშველება. სიყვარული თანაგრძნობას ჰგავს.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია