ვენერა მერწყულში

0
29132

ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან  ურთიერთობას  განსაზღვრავს.

როცა იგი მერწყულის ზოდიაქოში ხვდება,  მფლობელებს სასიყვარულო ფრონტზე უამრავი მოულოდნელობითა და უცნაური ისტორიებით აჯილდოვებს.

თქვენ ფრიად ორიგინალური ადამიანი ბრძანდებით. შთაბეჭდილების მოხდენას სწორედ იმ თვისებებით ცდილობთ, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. გინდათ რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ძალიან განსხვავებულ, უნიკალურ ინდივიდად მიგიჩნევდნენ. სიყვარულზე თქვენებური შეხედულებები გაქვთ.

არ გიყვართ გათელილი ბილიკებით სიარული, არ მისდევთ წესებს და ფლირტის დროს სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებთ. თუნდაც ძალიან კონსერვატული შეხედულების ადამიანი ბრძანდებოდეთ, სიყვარულის გამო ისეთი სიგიჟის ჩადენაც  შეგიძლიათ, სხვები კი არა თავადაც გაკვირვებული შეიძლება დარჩეთ.

მოგწონთ არასტანდარტული ურთიერთობები და უჩვეულო, რაღაცით გამორჩეული ადამიანები. სიყვარული იწყება დაინტერესებით. ხშირია ერთი ნახვით შეყვარების შემთხვევებიც. გარეგნულ სილამაზეს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, ადამიანი თქვენი რჩეული რომ გახდეს, მთავარია არასტანდარტული იყოს.

გამუდმებით სიახლეებს დაეძებთ.  როდესაც ურთიერთობა და ადამიანი პროგნოზირებადი ხდება, გაქცევა გინდებათ. გიჟდებით ექსპერიმენტებზე. ქორწინება ხშირად ძალიან მოსაწყენად გეჩვენებათ.  გრძნობებში არასტაბილურობა გჩვევიათ – აგიზგიზებულ ვნებებს საოცარი სიცივე ცვლის.  გულის აცრუება ძალიან უცნაურად ხდება – პარტნიორის ჩადენილ სერიოზულ შეცდომებს, სისულელეებს ყურადღებას არ აქცევთ და სრულიად უმიზეზოდ, რაღაც პატარა წვრილმანის გამო შეიძლება გული გაგიცივდეთ.

სოციალური ხართ, მაგრამ დამოკიდებულებები არ გიჩნდებათ, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დისტანციური და მარტოსულიც ბრძანდებით. ვერ იტანთ შეზღუდვებს. ტრადიციულ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს. უმთავრესი ღირებულება – თქვენი პირადი თავისუფლებაა.

გრძნობების გამო არავის მიეჯაჭვებით. ფიქრობთ, რომ ადამიანი სიყვარულით არ უნდა შეაწუხო. საყვარელ ადამიანთან ერთად ძილი სულ არ მიგაჩნიათ აუცილებლობად. შეიძლება სხვადასხვა ოთახშიც გეძინოთ.. მერე რა მოხდა?!

ემოციურად  ძალიან დამოუკიდებელი და თავისებური ხართ. სიყვარულში ეგოიზმი არ გახასიათებთ. გინდათ ურთიერთობა, სადაც ორივე ინდივიდი ერთმანეთის თავისუფლებას პატივს სცემს, არ ზღუდავს, სადაც არცერთი არ მიიჩნევს მეორეს საკუთრებად.

ცხოვრების მეგზურად უფრო თანამოაზრეს ეძებთ, მეგობარს, რომელიც ინტელექტუალური თვალსაზრისით დაახლოებით თქვენს დონეზე იქნება, ვიდრე ემოციურ საყრდენს. საერთო ლიბერალური ფასეულობები უნდა გქონდეთ და თქვენი უცნაური შეხედულებებით და არასტანდარტული თეორიებით უნდა ხიბლავდეთ. საშინლად იდეალისტი ხართ.

გაქვთ უცნაური ჰობებიც, გატაცებებიც. თქვენგან რომ ვერ წარმოიდგენენ ისეთი აქტივობებითაც შეიძლება იყოთ დაკავებული. მოგწონთ პუბლიკის შოკში ჩაგდება, ოღონდ ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი გზით (თუ, რა თქმა უნდა, ვენერა დაზიანებული არ არის). იცვამთ განსხვავებულად.

ქალი, ასეთი ვენერით, არ არის ქალი სტანდარტული გაგებით. არ ახასიათებს სენტიმენტები, ემოციური დამოკიდებულებები, გრძნობების გამოხატვის საკითხში ცოტა ცივია და დისტანციური. პარტნიორისგან ხშირად ითმენს იმას, რაზეც სხვა ქალები ისტერიკაში ჩავარდებოდნენ, რადგან ნებისმიერი ხასიათის მიღება შეუძლია. ძალიან უღირსადაც რომ იქცეოდეს, მაინც არ ეპარება ეჭვი მის ღირსებაში.

მამაკაცს თავისუფალი, დამოუკიდებელი, უკომპლექსო, ლიბერალური შეხედულებების, მასისგან რაღაცით გამორჩეული ქალები მოსწონს, რომლებიც სულში ხელების ფათურს არ დაუწყებენ და თავისუფლებას არ შეუზღუდავენ. თუკი ასეთი ნახეს, ცხოვრების ბოლომდე მასთან იქნებიან და უერთგულებენ კიდეც, ოღონდ ერთგულების მათეული გაგებით.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია