ვენერა ვერძში

    0
    32320

     

    ვენერა სიყვარულის და სილამაზის პლანეტაა, ამიტომ მისი მდებარეობა რომელიმე ნიშანში მეტწილად განსაზღვრავს სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს ხასიათს, გემოვნებას და სოციუმთან თქვენს ურთიერთობას.

    თქვენი ვენერა ვერძშია. ასეთი მაჩვენებლის მქონე ინდივიდები პირდაპირები და გულწრფელები არიან. ეგოისტებმა სიყვარულის გამოხატვაც ეგოცენტრული იციან. მის სიყვარულში სიყვარულის ობიექტზე მნიშვნელოვანი ყოველთვის თავადაა.  თავს იწონებენ დამოუკიდებლობით. ხშირად უყვარდებათ და ყოველ ჯერზე ძალიან გულწრფელად და მგზნებარედ. ემოციებში გასარკვევად ბევრი დრო არ სჭირდებათ. ყველაზე ხშირად ერთი ნახვით სიყვარული ვენერა ვერძის მქონე ინდივიდებს შორის არსებობს (თუკი სხვა ასპექტები არ აბათილებენ).

    ურთიერთობებში რაღაცნაირად გულწრფელი, ბავშვური და გულუბრყვილო ხართ – აქტიური, ენერგიული, თავგადასავლების მოყვარული და მოუთმენელი.

    სიყვარული თქვენთვის ცეცხლია, რომელიც არ უნდა ჩააქრო. უფრო მეტიც ზედ ნავთი უნდა დაასხა და ბოლომდე აგიზგიზო.  ან ცეცხლი გიკიდიათ,  ან საერთოდ არაფერს გრძნობთ. რომ გიყვართ, გინდათ რომ ისე ჩაეხუტოთ, გაგუდოთ. ზოგადად სიყვარულის გამოხატვის უხეში ფორმები გჩვევიათ.

    თქვენი სიყვარული  ამოჩემებას ნიშნავს, გადაკიდებას.  ვერაფრით იჯერებთ რომ შეიძლება არ მოსწონდეთ ვინმეს. უარს  გამოწვევად იღებთ და მიჯნურის გულის მოსანადირებლად გაორმაგებული ძალებით იბრძვით.

    ქალი, ასეთი ვენერათი, ვერც კი აცნობიერებს როგორ ხიბლავს მამაკაცებს, როგორ ფლირტაობს. მათთვის კეკლუცობა, ქალური ხრიკების გამოყენება უცხოა. მამაკაცებს ზედმეტი გახსნილობითა და გულღიაობით ,,აბამს“. პირდაპირი და პატიოსანია.

    როცა სურვილებს არ უსრულებენ, ათას სისულელეს სჩადის. იმპულსურად ბრაზდება, მაგრამ წყენას გულში არ იდებს.  უჭირს ტრადიციული ქალის როლში ყოფნა, მოსწონს ძლიერ, ემანსიპირებულ ქალად თავის წარმოჩენა და პროფესიებსაც ხშირად არაქალურს ირჩევს. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ მამაკაცებს მეტოქეებად აღიქვამს.

    მამაკაცი ასეთი ვენერით კარგად უგებს ქალებს. იდეალისტი, მუდამ იმ ერთადერთის ძიებაშია და სულ იმედი უცრუვდება. აღფრთოვანდება, ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა ჩვეულებრივი და რუტინული ხდება, მაშინვე ახლის ძიებას იწყებს. მას ძლიერი ქალები მოსწონს, სპორტული, თავისუფალი, თავის თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელი.

    კარგი იქნება თუ პარტნიორის აზრის გათვალისწინებასაც ისწავლიდით და ყოველთვის მარტო  არ მიიღებდით ერთად მისაღებ გადაწყვეტილებას.

    ,,მაინც ჩემი გახდები“ – აი, ვენერა ვერძის შემართება. თუმცა მისი რომ ხარ, სულაც არ ნიშნავს რომ საკუთრებად მიგიჩნევს. მომთხოვნი, იმპულსებს აყოლილი და ეგოისტი შეიძლება იყოს, სურდეს მის ჭკუაზე იაროთ, მაგრამ დამოუკიდებლობას და კუთვნილ თავისუფალ სივრცეს არ წაგართმევთ. სექსში და მოფერებაში სპონტანურია.

    რაც შეეხება ფულს, აქაც იმპულსები შვრება თავისას. უყვართ სიახლეები და ინოვაციური პროდუქტები და არ შეუძლიათ ფასდაკლებისთვის ლოდინი.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია