მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
ინდივიდი, რომლის ჰოროსკოპშიც ჩრდილოეთის კვანძი სასწორში ხვდება, მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და თითქმის არასოდეს უწევს ანგარიშს სხვას, თუ მისი ,,ეგო“- პიროვნული ხასიათი იზღუდება. ბუნებით აქტიურს, ლიდერობა სწყურია, ძლიერია, იმპულსური და დამოუკიდებელი, იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის და არ ადარდებს რას იტყვიან სხვები. მას გამარჯვება სურს ნებისმიერ ფასად. მეომარია, რომელსაც ამ ინკარნაციაში ცხოვრება მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს და გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სასწორის ,,გაკვეთილებს“ მიიღებს და დიპლომატობას ისწავლის.
უნდა გაითვალისწინოთ სხვების საჭიროებებიც, შეხვიდეთ სხვის მდგომარეობაში, ისწავლოთ ტაქტი და თანამშრომლობა, მოეშვათ ზედმეტად თავდაჯერებულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას, რაც ისევ თქვენი მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. აკონტროლეთ საკუთარი იმპულსები და სანამ ქმედებებზე გადახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით.
ხშირად გეშინიათ, რომ პარტნიორები ვალდებულებებს დაგაკისრებენ და ამიტომ მხარდაჭერას არ ეძებთ, გირჩევნიათ იმპულსებზე და გუმანზე დაფუძნებული მეყსეული ქმედება. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა და ყველაფერში ,,მეორე მხარის“ დანახვა, თორემ გეგმები ჩაგეფუშებათ და საქმე გაგიჯანჯლდებათ.
დაივიწყეთ ,,მე თვითონ“, ,,მარტოც მოვახერხებ“ , ეს მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვაა, რაც ისედაც გეხერხებათ და პრაქტიკაში ისევ მისი გამოყენება ზრდის საშუალებას არ გაძლევთ.
უარი თქვით ძალდატანებაზე, გახდით შემწყნარებელი, მიეჩვიეთ პარტნიორობას და ერთობლივ საქმიანობას. მხოლოდ ასე მოახერხებთ ამ ინკარნაციაში ისე ცხოვრებას, როგორც გსურთ, თუ არადა… ,,ცხოვრებას მორჩილები მიჰყავს, ურჩებს მიათრევს“
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია