ჩრდილოეთის კვანძი ლომში

0
17135

მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

როცა ინდივიდის ჰოროსკოპში ჩრდილოეთის კვანძი ლომში ხვდება, არის შანსი რომ ენდოს მათ, ვინც უღალატებს. ასეთი ადამიანები მეგობრობას განსაკუთრებულს ადგილს უთმობენ ცხოვრებაში… ხშირად დებენ პირად ინტერესებს გვერდზე მათ გამო… ეჩვენებათ რომ მეგობრების, თანამოაზრეების, კოლექტივის გარეშე არაფერს წარმოადგენენ… და მწარედ ცდებიან.

მეგობრობა მხოლოდ გასუსტებთ ამ ცხოვრებაში. თითქოს უამრავი ვინმე გყავთ გვერდით, მაგრამ როცა გაგიჭირდებათ, ყველა სადღაც აორთქლდება. დიდი ხნის გატარება მოგიწევთ მარტოობაში. ამის გამო საკუთარი თავის სიბრალული კატეგორიულად გეკრძალებათ. ეს სასჯელი არ არის, გაკვეთილია, რომლითაც ცხოვრება გამუდმებით შეეცდება დამოუკიდებლად არსებობა გასწავლოთ.

თქვენ ინდივიდი უნდა გახდეთ. უნდა შექმნათ თქვენი საკუთარი, ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორიც მხოლოდ თქვენ გსურთ. გეკრძალებათ დინების მიმართულებით სიარული. თქვენ თქვენი გზა უნდა ნახოთ და ამ გზიდან არ გადაუხვოთ. თვითგამოხატვა უნდა ისწავლოთ. თავისუფლად გამოავლინოთ შემოქმედებითი უნარები.

მოეშვით ჭირვეულობას, ავანტიურისტობას. ნუ ეცდებით ყურადღება მხოლოდ პუბლიკის შოკირებით მიიქციოთ. უბრალოდ განსხვავებული კი არა, საუკეთესო უნდა გახდეთ. ნუ იტყვით უარს ამბიციებზე. დათანხმდით ყველაზე ,,ხმამაღალ“ შემოთავაზებებსაც კი. ნუ იდარდებთ, რას ფიქრობენ დანარჩენები. ეს თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ შეგიძლიათ. გაქვთ ,,მეფობის“ პოტენციალი. გააცნობიერეთ შინაგანი მე, ეგო, პიროვნება.. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, თქვენს ქმედებებზე, თქვენს ცხოვრებაზე, მოვლენებზე. გახდით ლიდერი და დაივიწყეთ დევიზი – ძალა ერთობაშია.

,,მე არ მეშინია ლომების არმიის, რომელსაც ცხვარი მეთაურობს, მეშინია ცხვრების ფარის, რომელსაც სათავეში ლომი უდგას“- იფიქრეთ ჭეშმარიტად ლომის –  ნაპოლეონ ბონაპარტეს ამ ფრაზაზე.

შეიძლება თქვენ მიჩვეული ხართ კოლექტივში ცხოვრებას და კოლექტივის ენერგიით არსებობას, მაყურებლობა გირჩევნიათ სცენაზე დგომას, მაგრამ ამ ცხოვრებაში ეს არ გამოგივათ და არ გამოგადგებათ. თქვენ ლომი უნდა გახდეთ. ლომი შემოქმედებითი ნიშანია, კრეატიულობაა, ხელმძღვანელობა, ლიდერობა… ,,მოდი, გავაკეთოთ“ – არ არის თქვენი ფრაზა!   ,,მიყურეთ და მომყევით“… მხოლოდ ასე დაიმსახურებთ ისეთ წრეს და მეგობრებს, რომელიც გჭირდებათ და შეგეფერებათ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია