ჩრდილოეთის კვანძი ტყუპებში

    0
    11437

     

    მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

    როცა ჩრდილოეთის კვანძი ტყუპებში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ წინა ინკარნაციებში სული ბევრს მოგზაურობდა, ან დიდ დროს ატარებდა მარტოობაში ბუნებასთან. შეიძლება იყო გურუ, თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფიით, მასწავლებელი, მქადაგებელი, რელიგიური პირი, ბრმა მორწმუნე, ტომის ბელადი, თვითნასწავლი ადამიანი… და ახლა ეს ,,ველური“ ინფორმაციით სავსე ცივილიზებულ სამყაროში ხვდება, სადაც ყველაფრისთვის ინსტრუქცია არსებობს. იგი ფიქრობს რომ ინსტრუქცია არ ჭირდება, რომ მან უკეთ იცის როგორ გააკეთოს, უკეთ იცის როგორ იცხოვროს, ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებს, სხვებსაც მოუწოდებს… მაგრამ მისი არ ესმით, ამის საშუალებას არ აძლევენ.

    თქვენ შეიძლება დიდი სიბრძნის მფლობელი იყოთ, მაგრამ მის სწორად გაზიარებას ვერ ახერხებთ. იმდენი გაქვთ სათქმელი და საჭირო სიტყვებს ვერ პოულობთ. ღიზიანდებით, როცა ვერ აგებინებთ, ბრაზობთ, რომ იძულებული ხართ ფაქტები შეკრიბოთ და არგუმენტებით ილაპარაკოთ, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მართალი ხართ. ბიბლიოთეკაში დგახართ და გაუგებარ ენაზე ყვირით, იმის ნაცვლად რომ ლექსიკონი აიღოთ, გარშემომყოფების ენა აითვისოთ, მათაც მოუსმინოთ, თქვენიც თქვათ…ეს არის ჯანსაღი კომუნიკაცია. გამოდით ბელადის როლიდან!

     

    თქვენ საზოგადოებაში არსებობა უნდა ისწავლოთ.  მის ენაზე საუბარი. ყველა ადამიანის თანასწორად აღქმა. თქვენ მასწავლებლის პოზიციიდან მოსწავლის სკამზე ინაცვლებთ. შუამავლის ფუნქცია გეკისრებათ ამ ინკარნაციაში. საკმარისი დრო გქონდათ იმისთვის, რომ თქვენს ჭკუაზე გევლოთ, ახლა სხვების თვალებით მოგიწევთ გამოხედვა, სხვების აზრებიდან გააზრება. ინსტიქტები შეგებრძოლებიან, მაგრამ გონებამ უნდა გაიმარჯვოს!

    აწარმოეთ დღიური, ბევრი იკითხეთ, ახლო მანძილებზე იმოგზაურეთ, მეზობლებთან, ნათესავებთან,  და-ძმებთან იმეგობრეთ. ნუ იქნებით დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში მანამ, სანამ სხვების მოსაზრებასაც არ მოისმენთ ამ საკითხზე. თქვენ იდეების გამავრცელებელი უნდა გახდეთ და არა მშობელი.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია