მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
როცა ინდივიდის რუკაზე ჩრდილოეთის კვანძი კუროში ხვდება, ნიშნავს, რომ ადამიანს წინა ინკარნაციაში ნამდვილი ჯოჯოხეთი აქვს გავლილი. ახლა იმ მეომარს ჰგავს სამკვდრო სასიცოცხლო ომიდან რომ ბრუნდება და მშვიდი ცხოვრება აღარ შეუძლია. ადრენალინი უნდა, მძაფრი ემოციები ენატრება, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგომა. ჩვევები პარანოიაში გადადის – ჰგონია, რომ ყველგან მტერია ჩასაფრებული, სულ ეჭვობს, სულ ფხიზლადაა, სულ დაძაბულია, ზედაპირს მიღმა მუდამ რაღაცა ელანდება. არავის ენდობა!
მოეშვით! პირველ რიგში სიმშვიდე უნდა ისწავლოთ! სრული განტვირთვა! იპოვეთ კომფორტის ზონა და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება სხვებს და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ სულიერი სიმშვიდე შეგირყიონ! აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ სხვები არაფერ შუაშია, თქვენ თავად უგონებთ თავს ყოველდღე ახალ-ახალ კრიზისებს. თქვენი ტკივილები ფანტომური ტკივილებია. წარმოსახვითი ტრავმები გტკივათ. გათავისუფლდით ამისგან! ,,რაც არ ჩანს, არ ნიშნავს რომ არ არსებობს!“ – ყველაფერში ქვეტექსტების ძიებას მოეშვით, სიღრმეში ქექვას მოეშვით, ფსიქოლოგობას მოეშვით.
მიწისქვეშა სამყარო უკვე გავლილი და შესწავლილი გაქვთ, ახლა მწვანე მოლზე ხართ, ირგვლივ ყვავილებია, პეპლები.. დატკბით! რატომ გაწუხებთ ის, რომ ამ ლამაზ მოლს მიღმა ქვესკნელია? რატომ ფიქრობთ გამუდმებით ამაზე? რატომ ჩიჩქნით მიწას ამის დასამტკიცებლად?
თქვენ აქ მატერიალური სამყაროს დასაფასებლად ხართ! ფორმა უნდა ისწავლოთ, გარეგნული მხარე. მშვიდი და სტაბილური ცხოვრებისკენ უნდა დაიწყოთ სწრაფვა. იზრუნეთ გარეგნობაზე, თქვენს სახლზე, თქვენს ნივთებზე. მოუარეთ და უპატრონეთ ყველაფერს, რაც თქვენია. გაალამაზეთ ადგილი, სადაც ცხოვრობთ. ფული ნუ დაგენანებათ კომფორტისთვის, საოჯახო ნივთებისთვის, უბრალოდ ლამაზი ნივთებისთვის, პრაქტიკული და გამოსადეგი საგნებისთვის. თქვენი რესურსი მთლიანად საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული – იქნება ეს ჰარმონიული ურთიერთობები თუ გემრიელი სავარძელი. პატივი ეცით საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს.
გეკრძალებათ ეჭვი, შფოთვა, რადიკალიზმი, რისკი, ექსტრემალური ემოციები. გეკრძალებათ ფაქტების გარეშე საუბარი, გეკრძალებათ სცენარების საკუთარი ფანტაზიით შევსება. ზომიერება დაიცავით ურთიერთობებში. ნუ ეცდებით ქცევებს მიღმა მოტივების გაშიფვრას. ნუ მოთხრით ყვავილს მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნდეთ ფესვები მასაც ბინძური აქვს. ყვავილი დააფასეთ. ყვავილზე იზრუნეთ.
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ფულს, ფიზიკურ და სექსუალურ ენერგიას. თქვენ თქვენი ფინანსური ბაზისი უნდა შექმნათ. უნდა ეცადოთ, რომ სხვის ფინანსებზე დამოკიდებული არ იყოთ. თქვენი ფული უნდა გქონდეთ და თქვენი ფული რომ გქონდეთ, პირველ რიგში – ისწავლეთ მისი ყადრი. ისწავლეთ სწორი ხარჯვა. მოუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის რესურსსაც. ხარჯეთ მხოლოდ აუცილებელზე და საჭიროზე. აუცილებლად გადადეთ შავი დღისთვის. რაც გაქვთ, იმის ბიუჯეტი დაგეგმეთ სწორად, სწორი ინვესტიციები გააკეთეთ და ათმაგს დაიბრუნებთ.
ვნებებით შეშლის ნაცვლად – მშვიდი სიყვარული, რისკის ნაცვლად – უსაფრთხოების ზომების დაცვა, შინაგანი ომების ნაცვლად – სულიერი სიმშვიდე, შინაგანი კრიზისების ნაცვლად – სტაბილურობა. ჰობად იქციეთ: მებაღეობა, მზარეულობა, კოლექციონერობა… ხატვაც..
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია