ჩრდილოეთის კვანძი თხის რქაში

    0
    7991

    მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

    ადამიანები, რომელთაც ჩრდილოეთის კვანძი თხის რქაში ჰყავთ, მიჯაჭვულები არიან ბავშვობასა და წარსულზე, აკლიათ დამოუკიდებლობა და თავიდან ირიდებენ ყველა პასუხისმგებლობას, თუ ვალდებულებას, რადგან არ სურთ გაზრდა, ბავშვობაზე უარის თქმა. იმდენად არიან უსაფრთხოების ზომების დაცვის იდეით შეპყრობილნი, იმდენად ეშინიათ რამე არ ეტკინოთ, ირგვლივ კედლებს იშენებენ და თავიანთი ბაკნიდან თავის გამოყოფაც არ უნდათ. არ უყვართ ცვლილებები და ხალხში ყოფნა, თუმცა ამ ინკარნაციაში  ცხოვრება საზოგადოებაში გამოსვლას აიძულებთ და მიზნის მიღწევით გამოწვეული ბედნიერების განცდას.

    ეცადეთ ,,ოჯახიდან“ გამოხვიდეთ და თავად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე, შეეშვით წარსულზე და უსაფრთხოებაზე ფიქრს, იარეთ წინ და დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მიეცით ოჯახს, ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს საშუალება თავადვე მიხედონ თავიანთ პრობლემებს. ისწავლეთ დამოუკიდებელი ცხოვრება. თქვენ მიჩვეული ხართ რომ ინსტიქტების უფრო გჯეროდეთ, ვიდრე ხალხის, მაგრამ თუ გინდათ რომ გაიზარდოთ უნდა აღადგინოთ ბალანსი მგრძნობიარობასა და პასუხისმგებლობას შორის. ნუ დაეყრდნობით გრძნობებს, ნუ განვლით ცხოვრების პირველ ნახევარს ასე – ამ გზით ვერ შექმნით იმ მომავალს, რომელზეც ოცნებობთ.

    ჩამოყალიბდით  მიზნებში, იზრუნეთ მიზანსწრაფულობის განვითარებაზე და განსაზღვრეთ ცხოვრების ძირითადი მიმართულება, გაიზარდეთ! თუ ამას შეძლებთ ხალხიც გვერდში დაგიდგებათ, მათ ხომ თქვენი სჯერა.  თქვენ ლიდერად და მენეჯერად ხართ დაბადებული. იზრუნეთ კარიერაზე, კონკრეტული შედეგის მიღებაზე,  ეს ოჯახური სიმყუდროვის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ორიენტირდით მომავალზე, ეს წარსულს მოგწყვეტთ. საზოგადოებაში უნდა გამოხვიდეთ, სოციუმში საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოახდინოთ  –  მხოლოდ ასე შეძლებთ იმ ფინანსური და ემოციური უსაფრთხოების მიღწევას, რაც ასე ძვირფასია თქვენთვის.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია