ჩრდილოეთის კვანძი ვერძში

0
12984

მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

როცა ინდივიდის ჰოროსკოპში ჩრდილოეთს კვანძი ვერძში ხვდება, ნიშნავს რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში ძალიან იყო დამოკიდებული პარტნიორებზე, საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას უნაწილებდა მათ, სხვების აზრი საკუთარ აზრზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.  წარსული ჩვევები ამ ცხოვრებაშიც შეიძლება აქტუალური იყოს, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ეტაპზე, ვიდრე საკუთარ თავზე მუშაობას დაიწყებდეთ.

კატეგორიულად გეკრძალებათ: მერყეობა, გაუბედაობა, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, სხვების აზრზე დამოკიდებულება, გამუდმებით იმაზე ფიქრი, თუ რას იფიქრებს და რას იტყვის ხალხი. მთავარია თქვენ მოგწონდეთ საკუთარი თავი და თქვენს ქმედებებში დარწმუნებული იყოთ.

კომპრომისის ნაცვლად შეტევა, ფიქრის ნაცვლად იმპულსი, პარტნიორობის ნაცვლად ლიდერობა, დიპლომატობის ნაცვლად მეომრობა – აი, თქვენი მისია. უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული ისეთის, როგორიც არის!

გაბედეთ იყოთ საკუთარი თავი და ნურასოდეს მოირგებთ რაიმე როლს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს მოეწონოთ.  თამამად გამოხატეთ ნება, თქვენი თავი! არ დათმოთ ის, რაც პრინციპულია! ნუ გეშინიათ კონფლიქტების! ნუ გეშინიათ მარტოობის! ნუ ფიქრობთ ამდენს საკუთარ გარეგნულ მხარეზე! ყველასთან იდეალური ურთიერთობა ვერ გექნებათ! ყოველთვის იდეალურ ფორმაში ვერ იქნებით! თუ არ მოსწონხართ, წავიდეს! თქვენ მარტოც მოახერხებთ, მის გარეშეც! ნუ ებღაუჭებით, ნუ ცდილობთ შეინარჩუნოთ, ნუ ჩამოეკიდებით, ნუ გამოეკიდებით! იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, თქვენი სურვილებითა და თქვენი გადაწყვეტილებებით. ისწავლეთ შინაგანი ინსტინქტებისთვის მოსმენა, რაც ძალიან დიდ თავდაჯერებას გულისხმობს. მოიშორეთ ზედმეტი რაციონალიზმი! წინა ცხოვრებაშიც საკმარისად იფიქრეთ! არ არის საკითხის ასე მრავალმხრივი განხილვა და გაანალიზება საჭირო. აქეთ იქედან შემოვლა და ყველა კუთხიდან შეხედვა. უბრალოდ იარეთ!  წინ! ნუ იხედებით აქეთ იქეთ!

შეეგუეთ აზრს, რომ დამოუკიდებლად არსებობა მოგიწევთ! მთავარი თქვენ ხართ, მთავარი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა და არა სხვებთან. ,,მე“! – ეს თქვენი მისიის გასაღებია! შეხვდით საკუთარ ეგოს, გაიცანით და მიეცით მას თვითგამოხატვის საშუალება!

მხოლოდ ამ გზით შეძლებთ იმ ყველაფრის მიღწევას, რაც ასე ძალიან გსურთ, მხოლოდ ასე დალაგდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობებიც და გამოჩნდება ის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ კი არ მოარგებთ საკუთარ თავს, თავად მოგერგებათ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია