მთვარე მშვილდოსანში

    0
    30926

    მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

    თქვენი ემოციური საკვები პიროვნული თავისუფლება და სივრცეა. უამრავი დადებითი ემოცია გაქვთ, შინაგანად ძალიან ოპტიმისტი და კეთილმოსურნე ადამიანი ხართ, თუკი, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხი არ გაქვთ შეკრული.

    გაქვთ აქტიურობის მოთხოვნილება. სახლი თქვენი კომფორტის ზონა არ არის. ისვენებთ აქეთ იქეთ წანწალით. ახალ, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ქალაქებში მოგზაურობა პოზიტივით გმუხტავთ და ახალი ენერგიით გავსებთ.

    შესაბამისად უამრავი მეგობარი გყავთ და უამრავ რამეს ასწრებთ. თქვენთვის ცხოვრება თამაშია, სულ მზად ხართ ახალი თავგადასავლისთვის. მომავალს იმედის თვალით უყურებთ, ყველას ამხნევებთ, გულს უმაგრებთ და უკეთესი მომავლის რწმენით აღავსებთ. ხართ იდეალისტი. გაქვთ თქვენი ფილოსოფია, იდეები და მის მიხედვით ცხოვრობთ. მოგწონთ დიდი სივრცეები, სინათლე.. სახლში თუ გარეთ.

    ხართ სუფთა და გულწრფელი ადამიანი. ემოციურ დონეზე გახსნილი (თუ სხვა ასპექტები არ აბათილებენ ამას) და ძალიან ხელგაშლილი. ერთი ესაა, იმაზე მეტს ჰპირდებით ხანდახან, ვიდრე შეგიძლიათ. გგონიათ ყოველთვის ყველაფერი გამოგივათ. საოცრად მიამიტი და გულუბრყვილო შეგიძლიათ იყოთ. გულმავიწყიც ხართ. ამიტომ უპასუხისმგებლოს რეპუტაციაც შეიძლება გქონდეთ, თუმცა დიდხანს თქვენზე გაბრაზებას ვერავინ ახერხებს, ისეთი დადებითი ტიპაჟი ხართ.

    ფეთქებადი, იმპულსური და მოუსვენარი, ხანგრძლივ კონფლიქტებს ვერ იტანთ და როცა სიტუაცია იძაბება, უბრალოდ მიდიხართ. ვერ იტანთ რუტინას. გაინტერესებთ სულიერი საკითხები, რელიგია, ფილოსოფია. ფართოდ აზროვნებთ. არის თქვენში რაღაც სულიერი მასწავლებლის მსგავსი. ერთგვარი გურუ ხართ, რომელიც სხვა ადამიანების გონებრივ განვითარებას ისახავს მიზნად და ცდილობს სულიერი საზრდო მიაწოდოს მათ.

    დადებით გამოვლინებაში, კეთილი, მხიარული, დიდსულოვანი, ოპტიმისტი, ექსტრავერტი ტიპაჟი იქნებით, დაზიანებული მთვარის პირობებში კი შეიძლება ეს ყველაფერი ქედმაღლობაში, სუბიექტივიზმში, ნევროზულობაში, პატივმოყვარეობასა და შთაბეჭდილების მოხდენაზე ორიენტირებულობაში შესაძლოა გამოვლინდეს.

    ქალები ასეთი მაჩვენებლით ცოტა ამორძალი ტიპაჟები არიან, სპორტული და თავგადასავლების მოყვარულნი. მამაკაცებს კი ქალების ასეთი ტიპაჟები ხიბლავენ, მათ რაღაცნაირად ეგზოტიკური, არაორდინალური, უჩვეულო (უცხოელებიც) ქალები შეიძლება მოსწონდეთ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია