მთვარე მორიელში

    0
    37814

    მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

    თუკი სხვები სულიერი სიმშვიდის მოპოვებას უსაფრთხო გარემოში ახერხებენ, მორიელი მთვარის მქონე ადამიანები ბედნიერები არიან განცდებში. ადრენალინი მორიელური ბედნიერების ჰორმონია. თქვენ მძაფრი ემოციებით იკვებებით. დაძაბულობა და რისკი მოგწონთ. როგორი მშვიდი და ჰარმონიულიც არ უნდა ჩანდეთ გარედან,  რაღაც შინაგანი დაძაბულობა მუდმივად თქვენი თანმდევი იქნება.

    ხართ ჰიპერ-მგრძნობიარე, რეაგირებთ ემოციებზე ოდნავი შეხების დროსაც კი. მუდმივად ღრნით საკუთარ თავს. გაქვთ თვითგვემისკენ მიდრეკილება. ეცემით და როცა ფსკერს მიაღწევთ, თავიდან იბადებით. მუდმივი ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნილება გაქვთ. ხანდახან ფიქრობთ რომ ერთადერთი რამ, რისი კონტროლიც თქვენს ძალებს აღემატება თქვენი საკუთარი ემოციებია, ამიტომ გამუდმებით ცდილობთ მათი ფლობა ისწავლოთ, თუმცა მშვიდობიანობის პერიოდები დიდად არც გხიბლავთ. როცა არაფერი ხდება, შესაძლოა ქვეცნობიერ დონეზე თავად გამოუგონოთ სატანჯველი საკუთარ თავს.  მუდმივი აღმართ-დაღმართები. რადიკალური ემოციები, აღმაფრენიდან ტანჯვამდე და არავითარი საშუალო. ზომიერება არ შეგიძლიათ. ,,რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ – თქვენ კი სულიერ სიძლიერეზე გაქვთ ამბიცია.

    ამ სულიერ დრამებს რომ გაუმკლავდეთ აუცილებელია გააცნობიეროთ რაც გჭირთ და ისეთი მიიღოთ საკუთარი თავი, როგორიც ხართ.

    ხედავთ ფასადებს მიღმა, კითხულობთ ხაზებს შორის, ნებისმიერი ადამიანის ემოციის გაშიფრვა შეგიძლიათ. ვერ იტანთ გაურკვევლობებს, საოცარი ინტუიციის წყალობით, ყოველთვის წინასწარ გრძნობთ და ხვდებით ყველაფერს, ამიტომ თქვენი შიშები მართლდება, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ დროს, პირიქით, გულზე გეშვებათ. მთავარია უკვე ყველაფერი გაირკვა.

    ბევრი ფიქრობს რომ ეჭვიანი ხართ, რადგან დამამტკიცებელი საბუთების გარეშე შეგიძლიათ დასკვნების გამოტანა, მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ უბრალოდ იმაზე მეტს ხედავთ, ვიდრე ფაქტებია. თქვენ უბრალოდ იცით, მაგრამ საიდან იცით, წარმოდგენა არ გაქვთ. ხედავთ ადამიანის სულის ყველაზე ბნელ მხარეებს, მათ ფარულ მოტივებს, ქვეცნობიერში ხეტიალი თქვენი საყვარელი საქმიანობაა. ამის გამო, ან ძალიან იხიბლებიან, ან ვერ გიტანენ გარშემომყოფები. თქვენ ან ბოლომდე გენდობიან, ან უკანმოუხედავად გარბიან შეშინებულები.

    ვერ იტანთ ხელოვნურობას, ზედაპირულობას. ურთიერთობა, რომელსაც აკლია სიღრმე თქვენი ემოციური საკვები ვერ იქნება. თქვენ გინდათ ყველაფერი ან არაფერი. თქვენი ყველაზე დიდი შიში – ღალატის, გაცემის, უარყოფის შიშია. ამიტომ სულ სიყვარულის დამტკიცებას მოითხოვთ, გინდათ რომ საყვარელმა ადამიანებმა თქვენთვის მსხვერპლი გაიღონ, სანაცვლოდ კი თავადაც ერთგულებას და მხარში დგომას ჰპირდებით ჭირსა თუ ლხინში.

    თუნდაც ძალიან მორცხვი და მოკრძალებული იყოთ პირად ასტროლოგიურ რუკაზე სხვა მაჩვენებლების მიხედვით, მაინც იმხელა შინაგან ენერგიას ფლობთ, თქვენი ყოფნა ყველგან შესამჩნევია.

    უარყოფით გამოვლინებაში საკუთარ თავში ჩაკეტილ, დაბოღმილ, გაბოროტებულ და დეპრესიულ პიროვნებას ვიღებთ (შესაძლოა ეს უბრალოდ ეტაპიც იყოს), რომელიც მთელ ენერგიას ნგრევაზე მიმართავს, ჰარმონიულ გამოვლენაში კი – მუდმივი თვითანალიზის შედეგად შესაძლოა მოახერხოთ უმდაბლესი ინსტიქტების დამარცხება და უმაღლეს ფასეულობებს ემსახუროთ. დიაპაზონი დიდია. ამ შემთხვევაში თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგება და სხვებს ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებაში დაეხმარებით.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია