მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.
თქვენი ემოციური საკვები სილამაზეა. ხართ ძალიან დელიკატური და ფაქიზი სულის ადამიანი და მუდამ ბასრი კუთხეების დაბლაგვების მცდელობაში ბრძანდებით. ვერ იტანთ ვულგარულობას და მუდმივად ცდილობთ ელეგანტური და დახვეწილი იყოთ. არ მოგწონთ უხეში ადამიანები და ყველაზე მეტად თავხედობა გაცოფებთ.
მოგწონთ თანამშრომლობა, შეთანხმებულად მოქმედება. მშვიდად და უსაფრთხოდ მაშინ გრძნობთ თავს, როცა პარტნიორი გყავთ. სხვები თქვენი შინაგანი სიმშვიდის გარანტია. სადაც უნდა მიდიოდეთ, მუდმივად თანამგზავრის მოთხოვნილებას გრძნობთ. კუთხის მაღაზიაშიც კი გამყოლთან ერთად უფრო ხალისიანად ჩახვალთ, რადგან ერთად კეთება განიჭებთ სიხარულს.
სულიერ მხნეობას სხვა ადამიანებთან ურთიერთობით მოიპოვებთ. საოცრად გჭირდებათ ადამიანი, ვისაც ყველაფერს გაუზიარებთ და ამის გარეშე თავს სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობთ. სწორედ ამიტომ ასეთი მაჩვენებლის მქონე ადამიანთა უმრავლესობა ადრე ქორწინდება, ან პარტნიორთან ერთად მალევე იწყებს თანაცხოვრებას.
ამ მთვარის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ჰარმონია, მშვიდობა და გაზიარებაა, ამიტომ თქვენ მუდამ მზად ხართ დათმობაზე წახვიდეთ. ცდილობთ გაუგოთ ყველას, მოგწონთ სოციალიზაცია და დებატები. მენტალური ურთიერთგაგება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ტიპის ორივე სქესის წარმომადგენელი ემოციურ დონეზე სირბილით და მომხიბვლელობით გამოირჩევა. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა. შესანიშნავად გეხერხებათ ფლირტი. არასოდეს უხეშობთ, აგრესია უცხოა თქვენთვის და დახვეწილი და ხავერდოვანი მეთოდებით ცდილობთ ადამიანების გულისკენ გზის გაკაფვას.
ბუნებით ესთეტი მუდამ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე ფიქრობთ. ნაცნობებთან დიპლომატიური, ხანგრძლივ პარტნიორებთან იქამდე კამათობთ, ვიდრე თქვენსას არ გაიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კომპრომისზე მიდიხართ, დებატებიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიხართ, რადგან არგუმენტირებული კამათის დიდოსტატი ბრძანდებით. შეიძლება თავადაც არ გჯეროდეთ რასაც ამბობთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც თქვენზეა ხოლმე, იმდენად მრავალმხრივად შეგიძლიათ თემის გაშლა.
თქვენთან ცხოვრება სასამართლოს შენობაში ყოფნას ჰგავს, სადაც თქვენ ვექილი ბრძანდებით. ეშმაკის ადვოკატი, რომელსაც ნებისმიერი მხარის დაცვა შეუძლია საჭიროების მიხედვით.
თუკი მთვარე ჰარმონიულია (არ არის დაზიანებული უარყოფითი ასპექტებით), მაშინ ადამიანი მშვიდი, ემოციურ დონეზე გაწონასწორებული, გემოვნებიანი და ნამდვილი ესთეტია, ხოლო უარყოფით გამოვლინებაში, ვიღებთ არასტაბილურ, მერყევ, ცვალებად ტიპაჟს, შესაძლოა სნობსაც, რომელიც მხოლოდ გარეგნულ მხარეებს აქცევს ყურადღებას; მისი ნდობა არ შეიძლება.
თუკი მოახერხებთ და ისწავლით (ან ეგებ უკვე ნასწავლიც გქონდეთ) ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას, საქმის ბოლომდე მიყვანას, სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და ნაკლებად მოექცევით გავლენის ქვეშ, ამ მთვარის იდეალურ ვერსიას მივიღებთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია