მთვარე ქალწულში

    0
    35044

    მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

    თქვენ მშვიდად მაშინ გრძნობთ თავს, როცა ყოველდღიური ცხოვრების ყველა წვრილმანი მოგვარებული გაქვთ – გადასახადები გადახდილი, საჭმელი გამზადებული (ან შეკვეთილი), სახლი დალაგებული… ბედნიერი ხართ, როცა ყველაფერი წესრიგში გაქვთ, თუმცა ბევრ მთვარით ქალწულს ახასიათებს ამაზე წუწუნი. თან კეთება და თან წუწუნი.

    როცა საჭირო დაფასებას იღებთ მუდამ მზად ხართ გარშემომყოფების დასახმარებლად. ყოველთვის პირველი გარბიხართ სხვისი პრობლემების მოსაგვარებლად და სხვისი საქმის გასაკეთებლად. მოგწონთ კიდევაც იმის განცდა რომ საჭირო და გამოსადეგი ადამიანი ხართ. თქვენი საყვარელი ფრაზაა – ,,ასეა საჭირო“.

    მთვარით ქალწულებს პერფექციონიზმშიც ადანაშაულებენ ხოლმე, თითქოს მუდამ უკმაყოფილო იყვნენ ყველაფრით, მაგრამ ყოველთვის ასე როდია. შეიძლება თავდაჯერება გაკლიათ, თუმცა ბევრი თქვენგანი უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებითაც ახერხებს ბედნიერებას.

    თქვენი სისუსტე ნერვებია, ყოველთვის ზედმეტს ნერვიულობთ, სტრესისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და  ხშირად ზედმეტადაც იტვირთავთ თავს.

    სიმართლე რომ ვთქვათ, სამსახური, სადაც ადვილად შესასრულებელი დავალებები გექნებათ სულაც არ გაგაბედნიერებთ, თქვენ გჭირდებათ განცდა იმისა, რომ თქვენი შრომით ვიღაცას სამსახურს უწევთ.

    ცუდ ხასიათზე მყოფი მთვარე ქალწული მოუსვენარი და წუწუნაა. იგი  ყოველდღიურ რუტინაში ეფლობა და პანიკაში ვარდება, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება. არსებობს საფრთხე, რომ დეტალებზე დაკვირვებაში გამოგრჩეთ მთავარი. გჭირდებათ სამსახური, სადაც თქვენი ანალიტიკური უნარები და მიკრომენეჯმენტი გამოგადგებათ.

    სიყვარულს საქმით გამოხატავთ. ემოციების გამოხატვა არ გეხერხებათ და საკმაოდ მორცხვი ხართ ამ კუთხით. ეს განსაკუთრებით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში მჟღავნდება. როცა გაიხსნებით და კომფორტის ზონაში შედიხართ, მერე მორცხვს ნამდვილად ვერავინ გიწოდებთ. ლაქლაქს იწყებთ.

    ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკეპტიკური ნიშანია. უფრო მეტად ლოგიკას ენდობით და არგუმენტების გჯერათ, ვიდრე ინტუიციის თუ რაღაც მეექვსე გრძნობის. არასერიოზულად აღიქვამთ ბრმად მორწმუნე, ცრუმორწმუნე ადამიანებს. დროდადრო საშინლად ენამწარე და ცინიკურიც შეგიძლიათ იყოთ, რასაც ბევრი არ მოგითმენთ. გარდა ამისა, ძალიან მიწიერი ხართ, ზედმეტად რეალისტი, პრაქტიკული და მეოცნებე, რომანტიკული ადამიანების ნამდვილი რისხვა.

    პირად ურთიერთობებშიც ადვილად ვერ იხსნებით, საკუთარ სექსუალობაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, თუმცა სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე ძალიან ორიენტირებული ბრძანდებით, გაქვთ ბევრი თეორიული ცოდნა და ამის გამო საწოლშიც ძალიან სასურველი შეიძლება აღმოჩნდეთ.  საერთო ჯამში ბევრი კომპლექსი გაწუხებთ, გაკლიათ თავდაჯერება, ხართ ზედმეტად თვითკრიტიკული და კრიტიკული სხვების მიმართაც და თუკი მოახერხებთ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოძრომას, ისწავლით სპონტანურ მოქმედებას და ფუჭ ნერვიულობაში დროს არ დაკარგავთ,   შესანიშნავი პარტნიორი იქნებით.

    თქვენ ადამიანებს ხშირად აბნევთ, რადგან ხან ზედმეტად ინტერესდებით სხვისი პრობლემებით, ხან კიდევ საშინელ გულგრილობას იჩენთ, თანაგრძნობის ნატამალს არ ამჟღავნებთ და საერთოდ თავს არიდებთ მათ. ხან საოცრად დელიკატური ბრძანდებით, ხან კიდევ ისეთი კრიტიკის ქარცეცხლში გახვევთ რჩევის მიცემის ნაცვლად ადამიანს, მგრძნობიარე ინდივიდებისთვის საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს. ისე კი, თქვენი რჩევის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.

    ყოველ დილას ენთუზიაზმით სავსე იღვიძებთ, დღეს ფუსფუსით იწყებთ. სულ საქმეში ხართ, სულ რაღაცას აკეთებთ და როცა ყველაფერი თქვენი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ხდება, თქვენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნო ხდება.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია