მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.
,,ასეთ დროს ძნელია მიხვდე სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება…“ – უგემრიელესი სასუსნავის ეს ძალიან ცნობილი სლოგანი არავის უხდება ისე, როგორც მთვარე თევზებს.
თქვენ საოცრად კეთილი ადამიანი ხართ, როგორც გარშემომყოფები იტყოდნენ, სისულელემდე კეთილიც კი. თავადი მიშკინი გახსოვთ დოსტოევსკის ,,იდიოტიდან“? დაახლოებით მთვარე თევზების ტიპაჟია. ყველას მიმართ თანაგრძნობით ხართ აღვსილი, ყველა ერთნაირად გეცოდებათ და ხშირად შესაძლოა სიყვარული და სიბრალული გერეოდეთ ერთმანეთში. უფრო მეტიც, ჩვენი ,,იდიოტიც“ საყვარელ ქალს იმ ქალს არჩევს, ვინც ეცოდება და ვისაც, მიაჩნია, რომ მისი გვერდში დგომა სჭირდება.
ასტროლოგები ფიქრობენ, რომ მთვარე თევზებში მთვარის ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობაა, რადგან ძალიან ძლიერ ინტუიციას, მდიდარ ფანტაზიას, ღრმა და საინტერესო შინაგან სამყაროს იძლევა – საოცარი შემოქმედებითი უნარებით, თუმცა ყველაფერს აქვს მეორე მხარეც – იმდენად მგრძნობიარე ხართ, ისე ძალიან ახლოს მიგაქვთ ყველაფერი გულთან, თქვენი იქნება თუ სხვისი, გამუდმებით ტანჯვებში შეიძლება იყოთ, თუნდაც ამას არ იმჩნევდეთ გარეგნულად. მოკლედ, მთვარე თევზები მფლობელებისთვის მძიმე ტვირთადაც შეიძლება იქცეს.
მატერიალურ სამყაროში გარკვევა გიჭირთ. მეოცნებე ხართ და რეალობას გაურბიხართ. თქვენნაირი ფაქიზი სულის მქონე ადამიანისთვის არსებობა რთულია, ცხოვრება ზედმეტად სასტიკია და გამუდმებით ილტვით მატერიისგან გათავისუფლებისკენ. ,,მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ“ – ესეც თევზური პოეზიიდანაა.
ვინაიდან თქვენს სულიერ სამყაროში წაშლილია ზღვარი თქვენსა და სხვებს შორის, რადგან თქვენთვის მთელი სამყარო ერთია და ამ მთლიანი ორგანიზმის ნაწილად გრძნობთ საკუთარ თავს, ყველას ტკივილს საკუთარივით განიცდით. გაქვთ ძალიან ძლიერი მედიუმური უნარები. ხართ საოცარი გამტარი. ფილმის ყურების დროსაც კი, მსახიობზე უკეთესად შედიხართ პერსონაჟის შინაგან განცდებში. თქვენი სიყვარული ქრისტესმიერი სიყვარულია -უანგარო და თავგანწირული. შეგიძლიათ საკუთარი თავი გაწიროთ სხვების გამო, არსებობს საფრთხე, რომ სხვის ტანჯვებში საკუთარი თავი დაკარგოთ.
მსოფლიო სევდას დაატარებთ თქვენი სუსტი მხრებით და ფაქიზი ტერფებით, მხოლოდ საკუთარი პრობლემებით მოცული ადამიანები კი ამას ვერ იგებენ. ამიტომ მტირალა, მშიშარა და სუსტი ინდივიდის რეპუტაციაც შეიძლება შეიქმნათ ძალიან ახლობელ ადამიანებს შორის.
თევზები ზოდიაქოს ნიშნის უკანასკნელი, მეთორმეტე ნიშანია. მთვარე თევზებში ნიშნავს რომ ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშნის ტკივილის გააზრება და თანაგანცდა ძალგიძთ. ყველაფერი ინსტიქტურ დონეზე იცით, გამოცდილიც რომ არ გქონდეთ თავად. მაგალითად, არასოდეს გქონიათ სექსი, მაგრამ ზუსტად იცით რას გრძნობენ ადამიანები ამ დროს, იცით ყველა სექსუალური ხრიკი. მთავარია მუსიკა ჩაირთოს და თქვენი სხეული რიტმებს აყოლილი იწყებს ზუსტი ილეთების გაკეთებას.
გაქვთ მსახიობის მონაცემები. თუკი რუკაც ხელს გიწყობთ, თქვენგან შესანიშნავი ფსიქოლოგები დგებიან. ასეთი მაჩვენებელი ხშირია მუსიკოსების, მწერლების, პოეტების, ზოგადად ხელოვანი ადამიანების რუკებში. უნდა ითქვას, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. ხელოვნებასთან შეხება არ უნდა დაკარგოთ, უმჯობესი იქნება თუ თქვენს უნარებს და ნიჭს ამაში დახარჯავთ.
მიუხედავად მელანქოლიური ბუნებისა, იუმორის გრძნობითაც სავსე ხართ, თუმცა თქვენი იუმორი, რაღაცნაირად უცნაური, სევდიანი, კეთილი და სასიამოვნოდ სულელურია. ეს იუმორი ადამიანების ბუნების ცოდნიდან და თქვენი მათ მიმართ სიყვარულიდან იღებს სათავეს. თავადაც ძალიან აფასებთ კარგ ხუმრობას. შეგიძლიათ მაშინაც კი გაიღიმოთ, როცა თვალებზე ჯერ კიდევ ცრემლები გიბრწყინავთ. ადვილია თქვენი ატირება და ადვილია თქვენი გაცინებაც.
ხანდახან ადამიანებს ეჩვენებათ რომ სადღაც ღრუბლებში დაფრინავთ, ბევრს ძალიან უყურადღებო ჰგონიხართ, თუმცა იმაზე მეტს ხედავთ, ვიდრე თვალით დანახვაა შესაძლებელი. თქვენ უბრალოდ გრძნობთ იმას, რაც არ ჩანს. ,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა“ – ესეც თევზი მეცნიერის დასკვნებიდან. სხვანაირად ვერ წარმოგიდგენიათ. ყველასი გესმით და ცოტა თუ ახერხებს თქვენი რთული სულის გაგებას.
იმისთვის რომ თავი მშვიდად იგრძნოთ ბევრი დრო და სივრცე გჭირდებათ. გჭირდებათ მარტოობა და ოცნება, რასაც პრაქტიკული და პრაგმატული ადამიანები ვერაფრით იგებენ.
ხშირად ხდებით შანტაჟისტების და მანიპულატორების მსხვერპლი. საჭიროა ისწავლოთ საკუთარი თავის სხვებისგან გამოყოფა და იმ ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევა, ვინც იმსახურებს და ვინც არ იმსახურებს თქვენს თანაგრძნობას და დახმარებას, თორემ ფეხის შესაწმენდ ტილოდ იქცევით.
საჭიროა იპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ თვალი გაუსწოროთ სასტიკ რეალობას, თორემ ხელოვნური სამოთხის შექმნისკენ, ლოთობისკენ, ნარკომანობისკენ მიდრეკილება შეიძლება გაგიჩნდეთ. დრო დაუთმეთ საკუთარ თავსაც, მარტოობასაც და ნურასოდეს დაკარგავთ რწმენას. თქვენი რწმენა ხომ ასე სჭირდება სამყაროს. თქვენი მთავარი ამოცანა – ტყუილის და მართლის, პატიოსანის და თაღლითის ერთმანეთისგან გარჩევის შესწავლაა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია